იქვე დგას ვიღაც, ასე ორმოცდაათი წლის კაცი ოქროს ჯაჭვით კისერზე. ჩაერია ჩვენს საუბარში. მაშ, ორი საათი ბევრი გგონიათო? - მეკითხება. ორი საათი ვარჯიში ბევრია და ლაპარაკი თუ დარბაზში სეირნობა - არამეთქი.
აი, მეო, შტანგაზე რო ვვარჯიშობდი, ხუთ საათს გრძელდებოდაო, მერე ჩავდიოდი და კიდევ ერთი საათი ვცურავდიო... ვუყურებ, კაცო, და არც ჟაბოტინსკის გავს, არც ალექსეევს და არც ლაშა ტალახაძეს კიდევ მერეო, აგრძელებს, მოთხილამურე რომ ვიყავიო... დამიტრიალდა თავში აბსოლუტურად შეუთავსებელი სპორტის სახეობები: შტანგა, ცურვა, ახლა კიდევ - თხილამურებიო... და უცებ - მივხვდი! სულო ცოდვილო, აქცენტი! ოდნავ შესამჩნევი აქცენტი აღმოჩნდა სიტუაციის გასაღები!
მოვუბრუნდი - შენა, მეგრელი ხომ არა ხარ-მეთქი? კიო! ოოო, ყველაფერი გასაგებია-მეთქი. არა, მე და ალექსიც მეგრელები ვართ, მაგრამ ასეთ მომზადებას ვერ ვქაჩავთ-თქო"...