x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
" არსებითად გამორჩეული სარეცხი მანქანა, “რუსთავი 2”, რომელიც ადამიანთა ტვინების სარეცხად გამოიყენეთ"-მიმართვა ნაციონალურ მოძრაობას
imageმოქალაქე ნიკით მაკატერინა კატერინა ღია წერილით ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს:

'

“ერთი რიგითი მოქალაქის მიმართვა “ნაციონალურ მოძრაობას” და მის დანაყოფებს!

მე და ჩემი ასი ათასობით თანამოაზრე ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეებში და არა მხოლოდ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და მინდა, თქვენი გეგმების რეალიზაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა გითხრათ, ყველას სახელით.




ის, რაც 20 ივნისს მოხდა, ჯანსაღი საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეტიც, ეს დანაშაულია და მოვითხოვთ, პასუხისგებაში მიეცეს საპარლამენტო რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოში შეჭრის მცდელობაში მონაწილე თითოეული მოქალაქე! რა თქმა უნდა – ორგანიზატორებთან ერთად!
მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ძალაუფლების დაკარგვას ვერ შეეგუეთ და მის დაბრუნებას ყველანაირი გზით ცდილობთ, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს წარსულში გადასროლას არ დავუშვებთ!

image


ფაქტია, წლების განმავლობაში ცდილობთ, საქართველოს განვითარების გზაზე იყოთ მუხრუჭი, რაც თქვენი პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური “მოღვაწეობით” წარმატებით განახორციელეთ. ამისთვის მტრებისგან აპლოდისმენტებსაც იმსახურებთ, მაგრამ ჩვენგან მხოლოდ სილის გაწვნა დაიმსახურეთ და ამას არც ამჯერად დაგზარდებით!


ყველა ფაქტის ჩამოთვლას არ შევუდგები. მხოლოდ რამდენიმეს და ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხები –

თქვენ, მიზანმიმართულად და კარგად ამუშავეთ თქვენ მიერ დაპატენტებული, მსოფლიო ბრენდებისგან არსებითად გამორჩეული სარეცხი მანქანა, “რუსთავი 2”, რომელიც ადამიანთა ტვინების სარეცხად გამოიყენეთ. ამ პროცესში ჩართეთ თითქმის, ყველა მედია საშუალება, ზოგი ნებით, ზოგი კი უნებლიედ, რათა ტვინების გამორეცხვა საბოლოოდ უზრუნველგეყოთ, აზროვნებისთვის სივრცე არ დაგეტოვებინათ და ფიქრსა და განსჯაზე დამოკიდებული ღირებულებათა სისტემა საბოლოოდ ჩამოგეშალათ, რაც წარმატებით გამოგივიდათ, მაგრამ არა ისე, როგორც გეგმავდით. მოგახსენებთ, რატომაც.


რა თქმა უნდა, ამას არ აღიარებთ, მაგრამ თქვენ და თქვენი მოკავშირეების ანალიტიკურმა სამსახურებმა ზუსტად იციან, თუ რა გახდა მართვის სადავეებიდან თქვენი დისტანცირების მიზეზი. ყოველ შემთხვევაში – ერთ-ერთი მიზეზი. თქვენ ყველანაირად ეცადეთ, ქართველის ბიოლოგიური სხეულიდან მთავარი ინსტრუმენტი, ღირსება ამოგეგლიჯათ, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს და ამისთვის ბევრი რამ გააკეთეთ, მაგრამ მაშინ, როცა შეეცადეთ, მის თავმოყვარეობაზე წიხლი ბოლომდე დაგეჭირათ, ჯინი ბოთლიდან ამოვიდა და ქვეყანაში შეიქმნა რეალობა, როცა შეიძლებოდა, ადამიანებს უბრალოდ, ქვების სროლა დაეწყოთ, რაც ამ ქვეყნის მოკავშირეებს არანაირად არ აწყობდათ და არც ახლა აწყობთ, ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მათი ინტერესების კიდობანს ჩვენთვის სასარგებლო მხარეც აქვს და მისით სარგებლობის შანსი ხელიდან არ გავუშვით. სწორედ ამიტომ გაიძულეს, განზე გამდგარიყავით. გვესმის, რომ თქვენი პოლიტიკურ ავანსცენაზე შენარჩუნებაც მათი გადაწყვეტილებაა და სათადარიგოდ ხართ შემონახული, როგორც ჯოკერი, რომ მათი დირექტივების ფარგლებიდან გასვლა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს, მაგრამ ამაში ჩვენთვის სასარგებლო ისაა, რომ ისევ ეს მოკავშირეები არ დაუშვებენ, საქართველოში კიდევ ერთხელ გაჩნდეს ქვის სროლის საშიშროება. ეს კი, იმთავითვე გამორიცხავს ხელისუფლებაში თქვენს დაბრუნებას. აკი, ამიტომაც ვერ გაბედეთ პარლამენტში შეჭრა, აგერ, გუშინწინ, თორემ სინდისი წაგაბორძიკებდათ თუ პასუხისმგებლობის გრძნობა?! მათ კარგად იციან, რომ ამას, თქვენგან გამწარებული მოქალაქეები არ დაუშვებენ, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი და ლინჩის წესით გაგისწორდებიან, რაც მათ ინტერესებში არანაირად არ შედის პრინციპით – ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!


პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობებში, რა თქმა უნდა, მეტი შანსი გაქვთ, ფრთები უფრო ფართოდ გაშალოთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისევ ისინი არ შეგაქმნევინებენ მდგომარეობას, სადაც ქვის სროლის საშიშროება გაჩნდება. არსებული სტატუს-კვოს შეცვლა დიდად არც იმათ ეხალისებათ, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა ქართული საზოგადოების მოქმედების და შესაბამისად, განვითარების არეალი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება, ჩნდება მდუმარე ვაკუუმი, რაც ფეთქებადსაშიშ გარემოს ქმნის და ამიტომ, კოსმეტიკური ცვლილებები აუცილებელია. საზოგადოების დასაპურებლად საჭირო კოსმეტიკური ცვლილებები კი, მათ შორის, თქვენი ფანტაზიების შეკვეცის აუცილებლობასაც მოითხოვს. ახალ რეალობაში პოლიტიკური მანევრების საშუალებას მოგცემენ, მაგრამ იმდენს არა, რაც თქვენს ამბიციებს დააკმაყოფილებს. ანუ, სრული ძალაუფლების მოპოვების სურვილს. მართალია, მათთვის ხელსაყრელი გოგო-ბიჭები ხართ, მაგრამ თქვენ მიერ გამოვლენილმა ჭარბმა აზარტმა მათ თვალში არასანდო მოკავშირის იმიჯი ჩამოგიყალიბათ და ამიტომ, ასე ხელაღებით ვეღარ დაგეყრდნობიან. რა თქმა უნდა, მათთვის ფასს არც ახალ რეალობაში დაკარგავთ და შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაშიც შეგინარჩუნდებათ განსაკუთრებული ადგილი, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ გინდათ. ვიმეორებ, მათ აქვთ მოცემულობა, როცა კოსმეტიკური ცვლილებების აუცილებლობა სახეზეა და მართალია, თქვენი დანაყოფების ახალი შეფუთვით ბრენდირებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაგრამ მოგეხსენებათ, კვინძიანი ხისგან კარგი ხარისხის საქონელი არ მზადდება და ამიტომ, ყოველ ჯერზე ეჯახებიან რეალობას, როცა ქვის სროლის საშიშროება დგება. ეს გარემოება კი, მათ რისკების შემცირებაზე ზრუნვას აიძულებს. აი, სწორედ აქ რჩება სივრცე, სადაც თქვენი მეტ-ნაკლებად განეიტრალებაა შესაძლებელი და ჭკვიანი კაცი ამას მოახერხებს.



მოკლედ, ეს სქემა უკვე კარგად აქვთ დამუშავებული. ნიადაგი მომზადებულია და ცოტა ხანში, ამ ყველაფრის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყება. თუ ოპონენტი სწორი სვლებით ითამაშებს, თქვენი ამბიციებიც ნელ-ნელა დაიწყებს დაცხრომას და ძალიანაც რომ მოინდომოთ, ზედმეტად, ხმას არავინ ამოგაღებინებთ!



ბარემ, აქვე ვიტყვი, რომ ამ მოკავშირეთა ინტერესები არც არავის უკვირს, რადგან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფოებს შორის მეგობრობა არ არსებობს და არსებობს მხოლოდ საკუთარი ინტერესები. აქვე, ჩვენი დამოკიდებლობის ხარისხსაც ვითვალისწინებთ. რუსეთსა და დასავლეთს შორის ინტერესების გაცვლა-გამოცვლის პოლიტიკა არახალია და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო ორივე მონსტრისთვის საკმაოდ მსუყე ობიექტია, როგორც ვაჭრობის საგანი. ამ ვაჭრობაში კი, ვინც თქვენს როლს სათანადოდ ვერ აფასებს, ის უბრალოდ, ბრიყვია, ხოლო ეს მონსტრები რა-რა და, ბრიყვები ნამდვილად არ არიან. სწორედ ამ მიზნით შეგქმნეს, შეგაკოწიწეს და მოგათრევენ დღემდე, ერთობლივი ძალებით, რომ როცა დღის წესრიგში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების გაცვლა-გამოცვლის საკითხი დადგება, ჯიბიდან ამოგიღონ და გამოგიყენონ, რადგან თქვენი ამ ფორმით ჩამოყალიბებისთვის, უზარმაზარი ფინანსური, თუ სხვა სახის რესურსი დახარჯეს და ჯერჯერობით, სხვა ძალებს ისე ვერ ენდობიან, როგორც თქვენ, კოლაბორაციონისტ ხელის ბიჭებს.



ეს რეალობა ყველას კარგად გვესმის. ყოველ შემთხვევაში, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად. ამიტომ, მათი არც გვიკვირს, რადგან ეს ის ნორმაა, რომელზე წინაც კაცობრიობა ჯერ არ წასულა და შესაბამისად, ეს ტაქტიკა საერთაშორისო პოლიტიკაში მოსულა.



ახლა, ერთი წამით გავეშვათ თქვენი პოლიტიკურ რუკაზე შენარჩუნების მიზეზებს თუ პერსპექტივებს და ისევ იმას დავუბრუნდეთ, რითაც დავიწყეთ.


ღირსება ტყუილად არ მიხსენებია, რადგან ეს იყო რუბიკონი, რომელიც ვერ გადალახეთ, საკუთარივე ხელმოკლე ღირებულებათა სისტემის პირობებში და თქვენი ხელისუფლებიდან ჩამოშორება სწორედ ამან განაპირობა. იმიტომ კი არა, რომ ეს საერთაშორისო, ან ადგილობრივი პოლიტიკის თამაშის წესია, არამედ იმიტომ, რომ აქ საქართველოა! კიდევ იყო ერთი გარემოება, რაც მოკავშირეების ანალიტიკურმა სამსახურებმაც კი ვერ გაშიფრეს, როგორც საფრთხე და 2012-ში სიტუაციის კონტროლი ისე გაექცათ ხელიდან, რომ შედეგად, კინაღამ მორიგი რევოლუცია, ანუ ქვის სროლის საშიშროება მიიღეს, რაც მათ ინტერესებში არანაირად არ შედიოდა. მოკლედ, იმ გარემოებაზე მოგახსენებთ, რომელიც ვერც მათ გაითვალისწინეს და ვერც თქვენ. ამის გამო, მათ თქვენზე კონტროლი მოადუნეს. ამასობაში კი, დრო იხელთეთ, ყირაზე გადადით და ისე შეხვედით ძალაუფლებით ტკბობის აზარტში, თან ქართულად, რომ ვერც კი მიხვდით, ნაღმს რომ უახლოვდებოდით. სწორედ ამ ნაღმზე მოხდა თქვენი აფეთქება და დღემდე ვერ ხვდებით, ეს რა გარემოება იყო. სამაგიეროდ, ჩვენ ვიცით, ეს რა არის. ვინც არ იცის, მის არსებობას ქვეცნობიერად გრძნობს და ჯოკერივით მაშინ აგიფრიალებთ, როცა თავი ფინიშში გეგონებათ გასული!



თქვენმა დაპატენტებულმა სარეცხის მანქანამ ბევრის გაფუჭება მოასწრო, მაგრამ ველი ბოლომდე ვერ მოასუფთავა, რადგან სხვაგან ათასგზის ნაცადი იარაღი აქ კარგად არ ჭრის. ამ მოცემულობას კიდევ ერთი გარემოება ქმნის, რაც ჩვენი მახასიათებლების ბუკეტიდან ერთ-ერთია. ამ მახსიათებლის წყალობით, ქვეყანაში ისევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც აზროვნებისთვის საჭირო კომპონენტებისგან ვერ განძარცვეთ და სწორედ ეს ძალაა ის ბერკეტი, რაც ფრთების თქვენთვის სასურველი გრადუსით გაშლის საშუალებას არ მოგცემთ. მართალია, ეს საზოგადოების კრიტიკული უმცირესობაა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ პროგრესი ყოველთვის კრიტიკულ უმცირესობას მოაქვს. ამ ძალის შესაძლებლობებს კი, ჩვენთვის დამახასიათებელი გარემოებათა ერთობლიობა აორმაგებს და სხვა შემთხვევებთან მიმართებით, უპირატესს ხდის.
ასე რომ, შესაძლოა, რუსთაველზე თქვენ მიერ შეგულიანებული ცარიელი თავების ამოძახილი რაღაც იმედებს გაძლევთ, მაგრამ იძულებით მაინც მოგიწევთ ზემოთ ხსენებული ძალისთვის ანგარიშის გაწევა და მიყუჩება, რადგან ეს ის ძალაა, რომლის გათვალისწინებაც დიდ მოთამაშეებსაც უწევთ. მართალია, თქვენი და კოლმეურნეობის თავმჯდომარეთა ხელმარჯვეობის წყალობით დღეს ეს ძალა არც თუ ისე მრავალრიცხოვანია, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, მისი უპირატესობისა და შესაბამისი შესაძლებლობების შესახებ თქვენმა დირექტორებმა კარგად იციან და მისი უგულებელყოფის საშუალებას არ მოგცემენ, ისევ და ისევ ბუნტის თავიდან ასარიდებლად! ამ ძალის გაფართოება არც მათ ინტერესებში შედის და მათ შორის, თქვენი ხელით ყველანაირად ცდილობენ, იმ ნიშნულზე შეაჩერონ, რაზეც დარჩა, რათა ხელისუფლებების მართვა უფრო გაუიოლდეთ, მაგრამ რაც არის, მათთვის ესეც ანგარიშგასაწევია და ამიტომ, დაიშალეთ!



საუკუნეების განმავლობაში რა არ გადავიარეთ, ვინ არ ეცადა ჩვენს რუკიდან ამოშლას, მაგრამ ეს ვერავინ მოახერხა. მართალია, მაშინ ჩვენი გადარჩენის მთავარი იარაღი რწმენის შენარჩუნება იყო განსხვავებული რწმენებისა და კულტურების სამყაროში, დღეს კი, გლობალიზაციის პირობებში, ეს იარაღი მხოლოდ ლაგატკად თუ გამოდგება, მაგრამ სამაგიეროდ, გვაქვს იმ მახასიათებელთა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ბოლომდე არ წავიჩოქოთ და თუ თვითგადარჩენის ინსტიქტმა ახალი იარაღის გამოგონების იდეაც ჩაგვაწოდა, მერე თქვენ ვიღას დაკარგვიხართ.



გარემო, რომელშიც დიდწილად, თქვენი გამოისობით ვცხოვრობთ, კრიტიკას უბრალოდ, ვერ უძლებს და ასე გაგრძელება არ შეიძლება. თქვენც გყავთ შვილები და დარწმუნებული ვარ, არ გინდათ, ასეთ ფეთქებადსაშიშ გარემოში იცხოვრონ, სადაც მათი უსაფრთხოების გარანტიას თქვენი ძლევამოსილებაც კი ვერ უზრუნველყოფს. მათ შორის – ფინანსური. ჩვენი შვილებიც ამ ძალიან საშიშ გარემოში ცხოვრობენ, რაც მათ ყოველგვარ პერსპექტივას უსპობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მათზე ფიქრს არ გთხოვთ. არ გედარდებათ და ამიტომ, მაგრამ საკუთარზე მაინც იფიქრეთ. შესაძლებელია, არც გეგმავთ, რომ თქვენმა შვილებმა აქ იცხოვრონ, მაგრამ ბუნებრივია, რაღაც დროის მანძილზე მაინც მოუწევთ აქ ყოფნა და მიეცით საშუალება, მეგობრებთან ერთად უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. დარწმუნებული ვარ, აქ დარჩენის სურვილი აქვთ, რადგან საკუთარის ალტერნატივა ბუნებაში არ არსებობს.



ამიტომ, მოგიწოდებთ, ერთხელ მაინც დადგეთ საკუთარ შესაძლებლობებზე მაღლა და განზე გადგეთ! ეს გნებავთ, თხოვნად მიიღეთ. გაერიდეთ პოლიტიკას, შეწყვიტეთ კოლაბორაციონიზმი, დაუთმეთ ასპარეზი ჯანსაღ ახალგაზრდებს, შუა ხნის, თუ ხანდაზმულ ადამიანებს, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია. თქვენ შვილებს მაინც დაუთმეთ, ბოლოსდაბოლოს. გაბედეთ და უთხარით, რომ მართალია, ბევრი კარგიც გააკეთეთ, მაგრამ ეს ქვეყანა თქვენმა ამბიციებმა და ქმედებებმა შეიწირა და მათივე კეთილდღეობისთვის, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ამით შვილების წინაშეც მართალი იქნებით, ქვეყნის წინაშეც და ისტორიაც იმ ადგილს მიგიჩენთ, რომელზეც ასე გაგრძელების შემთხვევაში, ვერც კი იოცნებებთ! მართალია, მოკავშირეები მალევე ჩაგანაცვლებენ ახალი გოგო-ბიჭებით, რომელთა გაწვრთნაც პარალელურად მიმდინარეობს, მაგრამ სანამ ისინი თქვენსავით დაიხვეწებიან, ამასობაში ქვეყანა დროს მოიგებს და თავად გაგიკვირდებათ, ისეთ რეალობაში აღმოჩნდებით. მერწმუნეთ, ამის რესურსი არის ამ ქვეყანაში. პირველ რიგში, იმ სარეცხ მანქანას ჩამოშორდით, რომელსაც არსებული რეალობის შექმნაში ლომის წვლილი აქვს. თქვენგან თავისუფალ სივრცეში უამრავი შესაძლებლობა გაჩნდება, რაც სახელმწიფოს გაძლიერებას უზრუნველყოფს. ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცემათ, ახალ სისხლს მოიტანენ, ახალ ენერგიას და ამით, ჯანსაღი პროცესები ერთ-მეორის მიყოლებით დაიწყება. თქვენი სარეცხი მანქანა იძულებული გახდება, ბაზარზე ახალი პროდუქტით შემოვიდეს, რადგან იაფფასიან და ვადაგასულ პროდუქტს ამ რაოდენობით ვეღარ გაასაღებს, როგორც დღეს. ეს ფაქტორი კი, მთლიანად შეცვლის მედია სივრცეს, რომელიც დღეს “რუსთავის 2-ის” წამოწყებულ ბინძურ თამაშშია ჩათრეული და ვერც კი ხვდება, როგორ მისდევს სხვის დღის წესრიგს, რითაც ავტო რეჟიმში ითხრის საკუთარ სამარეს. თქვენი განზე გადგომა პროფესიულ გზას აცდენილ ჟურნალისტებსაც აიძულებს თამაშის ახალი წესების მიღებას, საზოგადოებას შხამ-ქიმიკატების ნაცვლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს მიაწვდის და ასე დაუსრულებლად. ყულფი, რომელშიც ამ ქვეყანას თავი აქვს გაყოფილი და რომელიც სხვებთან ერთად ძალიან დაავიწროვეთ, სუნთქვის საშუალებას არ იძლევა. ჯაჭვი საკმაოდ გრძელია და მის თითოეულ რგოლზე ვერ შევჩერდები. ამიტომ, აქ დავასრულებ.



ერთხელ მაინც გადადგით სწორი ნაბიჯი, დაეხსენით ქვეყანას და გაინავარდეთ ისტორიაში. ამ შემთხვევაში, თქვენს წარსულს არავინ მოიგონებს, ამ ქვეყანას კი, განვითარების გაცილებით დიდი შესაძლებლობა მიეცემა.
თუ ამ ღია წერილს ინფანტილობად ჩამითვლით, მეორედ აღარ ვეცდები, საწერად მოვცდე, პირდაპირ ცერცვის მარაგს გამოვიყენებ და სხვა, უფრო აქტიურ ქმედებაზე გადავალ, რათა ჩემთვის სათაყვანებელ ციხესიმაგრესთან ჩემი წილი კენჭი მივაგორო.

გმადლობთ ყურადღებისთვის!
(ვაპირებ, ღია წერილებით სხვა პარტიებსაც მივმართო)”

0
427
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0