x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
დეპრესია

image
დეპრესია - დათრგუნული გუნება-განწყობა, იდეატორული და მოტორული აქტივობის რეტარდაცია (ე. წ. დეპრესიული ტრიადა) შერწყმული სომატო-ვეგეტატიურ აშლილობებთან. დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. დაავადების საწყისი ასაკი დაახლოებით 25–30 წელია. დეპრესია 2-3-ჯერ ხშირია ქალებში მამაკაცებთან შედარებით.

სიმძიმის მიხედვით, გამოიყოფა სამი ხარისხის დეპრესია:

მსუბუქი დეპრესია: დეპრესიის დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელი 5 ან მეტი სიმპტომია, რომელიც იწვევს მხოლოდ მსუბუქ ფუნქციურ გაუარესებას;

ზომიერი დეპრესია: არსებული სიმპტომები აკმაყოფილებს დეპრესიის კრიტერიუმებს, ხოლო ფუნქციური გაუარესება „მსუბუქსა“ და „მძიმეს“ შორისაა;

მძიმე დეპრესია: სახეზეა სიმპტომთა უმრავლესობა, რომლებიც იწვევენ ფუნქიონირების მნიშვნელოვან გაუარესებას. შეიძლება იყოს ფისქოზური სიმპტომებითა და ფსიქოზური სიმპტომების გარეშე.

საკმაოდ ხშირია დეპრესიის უფრო მსუბუქი ფორმებიც, თუმცა თანამედროვე კლასიფიკაციებში შესაბამისი კოდი არ არის, ასეთია „ქვეზღურბლოვანი დეპრესიული სიმპტომები", რომლებიც, სულ ცოტა, 2 წელი გრძელდება, შეესაბამება დისთიმიის დიაგნოზს.

დეპრესიის ძირითადი მახასიათებლებია:

ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან ხუთი (ან მეტი) სიმპტომი უნდა აღინიშნებოდეს ერთდროულად ორი კვირის განმავლობაში და ადრინდელი ფუნქციონირების ცვლილებას უნდა ასახავდეს. სულ მცირე, ერთი სიმპტომია (ა) დეპრესიული გუნება-განწყობილება და (ბ) ინტერესის ან სიამოვნების განცდის დაკარგვა.

  • მუდმივად დაქვეითებული გუნებ-განწყობა დღის უმეტეს ნაწილში თითქმის ყოველ დღე, როგორც ამას თავად სუბიექტურად აღნიშნავს ან სხვები ამჩნევენ.შენიშვნა: ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება გაღიზიანება იყოს.
  • ინტერესებისა ან სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა(ანჰედონია) არანაკლებ ორი კვირისა, ძირითადი დროის განმავლობაში თითქმის ყველა აქტივობის მიმართ.
  • ენერგიის დაქვეითება და აქტივობის შემცირება

დამატებით 4 სიმპტომი ქვევით ჩამოთვლილი სიმპტომებიდან:

  • ძილის დარღვევები (ჩვეულებრივთან შედარებით, მომატებული ძილიანობა ან უძილობა); ინსომნია ან ჰიპერსომნია თითქმის ყოველ დღე.
  • მადის და/ან სხეულის მასის მომატება ან შემცირება;
  • ენერგიის დაქვეითება ან ადვილად დაღლა, ყურადღების კონცენრტაციის გაძნელება;
  • კონცენტრაციის უნარის გაუარესება ან მერყეობა (თვითრწმენის დაქვეითება);
  • თვითშეფასების დაქვეითება ან შეუსაბამო, ან გაზვიადებული თვითბრალდების განცდა;
  • განმეორებითი აზრები სიკვდილის შესახებ (არა მხოლოდ განცდა, რომ კვდება), განმეორებითი სუიციდური იდეაციები კონკრეტული გეგმის გარეშე, სუიციდის მცდელობა ან სუიციდის განხორციელების კონკრეტული გეგმა.
  • დანაშაულისა და საკუთარი უუნარობის შეგრძნება. მომავლისადმი უიმედო დამოკიდებულება.
  • თავის, ზურგის, გულის არეში ტკივილები (ორგანული დაზიანების გარეშე);
  • საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ზედმეტი ყურადღება;

დეპრესიული აშლილობის გამწვავებისას, ყველა დამახასიათებელი სიმპტომი უფრო ინტენსიურად ვლინდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტი შეძლებს სოციალური ან სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას. ჰიგიენის ელემენტარული წესებისა და კვების უგულებელყოფა ეჭვქვეშ აყენებს პაციენტის კეთილდღეობას. ზოგჯერ ვითარდება ბოდვითი აზრებიც და ჰალუცინაციებიც. ასეთი მდგომარეობა ფსიქოზური დეპრესიის სახელითაა ცნობილი. მწვავე დეპრესიული ეპიზოდის დროს განვითარებული ბოდვითი იდეები იმავე ხასიათისაა, რაც საშუალო სიმძიმის დეპრესიული აზრები. ამიტომ მათ გუნებ–განწყობის კონგრუენტული ბოდვითი აზრები ეწოდება. ესენია: თვითდამცირება, თვითბრალდება, აზრები ავადმყოფობისა და, უფრო იშვიათად, ქონების დაკარგვის შესახებ. თვითბრალდების ბოდვის დროს პაციენტს შესაძლოა სჯეროდეს, რომ უმნიშვნელო თაღლითობის გამო, მაგალითად, პირადი შემოსავლების დეკლარირებისას ინფორმაციის მცირე უზუსტობისთვის, მას სასტიკად დასჯიან და დაამცირებენ. მიაჩნია, რომ მსგავსი სასჯელი ნამდვილად დაიმსახურა. ჰიპოქონდრიული ბოდვების მქონე პაციენტი დარწმუნებულია, რომ სიმსივნე ან ვენერიული დაავადება აქვს. გაღატაკების ბოდვისას პაციენტს მიაჩნია, რომ მთელი ფული დაკარგა რაიმე ბიზნესწამოწყებაში (რაც არ არის ადეკვატური). შესაძლოა თავი იჩინოს დევნის ბოდვამაც-პაციენტს მიაჩნია, რომ გარშემომყოფები მასზე დამამცირებლად საუბრობენ ან მასზე შურისძიება სურთ. როდესაც დევნის ბოდვა დეპრესიული სინდრომის ფარგლებშია, პაციენტი ძირითადად საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ და თვლის, რომ ის იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ზოგიერთი პაციენტის ბოდვა და ჰალუცინაციები აშკარა კავშირში არ არის დეპრესიულ გუნებ–განწყობასთან.

განსაკუთრებით მძიმე დეპრესიული ბოდვები დამახასიათებელია კოტარდის სინდრომი (Cotard’s syndrome) არის იშვიათი სიმპტომი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ გარდაიცვალა ან მისი სხეულის რომელიმე ნაწილი გაიხრწნა, დამახასიათებელია უკიდურესად ნიჰილისტური ბოდვები. მაგალითად, ზოგიერთი პაციენტი შეიძლება ჩიოდეს, რომ განადგურებული აქვს ნაწლავები ისე, რომ ვერასდროს ვეღარ შესძლებს ექსკრემენტის გამოყოფას. ზოგიერთმა შესაძლოა ამტკიცოს, რომ ღატაკია და ვეღარასდროს შესძლებს მომავალში ფულის შოვნას. ზოგს კი ღრმად სჯერა, რომ ოჯახი ამოუწყდა და თვითონაც გარდაცვლილია.image

პათოგენეზურად არჩევენ დეპრესიის ორ ფორმას: რეაქტიული დეპრესია _ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანის სტრესული ფაქტორებით გამოწვეული ემოციური რეაქცია (როგორიც არის ახლობლების სიკვდილი, საყვარელ ადამიანთან განშორება ან ღალატი, სამსახურის დაკარგვა, მატერიალური პრობლემები და ა.შ.) და ენდოგენური დეპრესია-დეპრესია, რომელიც წარმოიშობა გარეგანი მიზეზის გარეშე.

აჟიტირებული დეპრესია

ეს ტერმინი ასახავს დეპრესიული აშლილობის ისეთ შემთხვევებს, როცა გამოხატულია აჟიტაცია. აჟიტაცია თან სდევს ბევრ მძიმე დეპრესიულ აშლილობას, მაგრამ აჟიტირებული დეპრესიის შემთხვევაში, ის განსაკუთრებით მწვავეა. აჟიტირებული დეპრესია უფრო ხშირია საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ პაციენტებში და იშვიათია - ახალგაზრდებში.

რეტარდირებული დეპრესია

ეს ტერმინი გამოიყენება ისეთი დეპრესიული აშლილობების აღსანიშნავად, რომელთა თვალსაჩინო ნიშანია ფსიქომოტორული შეკავება. არ არსებობს მონაცემები იმისა, რომ ეს დამოუკიდებელი სინდრომია, თუმცა, შეკავება პროგნოზულად კარგი სიმპტომია ელექტროკრუნჩხვითი თერაპიისთვის. ამ ტერმინს უფრო აღწერილობითი მნიშვნელობა აქვს. მისი უკიდურესი გამოვლინებაა დეპრესიული სტუპორი.

დეპრესიული სტუპორი

მძიმე დეპრესიული ეპიზოდის დროს მოძრაობის შენელება და მეტყველების გაღარიბება შეიძლება ისე გამწვავდეს, რომ პაციენტი გახდეს უმოძრაო და დამუნჯდეს. დღევანდელ დღეს, რამდენადაც აქტიური მკურნალობა ხელმისაწვდომია, მსგავსი ტიპის მწვავე დეპრესიული სტუპორი იშვიათად გვხვდება.

ატიპიური დეპრესია

ტერმინი ატიპიური დეპრესია ზოგადად საშუალო სიმძიმის დარღვევების შემთხვევაში გამოიყენება. დეპრესიის ეს ფორმა ხასიათდება ცვალებადი დეპრესიული განწყობა; საკვების გადაჭარბებულად მიღება და დიდხანს ძილი; უკიდურესი სისუსტე და სიმძიმის შეგრძენაბა კიდურებში; გამოხატული შფოთვა. ამ კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებს აქვთ ტენდენცია, გააზვიადონ მოსალოდნელი ან სავარაუდო უარი (უარის მიმართ სენსიტიურობა). ატიპიური დეპრესიის ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ინტერპერსონალური სენსიტიურობის გამო, პაციენტები რთულად სამართავები ხდებიან. მათ უფრო ‘რთული’ ხასიათის ადამიანებად მიიჩნევენ.

დისთიმია - დეპრესიის მსუბუქი ფორმაა, თუმცა ესეც ქრონიკული მდგომარეობაა. დისთიმიის დროს სიმპტომები მკაფიოდ არ არის გამოხატული, თუმცა ორი წელი მაინც გრძელდება, ხშირად უფრო მეტხანსაც. ასეთი ხანგრძლივობის გამო დისთიმია არღვევს ადამიანის ცხოვრების ნორმალურ რიტმს. წლობით მიმდინარე მსუბუქი დეპრესიის დროს ადამიანი კარგავს ინტერესს სხვადასხვა ცხოვრებისეული აქტივობის მიმართ, მისი პროდუქტიულობა და თვითშეფასება ეცემა. სხვების თვალში ასეთი ადამიანები ზედმეტად კრიტიკულები არიან, გამუდმებით წუწუნებენ და სიხარულის განცდის უნარი არ გააჩნიათ.

დეპრესიული მდგომარეობის ერთ-ერთი სახეა მასკირებული დეპრესია. ამ დროს რეალური დეპრესიული სიმპტომატიკა ამოფარებულია ბანალურ თავის ტკივილს, გულის რიტმის დარღვევების და სხვა სომატური ჩივილების “ნიღაბს”.

გამოყოფენ აგრეთვე სომატოგენურ დეპრესიას, რომლის დროსაც სომატური დაავადება ხდება დეპრესიის განვითარების მიზეზი; ამ შემთხვევაში განიხილავენ ორ განსხვავებულ ტიპს. პირველი ტიპის შემთხვევაში დეპრესია განპირობებულია იმავე პათოგენეზური მექანიზმებით, რომლებიც საფუძვლად უდევს არსებულ სომატურ დაავადებას, ხოლო მეორე ტიპი წარმოადგენს პიროვნების ფსიქოლოგიურ რეაქციას ამ სომატური დაავადების არსებობის ფაქტზე.

დეპრესიის ეტიოლოგია

ვინაიდან ადამიანი ბიო-ფსიქო-სოციალური არსებაა, დეპრესიის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს როგორც ბიოლოგიური ფაქტორები, გენეტიკა, ასევე, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.

გენეტიკა და ფიზიოლოგია: დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე ინდივიდის პირველი რიგის ნათესავები მეტი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სხვები. ნათესავებში აშლილობის არსებობა ზრდის ადრეული დასაწყისისა და რეკურენტული (განმეორებითი) ფორმების განვითარების რისკს. მემკვიდრეობითობას დაახლოებით 40% აქვს და პიროვნული ნიშანი ნევროტიზმი ხსნის ამ გენეტიკური მიდრეკილების ძირითად ნაწილს.

ტემპერამენტი. ნევროტიზმი (ნეგატიური აფექტი) დიდი დეპრესიული აშლილობის დაწყების კარგად დადასტურებული რისკ-ფაქტორია. ასევე, მისი მაღალი მაჩვენებელი განაწყობს ინდივიდს, რომ სტრესული ცხოვრებისეული მოვლენების საპასუხოდ დიდი დეპრსიული აშლილობა განუვითარდეს.

სოციალური ფაქტორი: დეპრესიის სოციალურ მიზეზი შეიძლება იყოს სექსუალური და ფიზიკური ძალადობა. ამ ტიპის კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლი უმთავრესად სუსტი სქესია. განსაკუთრებით სავალალოა ბავშვობაში მიყენებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შედეგები. მიზეზი ასევე შიძლება იყოს სოციალური პრობლემები. მაგალითად, მარტოხელდა დედა, რომლის შვილებიც სიღარიბის გამო შეიძლება მშიერი დარჩეს, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. დიდი შანსია, რომ მას გუნებ-განწყობა დაუქვეითდეს.

ფსიქოლოგიურ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ მაგალითად ის, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ საყვარელ ადამიანს თურმე არ ვყარებივართ და ვცდებოდით. მაშინ ვფიქრობთ, რომ მთელი ეს დრო ვცდებოდით, ჩვენ ილუზიებით გვიცხოვრია.

თავის მხრივ, დეპრესია ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, როგორიც არის დიაბეტი, ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შიდსი; ხელს უწყობს ტოქსიკომანიის, ნარკომანიის განვითარებას მოზარდებში, თვითმკვლელობას, უბიძგებს მათ ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაული.

მკურნალობა

დეპრესიის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი. მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია მედიკამენტური თერაპია და ფსიქოთერაპია. მკურნალობის რომელი მეთოდი უნდა ჩატარდეს კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია პაციენტის არჩევანსა და სხვა მრავალ ფაქტორზე, როგორებიცაა დეპრესიის სიმწვავეზე, დეპრესიის ხანგრძლივობაზე, (დეპრესიული ეპიზოდის გამეორების შემთხვევაში) წარსულში ჩატარებული მკურნალობის შედეგებზე, მკურნალობის გვერდით ეფექტებზე. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა სომატური, თუ ფსიქიკური თანხმლები პრობლემები.

დღეისათვის გამოყენებული ანტიდეპრესანტები ფარმაკოლოგიური მოქმედების მიხედვით შეიძლება დაიყოს 3 ძირითად ჯგუფად:

  • მონოამინების უკუმიტაცების ინჰიბიტორები – პრეპარატები, რომლებიც ახდენენ ნორადრენალინის და/ან სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიციას (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სუსი-ები (SSRI), სელექციურად სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები(სნუსი-ები, SSNRI) და სელექციურად ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ნუსი-ები, SNRI).
  • მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი-ები) – პრეპარატები, რომლებიც ახდენენ მონოამინის ოქსიდაზის შეუქცევად (ფენელზინი და ტრანილციპრომინი) ან შექცევად (მოკლობემიდი) დეაქტივაციას;
  • 5HT2 რეცეპტორების ანტაგონისტები – ამ პრეპარატებს (მიანსერინი, მირტაზეპინი, ტრაზოდონი) აქვთ რთული მოქმედება მონოამინურ მექანიზმებზე, მაგრამ ასევე აბლოკირებენ 5HT2 რეცეპტორებს.

დიდი დეპრესიის ფართო სპექტრისთვის ეს წამლები ერთნაირად ეფექტურია. მთავარი განსხვავება მათ შორის არის არასასურველი გვერდითი მოქმედებები, ტოქსიკურობა და ფასი. თუმცა, ანტიდეპრესანტის გამოწერის საჭიროების შემთვევაში, ჩვეულებრივ სუსი–ების ჯენერიკულ ფორმებს ვიყენებთ. ამ პრეპარატებს სხვა ანტიდეპრესანტების მსგავსი ეფექტურობა ახასიათებთ და ნაკლები გვერდითი ეფექტურობით გამოირჩევიან.

უკუჩვენებებს მიეკუთვნება აგრანულოციტოზი, ღვიძლის მძიმე დაზიანება, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია და სერიოზული კარდიო-ვასკულური დაავადება. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ეპილეფსიის მქონე პაციენტებსა და მოხუცებში.

ელექტროკრუნჩხვითი თერაპია (ეკთ)

ეკთ წარმოადგენს მძიმე დეპრესიული აშლილობის სწრაფი და ეფექტური მკურნალობის მეთოდს. მძიმე დეპრესიის დროს ეკთ შეიძლება იყოს არჩევითი მკურნალობა, როცა დეპრესიას თან ახლავს:

  • სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა საკვებისა და სითხეების მიღებაზე უარის თქმის გამო;
  • სუიციდის მაღალი რისკი.

ეკთ შეიძლება განხილული იყოს მძიმე დეპრესიული დაავადების მკურნალობად, როცა ახლავს:

  • სტუპორი;
  • მნიშვნელოვანი ფსიქომოტორული შეკავება;
  • დეპრესიული ბოდვა და ჰალუცინაციები.

ეკთ შეიძლება განხილული იყოს იმ მძიმე დეპრესიული დაავადების მეორე ან მესამე რიგის მკურნალობად, რომელიც არ პასუხობს ანტიდეპრესანტებს.

ფოტოთერაპია

სეზონური აფექტური აშლილობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ ფოტოთერაპია ანუ ხელოვნური კაშკაშა სინათლით მკურნალობა პირველად გამოიყენა როზენტალმა კოლეგებთან ერთად 1984 წელს. მას შემდეგ, ფოტოთერაპია იქცა ზამთრის დეპრესიის მკურნალობის ძირითად მეთოდად, განსაკუთრებით ატიპიური დეპრესიური ნიშნების – ჰიპერფაგიისა და ჰიპერსომნიის არსებობის დროს (Eagles, 2004). image

უკანასკნელი კვლევებით, კაშკაშა სინათლის ანტიდეპრესიული ეფექტი, სვარაუდოდ, განპირობებულია ცირკადულ რითმში ფაზის გადაწევით. პროცედურისთვის გამოიყენება განათების მოწყობილობა, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე პლასტიკური ეკრანის უკან ჩამონტაჟებულ 2500-10000 ლუქსი განათების მქონე ფლუორესცენციულ მილებს.

სინათლით მკურნალობის ძირითადი ჩვენებაა სეზონური აფექტური აშლილობა, რომლის დროსაც პიროვნებას აქვს ზამთრის დეპრესია. კონტროლირებადი კვლევებით აღმოჩნდა, რომ ზამთრის დეპრესიის მქონე პირებში კაშკაშა სინათლე პლაცებოზე მეტად ეფექტურია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, რომლებსაც ახლავს:

  • ძილიანობა;
  • ნახშირწყლების მოთხოვნილება;
  • შუადღისას ენერგიის მკვეთრი დაცემა.

პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ უფრო მეტად მელანქოლიური სიმპტომები, მაგალითად წონის დაქვეითება და ინსომნია, ფოტოთერაპია ნაკლებად ეფექტურია. გვერდითი ეფექტები: საერთოდ ფოტოთერაპია კარგი ტოლერანტობით გამოირჩევა, მაგრამ მკურნალობის დასაწყისში მსუბუქი გვერდითი მოქმედება შეიძლება ჰქონდეს პაციენტთა 45%-ს. ასეთ მოქმედებას მიეკუთვნება: თავის ტკივილი, თვალების დაძაბვა, ბუნდოვანი მხედველობა, თვალების გაღიზიანება და დაძაბულობის მომატება. შეიძლება იყოს ინსომნია, განსაკუთრებით გვიან საღამოს ჩატარებული მკურნალობისას. იშვიათ არასასურველ მოქმედებას მიეკუთვნება მანიაკალური ეპიზოდის განვითარება და სუიციდური მცდელობის ფაქტები.

გამოყენებული ლიტერატურა

Gelder, M., Cowen, P., & Harrison, P. ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში.

MOH.GOV.GE.2017."დეპრესიის მკურნალობა და მართვა
მოზრდილებში". კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია. ინტერნეტი: https://www.moh.gov.ge/uploads/guidelines/2017/06/02/6a8492bded76d1dfbfcaff6c9896fb68.pdf?fbclid=IwAR1ecfHEjgXvcHiUN-lLtBsyyXJS573ftjPU2yOO1sOE3cXuzh0VM-YmrS0; ბოლო ნახვა, 1 ივლისი, 2019.

0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0