საზოგადოება 12-14 ივლისი - „ქარვასლაში“ წიგნისა და ღვინის დღეები გაიმართება 2019, 10 ივლისი, 13:44 12-დან 14 ივლისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე სავაჭრო- და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც „აუთლეტ“ წიგნებთან ერთად, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სხვადასხვა სერიებიც დიდი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის განმავლობაში მოსულ სტუმრებს შეეძლებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ ღვინო და ყველი, რომელსაც „მეწარმეთა კავშირი“ წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში, 13 ივლისს კი, 16:00 საათზე ყველასთვის საყვარელი მწერლის, გიორგი კეკელიძის წიგნის - „სიკვდილი პიცერიაში“ წარდგენა გაიმართება. კეკელიძე გამორჩეული წერის მანერითაა ცნობილი, რომელიც მკითხველმა დიდი ხანია შეიყვარა. კეკელიძის იუმორი, წერის მარტივი სტილი ყველასთვის მისაღებია. ამ წიგნის მკითხველს კი, ავტორის მიერ გაჩაღებულ ცეცხლში გავლა მოუწევს. ხან შემზარავი დანაშაულის მოწმე გახდება, ხანაც გამომძიებელი; შეეცდება, კვალი არ დაკარგოს და მსხვერპლივით, გულუბრყვილოდ არ გაებას ინტრიგის ქსელში. პრეზენტაციაზე წიგნი 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ფესტივალის დღეების განმავლობაში წარმოდგენილ წიგნებზე კი მკითხველს მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლება ელის. 7 4-ს მოსწონს
|