საზოგადოებრივი ქალდები (ჰალიძონები) - კოლხური ტომი 2019, 6 ივლისი, 16:06 კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოვიდნენ პალესტინის და სირია-ლევანტის ტერიტორიებიდან 45 ათასი წლის წინ და დაასახლეს მთელი სამხრეთ კავკასია და 25 ათასი წლის წინ მოედნენ მთელ მცირე აზიას და ამგვარად "კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან" ჩამოყალიბდნენ ე.წ. "მცირე აზიელი მონადირე-შემგროვებლები". ეს ორივე ჯგუფი ერთმანეთში ხშირად ირეოდა და კვლავ განაგრძობდა კონტაქტებს, რეალურად ისინი ერთი მოდგმის პოპულაცია იყო და განსხვავებული სახელები მხოლოდ იმიტომ ჰქვიათ, რომ დღეს კავკასია და მცირე აზია სხვადასხვა რეგიონებადაა მიჩნეული. სწორედ ამ მცირე აზიელი მონადირე-შემგროვებლებისგან ჩამოყალიბდნენ შემდგომში უამრავი მცირე აზიური ტომი. მათ შორის იყო ერთ-ერთი უძველესი ადგილობრივი ხალხი - ქალდები, იგივე ხალდები, ჰალიძონები, ხალიძონები, ალიძონები. ჰალიძონების ტომი დასტურდება ჰომეროსთან. მათი ქვეყანა - ალიბე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზეა საგულვებელი. სტრაბონის თქმითვე, ჰომეროსის ჰალიძონები, იგივე ქალდები არიან. (რომლებიც ცხოვრობენ ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ). ხოლო ჰალიძონები/ქალდები/ხალდები და ხალიბები - ეს ყველა სახელი ერთი ხალხის აღმნიშვნელად მიაჩნია სტრაბონს. (XII, 3, 19-24). ეს აზრი გაზიარებულია თანამედროვე მეცნიერებაშიც (იხ. თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.34-35). ანტიკურ წყაროებში ხალიბები კოლხურ ტომადაა დასახელებული (საკითხის განხილვისთვის იხილეთ რ. გორდეზიანი, 1966, გვ.267). აღსანიშნავია ისიც, რომ ხალიბები/ჰალიძონები, გაიგივებული ჰყავს სტეფანე ბიზანტიელსაც (გეორგიკა, 1936, გვ.288). ეს ტომი რკინის, ლითონის დამუშავების პიონერებად არიან მიჩნეულნი. ურარტულ წყაროებში მოხსენიებული დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება ხალიტუ ხალიბების სახელმწიფო გახლდათ (ი. დიაკონოვი, 1952, გვ.111; თ. მიქელაძე, 1967, გვ. 109). მოგვიანებით კი ხალიბებს მოიხსენიებენ ჭანებად. აქვე აღსანიშნავია, რომ ანნა კომნენე ხალდებსაც მოიხსენიებს ლაზურ-ჭანურ ტომად. მივყვეთ ისტორიულ ცნობებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: ჰომეროსი (ძვ.წ. VIII ს.) წერს: "ჰალიძონები ეპოსტროფოსს ოდიოსს მოჰყვნენ ვერცხლის შორეული საბადოდან - ალიბეს მხრიდან (ჰომეროსი, 1975, გვ.95). ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. VI ს.) და ფსევდო-სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.) ტიბარენების მეზობლად ასახელებენ ხალიბებს. ჰეროდოტეს (ძვ.წ. 484-425) მიხედვით ხალიბები ცხოვრობენ მცირე აზიის ჩრილოეთ სანაპიროზე და მეზობელი ტომები არიან: მისიები, მარიანდინები და პაფლაგონელები. (ჰეროდოტე, 1975, გვ.45, 660) ქსენოფონტე (ძვ.წ. VI ს.) სტრაბნისგან განსხვვებით ხალიბებსა და ხალდებს სხვადასხვა ტომად მიიჩნევს, კერძოდ: ბერძენმა მოქირავეებმა ჯერ მძიმე ბრძოლებით გაიარეს კარდუხების ქვეყანა, შემდეგ მათ ვანის ტბის მეზობლად მცხოვრები ხალდები შეხვდნენ. შემდეგ ასევე მძიმე ბრძოლებით გაიარეს ტაოხებისა და ხალიბების ქვეყნები და შემდეგ კერასუნტსა და ორდუს შორის ისევ შეხვდნენ მოსინიკებს დამორჩილებულ და ბერძნებისადმი კეთილგანწყობილ ხალიბებს. (წყაროებისა და მსჯელობისათვის იხ. თ. მიქელაძე, 1967). სტრაბონი (ძვ.წ. 64 - ახ.წ. 24) კი წერს: "ხალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ." (XI, 14, 12; XII, 3, 12). ქსენოფონტე (ძვ.წ. VI ს.) როგორც თვითმხილველი, მეტად სარწმუნო ცნობებს უნდა გვაწვდიდეს, ამდენად, ტერმინების, ხალიბებისა და ხალდების სინონიმებად მიჩნევა გაჭირდება. (შდრ. ივ. ჯავახიშვილი, 1960, გვ.419; თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.147), მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე პროფიროგენეტი (912-959) ხალდიის თემის დედაქალაქად ტრაპეზუნტს ასახელებს (გეორგიკა, 1952, გვ.300). უფრო ლოგიკური ჩანს ვივარაუდოთ, რომ ხალიბები და ხალდები უკვე ქსენოფონტეს (ძვ.წ. VI საუკუნე) დროს ორი სხვადასხვა, მაგრამ მონათესავე ქართველური ტომია. არ არის გამორიცხული, რომ მათი სახელები ერთი სიტყვის ვარიანტები იყოს. ამოსავალი ფუძე ხალ/ჰალ საგულვებელია ტოპონიმ ხანძთაში (ხალდ-თა) და მდინარე ჰალისის სახელში. ხალ-დ, ჰალ-ის და ხალ-იბ ფორმებში ქართველური ენობრივი სამყაროს გარეთ საკვლევი დარჩება მხოლოდ "იბ" სუფიქსი, თუკი გამოირიცხება, რომ "იბ" არ მომდინარეობს ქართველური კრებითობა-მრავლობითობის აღმნიშვნელი სუფიქსისგან (ხალები>ხალიბი). ხალდები/ქალდები ცხოვრობდნენ ვანის ტბის მიდამოებშიც ურარტუს დაცემის შემდეგ, ამ ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს მოსულმა არმენებმა. როგორც ჩანს, ამ პერიოდიდან ხალიბთა ცენტრი გადმოდის შავიზღვისპირეთში. ხალიბებს იაფეტის შთამომავლებად მიიჩნევს ბერძნული ტრადიცია (იხ. მაგ. "გეორგიკა", 1961, გვ.13). ხალიბებს მეომარ და რკინის დამმუშავებელ, მეტალურგ ხალხად აღწერდა აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295-215), სტრაბონი, დიონისოს პერიეგეტი (II ს.), ამიანე მარცელინე (IV ს.) და მრავალი სხვა. (წყარო: ტ. ფუტკარაძე. "ქართველები", 2005) კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე310 1-ს მოსწონს |
აქ "ქართულიაო" რომ ბრძანებს ავტორი გულისხმობს ქართველურს, თორემ, თუ დავკონკრეტდებით, უნდა ეთქვა ჭანური ან მეგრულიაო (რაც ერთიდაიგივეა), რადგან თუთფერი არაა ქართული სიტყვა. იგი მეგრულია: თუთ–ფერი, თუთ–აშ–ფერი ერთიდაიგივეა. ქართული რომ იყოს – გვექნებოდა: მთვარ–ფერი ანუ მთვარ–ის–ფერი...
ედემ იზორია