საზოგადოებრივი კორიბანტები - კოლხი ქურუმები 2019, 15 აგვისტო, 15:14 უძველესი ხანიდან ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპულ ნაწილში, ასევე კრეტაზე, მცირე აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, შავიზღვისპირეთში და სხვაგან გავრცელებული იყო ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მფარველი ქალღმერთის, "ღმერთების დედის", "დიდი დედის" თაყვანისცემის კულტი. მას მჭიდროდ უკავშირდებოდა მცენარეთა, ფრინველთა და ცხოველთა სამყარო. მისი გამოსახულებები უამრავია ნაპოვნი ევროპის, მცირე აზიის და კავკასიის ტერიტორიაზე. დიდი დედის უძველესი პან-ევროპული კულტის ფიგურებს ეწოდება ასევე "ვენერას ფიგურები". შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ქალღმერთის - "დიდი დედის" შესახებ შემდეგ სტატიებს და შემდგომში განაგრძოთ კითხვა მისი მსახური და მცველი ქურუმების და ნახევარღმერთების - კორიბანტების შესახებ: 1) კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე - პირველი ნაწილი 2) კოლხური ქალღმერთი ფასიანე - დიდი დედის პანევროპული კულტი სტრაბონი (გეოგრაფია X.3.19; Jones 1961, V, 110-111) ძველ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მეტალურგიისა და მჭედლობის მფარველი ღვთაებები - კორიბანტები (ზოგგან გამოითქმის ასევე როგორც კვირბანტები ან კირბანტები), ჰელიოსის - მზის ვაჟიშვილები და კოლხეთის მეფის - აიეტის ნახევარძმები იყვნენ მამის მხრიდან." სტრაბონი ასევე წერს (გეოგრაფია X.3.19; Jones 1961, V, გვ.108, 110 და 112): "ტიტანებმა რეას (კვიბელეს) გადასცეს შეიარაღებული მცველები - კორიბანტები. მათზე ზოგი ამბობს რომ ისინი (კრეტაზე, ევბეაზე, სამოთრაკეზე, ეგეოსის ზღვის სხვა კუნძულებსა და ფრიგიაში) კოლხეთიდან არიან წამოსულნი". (ქართულად ციტატა მოცემულია შემდეგ წიგნში: ყაუხჩიშვილი, 1957, გვ.105, ასევე ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ურუშაძის წიგნში, რომელიც გამოიცა 1964 წელს, გვ.162 და 424-ზე). დიოდოროს სიცილიელის ცნობის მიხედვით, წინარებერძნული (ანუ ბერძნებამდელი) სიტყვა კორიბანტი მიღებულია დიდი დედაღვთაება კვიბელეს შვილის სახელიდან "კორიბას"-იდან (შდრ. ურუშაძე 1964, გვ.160). ბერძნული წერილობითი წყაროების მიხედვით, კორიბანტები იგივეა, რაც კვირბანტები/კირბანტები (Beekes, 2010, I, 755). 2008 წლის ნაშრომში გია კვაშილავამ (კვაშილავა 2008, გვ.227) ამ სიტყვის ფუძე კორიბ/კვირბ/კირბ დააკავშირა ბიბლიაში მოხსენებულ სიტყვას "კრბ" (KRB), კერუბ ან "ქერუბ"-ს (ბიბლია, გამოსვ. 25.19; 37.8; I მეფეთა 6.24-27). ბიბლიაშივე გვხვდება ამ სიტყვის მრავლობითი ფორმა, რომელიც გამოითქმის როგორც "ქერუბიმ" (დაბ. 3.24; ეზეკ. 1.4-28; 10.1-22; გამოცხ. 4.7). ზემოთხსენებული დიდი დედაქალღმერთი - რეა-კიბელე წარმართულ პერიოდში არსებული წინასახე გახლდათ ღვთისმშობლისა. ახლა კი დაფიქსირდა, რომ მისი დამცველი, მხლებელი ნახევარღვთაებები წარმართული ტექსტების მიხედვით - კორიბანტები არიან პარალელური წარმოდგენა იმ ანგელოზებისა, რომლებიც ქრისტიანულ (და საერთოდ აბრაამიანულ) ტრადიციაში გადმოვიდა ქერუბიმების სახელით. ბერძნული წყაროების მიხედვით კორიბანტები არიან რეა-კვიბელეს და ჰეფესტოს ხელქვეითი ღვთაებები, ქურუმები (ურუშაძე, 1964, გვ. 162, 160; შდრ. კრეჩმერი 1896, გვ.195) სტრაბონის (სტრაბონი 10.3.7, 12, 15, 19, 20, 21, 22) და აგრეთვე წმინდა კლიმენტ ალექსანდრიელის (The exhortation of Greeks II, 16) ცნობების მიხედვით კორიბანტები იგივეა, რაც დაქტილები, კურეტები ან კაბირები. თავად სიტყვა დაქტილი და კაბირი არ არის ბერძნული სიტყვა და არც ინდო-ევროპულ რომელიმე ენას მიეკუთვნება, არამედ ისინი პელაზგურია - ბერძნებამდელი იბერო-კოლხური წარმომავლობის ხალხის, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ. წმინდა კლიმენტ ალექსანდრიელი (The stromata by Clement of Alexandria I.XV.&73.18) წერს, რომ ქურუმ-ღვთაებებმა - დაქტილებმა შექმნეს დამწერლობა, და აღმოაჩინეს მუსიკის რიტმი (ურუშაძე, 1964, 164). ზოგიერთი მითის მიხედვით, დაქტილებმა (კურეტებმა) საფუძველი ჩაუყარეს არითმეტიკასაც (New Larousse Encyclopedia of Mythology 2001, გვ.140). უძველესი წყაროების მიხედვით (The Idaean Dactyls by Hesiod, Frag. 282; Sophocles, Frag.366; Strabo 10.3.22) წმ. კლიმენტ ალექსანდრიელი ასევე აღნიშნავს, რომ დაქტილებს მიეწერებათ ბრინჯაოს გამოდნობა, რკინის აღმოჩენისა და დამუშავების ხელოვნება. თეოფრასტოს ერესოსელის, აპოლოდოროს ათენელის, წმინდა ფოტიოსისა და სვიდას ლექსიკონის ცნობათა მიხედვით კორიბანტებს კვირბების/კირბების რელიგიური კულტისა და რიტუალის შესახებ (საკრალური, წმინდა, სასულიერო) წარწერების შექმნა მიეწერებოდათ. ბერძნულ წყაროებში დაფიქსირებულია, რომ კორიბანტებს გააჩნდათ დამწერლობა და ამ დამწერლობაზე შექმნილი უამრავი წარწერა სხვადასხვა თემაზე, ამ დამწერლობის ნიმუშების სახელი იყო კვირბები/კირბები. პლუტარქე (Plutarch, Solon XXV.2; Perrin 1967, I, 472, 473) წერს: "კვირბები ეწოდებოდა იმ ფირფიტებს, რომლებიც ღვთისმსახურებასა და მსხვერპლშეწირვებთან დაკავშირებულ წესებს შეიცავენ" (ურუშაძე, 1964, გვ.156). (წყარო: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი, მათემატიკოსი გია კვაშილავა) კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე670 1-ს მოსწონს
|