საზოგადოება ნათია ფანჯიკიძე ლევან ბერძენიშვილზე - "ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა ლევან ბერძენიშვილის პოლიტიკაში ყოფნა" 2019, 18 ივლისი, 17:49 როგორც ფანჯიკიძე წერს, მას ყოველთვის არასწორად მიაჩნდა ლევან ბერძენიშვილის პოლიტიკაში ყოფნა, რადგან ის თვლის რომ პოლიტიკისაგან თავისუფალ პედაგოგს სუფთა გონებით ბევრი უსმენს. "ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა ლევან ბერძენიშვილის პოლიტიკაში ყოფნა. განა იმიტომ რომ განათლებული ხალხი არ მინდა პოლიტიკაში, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკისგან თავისუფალ პედაგოგს მეტი უსმენს სუფთა გონებით, წინასწარგანწყობების გარეშე. ახლა კი იგი ზოგს მტრად მიაჩნია, ზოგს მოკეთედ და ვისაც ყველაზე მეტად გამოადგებოდა მისი ლექციები, შეიძლება სწორედ მას ჰქონდეს დახუჭული ყურები. ლევან ბერძენიშვილი, უპირველესად არის პედაგოგი, რაც ვფიქრობ, ყველა დროს უმაღლესი წოდებაა. ის ასწავლიდა ეკას, ჩემს შვილს და მისი უზომოდ მადლიერი ვარ, ისეთი სერიოზული წიგნების კითხვა მოანდომა და დააწყებინა. ეკა ამბობს ხოლმე, შთაგონების გამჩენი მასწავლებელიაო. ახლა ეკა ნიუ იორკში სწავლობს კლინიკურ ფსიქოლოგიას და რომ ვეკითხები, როგორი მასწავლებლები გყავსმეთქი, ბერძენიშვილისნაირი ცოტაო, მპასუხობს. გვაქვს სახლში წიგნები, გადმოიღებდნენ თვითონაც, მაგრამ ვერცერთი დედა ვერ შეძლებს "მირეკოს" შვილები წიგნებთან ისეთი ხალისით, ისეთი სწორი სტრატეგიით, როგორც ეს კარგ პედაგოგს შეუძლია. გოგებაშვილი, უდიდესი განმანათლებელი, მართლაც გასხივოსნებული ადამიანი, ყველა ბავშვმა და ქართველმა უნდა იცოდეს, ბევრად უკეთაც უნდა იცოდნენ, ვიდრე დღეს იციან, გამოყენებული უნდა იყოს მისი ბიოგრაფიაც სასწავლო პროცესში და დედაენიდანაც ზოგიერთი რამ შენარჩუნებული და მიუხედავად იმისა, რომ ვიზიარებ ადამიანების სასოწარკვეთას, - ახლის შემქმნელი მეცნიერი დღეს გვყავს კი? აბა რა ვქნათ? ძველი მოძველდა, ახალზე რა ჯგუფი იმუშავებს? მაგრამ ამავე დროს, ერთი რამ უდაოა, დრო იცვლება და ის ყოველთვის იცვლებოდა, "შუშანიკის წამების" ენით, თუნდაც რუსთაველის ენით, გოგებაშვილი აღარ ლაპარაკობდა.... როგორც ეპოქის ტემპის, ცხოვრების ახალი პირობების და სააზროვნო ამოცანების ცვლილებას ყველაზე მეტად ასახავს ტექნოლოგიები, ტანსაცმელი, არქიტექტურა, ხელოვნება, ყველაზე მეტად მენტალურ, კოგნიტურ ცვლილებებს ავლენს და ცხადჰყოფს ენა. მშობლიური ენა, რომლის ბგერებსაც ჩვილი ისმენს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ცნობიერება სიტყვებად გაუფორმდება, სხეულებრივ, მოტორიკის დონეზეც კი განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ პოზიციებს და აქედანვე, არაცნობიერ დონეზე აირეკლავს ცვლილებებსაც. ენას ვცვლით ჩვენ, თუ ენა გვცვლის ჩვენ, დროის დინებაში დაკვირვება ცალკე მეცნიერებაა. შეჩერებული დრო კი არ არსებობს, სამწუხაროდ არც მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერ წუთებს ვცხოვრობთ. ცნობისთვის, სექტემბრიდან საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშივლის "დედა ენა" დაბრუნდება. 617 2-ს მოსწონს
|