საზოგადოება ღვთის რისხვა კახეთის თავზე 2012, 25 ივლისი, 12:11 ბოლო დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დატრიალებულმა არნახულმა სტიქიურმა უბედურებამ ყველა ქართველი შეაწუხა. განსაკუთრებით კახეთი დაზარალდა, რომლის მკვიდრთ მსგავსი არაფერი ახსოვთ. ზარალი დიდია, თუმცა ღვთის მადლით, დაღუპულები არ არიან.
ასეთ დროს ბუნებრივად იბადება კითხვა - რატომ? რატომ მოხდა ის, რაც მანამდე არ მომხდარა? ხალხი იწყებს მიზეზის ძიებას, ეკოლოგები კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე საუბრობენ, არის ადგილობრივი მიზეზების გაანალიზების მცდელობაც, თუმცა პასუხი ყოფილა მარტივი და ცხადი - ღვთის რისხვა!!! დეკანოზმა დავით ქვლივიძემ თავის მორიგ ქადაგებაში ფარდა ახადა ამ საიდუმლოს, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილი ბმულიდან ჩანს: დიაღ მეგობრებო, ქარბორბალას საიდუმლო ახსნილია. დეკანოზის თქმით, რაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ უფლისაგან მოდის, საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა გარეჯის მონასტრის აზერბიჯანული მხარისათვის გადაცემა და ღვთის რისხვამაც არ დააყოვნა - კახეთს გამანადგურებელმა ქარბორბალამ გადაუარა. ბუნებრივად უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ეს მონასტერი არ დაბრუნდება, სტიქიის ახალი შემოტევები გველის. ასე რომ, დაირაზმეთ მორწმუნენო უკეთურებასთან საბრძოლველად, თუ არ გსურთ უარესი განსაცდელი დაიტეხოთ თავს. ირონიას რომ მოვეშვათ, ასეთი მქადაგებლები მართლმადიდებლობის უპირველეს მტრებად მიმაჩნია. ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა თუ დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს და ღმერთი ამისათვის ხალხს მოსთხოვს პასუხს? ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი დაზარალდა ამ ქარბორბალის შედეგად? იქნებ სპეციფიურად იმათ თავზე მოაწია ღვთის რისხვამ, ვინც აზერბაიჯანისათვის დათმობების მომხრეა? მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა თბილისში მომხდარიყო ეს ყველაფერი, თუნდაც პარლამენტის მიდებარე ტერიტორიაზე? რატომ ცდილობს სამღვდელოების გარკვეული კატეგორია, უფალი ასე უსამართლოდ წარმოაჩინოს? დარწმუნებული ვარ, კახეთის არც ერთი მცხოვრები არ უჭერს მხარს საქართველოს მიწის თუნდაც ერთი გოჯის ვინმესათვის გადაცემას, მით უმეტეს გარეჯის მონასტრის. მაგრამ დეკანოზი იგი ცხადად გვეუბნება - ამისათვის დაისაჯეთ, მიუხედავად იმისა, უჭერთ ასეთ გადაწყვეტილებას მხარს თუ არა. და კიდევაც დაისჯებით მომავალში. ახსნა დევს ზედაპირზე - ასეთების აზრით, მრევლი უნდა იყოს დაშინებული, დაშინებული მუდმივად!! თუ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს განცდა, რომ ცოდვილია (რასაც მუდმივად ეუბნებიან) და ამ ცოდვებისათვის დაისჯება (რასაც ასევე ეუბნებიან ამბიონიდან), რაღა დარჩენია? დარჩენია ის, რომ მიადგეს ამ მღვდელს და ჰკითხოს, რა მეშველებაო. დანარჩენი უკვე მღვდლის მარიფათზეა დამოკიდებული. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს ეს ყველაფერი. 538 6-ს მოსწონს 1-ს არა |
იესო ამას ამბობს და რა ვქნაააა :D