x
image
ეკა ლაცკა
ფილმი "მონანიება" და ძალიან უცნაური ბედის მატარებელი "თორნიკე არავიძის" როლი, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა
''ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?.. რის მაქნისია გზა, თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?!''

ამ საოცარი და მრვალისმეტყველი სიტყვებით სრულდება ფილმი, რომელიც იმდენად მძარფი და შთამბეჭდავია, თავს არასოდეს ავიწყებს და მუდმივ საფიქრალს უტოვებს მნახველს.

თენგიზ აბულაძის – მ ო ნ ა ნ ი ე ბ ა.


image


*ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, როგორც საუკეთესო უცხო ენოვანი ფილმი.

*რეჟისორმა მოიპოვა 3 სპეციალური ჯილდო კანის კინოფესტივალზე.

*ჩიკაგოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე თენგიზ აბულაძემ დაიმსახურა სპეციალური ჟიურის ჯილდო, ხოლო ავთანდილ მახარაძ საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

ფილმმა ასევე აიღო იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის (1988).

ხოლო ტრილოგიისათვის თენგიზ აბულაძეს 1988 წელს ლენინური პრემია მიენიჭა.


image

"მონანიება " მოგვითხრობს საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიების შესახებ. მასში ასახულია ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის, ვარლამ არავიძის, /რომლის როლსაც არაჩვეულებრივად ასრულებს ავთანდილ მახარაძე / უსამართლო და ცინიზმით სავსე მოქმედებები.

უსამართლობის შედეგი შთამომავლობას გადაეცემა და წლების შემდეგ დგება!

არავიძისგან განადგურებული ერთერთი ოჯახის შვილი ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან თხრის.

image

სიუჟეტი იმდენად უცხო და ემოციურია, მაყურებელს სულით ხორცამდე ძრავს.

არსებობს მისი შექმნის ორი ვერსია.

1.

პირველი ვერსიით თენგიზ აბულაძეს იდეა ნოდარ წულეისკირის მონათხრობიდან აუღია. ნოდარმა რეჟისორს უამბო, რომ ერთერთი სოფლის მცხოვრებმა კაცმა თანასოფლელი პროკურორის ცხედარი საფლავიდან რამდენჯერმე ამოთხარა და ჭირისუფლის ჭიშკართან მიაყუდა.

2.

მეორე ვერსიით კი, ეს ამბავი რეჟისორმა ხაშურში, სუფრასთან მოისმინა.

დაზუსტებით არავინ იცის, რომელი ვერსია უნდა გამოირიცხოს ამ ორიდან, თუმცა ერთი რამ კი ფაქტია, საბჭოთა რეპრესიებზე ფილმის გადაღების მსურველი რეჟისორისთვის ეს ამბავი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, თავისი ასახვა მან ფილში ჰპოვა.

image

თავდაპირველი სათაურის სამუშაო ვარიანტები რამდენიმე იყო:

''აფთარი'', ''ხსოვნა'', ''ეშმაკის კერძი'' და ა.შ.

სათაურის საბოლოო იდეა კინორეჟისორ ნელი ქუთათელაძეს ეკუთვნის.

image

ძალიან უცნაური ბედის მატარებელი აღმოჩნდა ფილმის ერთერთი მთავარი პერსონაჟის "თორნიკე არავიძის" როლი.

*თავდაპირველად მას გეგა კობახიძე ასრულებდა, მაგრამ ''თვითმფრინავის ბიჭების'' ცნობილ საქმეზე გეგას დაკავების გამო გადაღებები შეჩერდა.

*ეს ჯაჭვი კიდევ ერთმა სამწუხარო ამბავმა გააგრძელა. გეგას შემდეგ ამ როლზე გოგლიკა ჩოგოვაძე განიხილებოდა და მისი შესრულებით მცირე სინჯებიც იყო უკვე გადაღებული, მაგრამ მოულოდნელად გოგლიკა დენის დარტყმით ლისის ტბაზე დაიღუპა.

* ...და ასე ჩაერთო საბოოლოოდ ფილმში გეგაზე რამდენიმე წლით უმცროსი მერაბ ნინიძე , რომელიც დღეს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მსახიობად ითვლება, თუმცა მისი 17 წლის ასაკში შესრულებული "თ ო რ ნ ი კ ე" მაინც ყველაზე დაუვიწყარ როლად რჩება.

image

***
"მეცვა ბებიაჩემის მიერ გადაჭრილი ქურთუკი, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა მოჭრილი. ხშირად ვიცვამდი ამ ქურთუკს, თუმცა ვერაფრით ვირგებდი. ეს უხერხულობა აშკარად მეტყობოდა
.

ასე გამოწყობილი მივედი დიღმის კინოსტუდიის შენობაში, სადაც დაგვიბარეს. შევედი და ვხედავ, რომ ფოიე ჩემი ასაკის ბიჭებითაა სავსე. ძირითადად მოჭიდავის გარეგნობის, გამოპრანჭული ბიჭების გვერდით ვდგავარ. ასეთმა სურათმა თავიდანვე განმაწყო ისე, რომ არაფრის იმედი აღარ მქონოდა.

დარწმუნებული ვიყავი, ამ დევების ფონზე მე მხოლოდ ბურატინოს როლს თუ მომცემდნენ. მაგრამ რადგან მისული ვიყავი, დარბაზში მაინც შევედი.

ასაკი მკითხეს და ვუპასუხე, რომ 17 წლის ვარ. უფრო დიდს გავხარო, მითხრეს. იმ წუთასვე გავიფიქრე, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. ავდექი, ვთქვი „ნახვამდის", თენგიზს, მის ასისტენტს ნელი ქუთათელაძეს და ნანა ჯანელიძეს დიდი სიამაყით დავემშვიდობე და გამოვედი.

ჩემდა გასაკვირად, მალე მეორედ დამიბარეს, სადაც უკვე გაცხრილულ, მეორე ტურში გადასულ ხალხთან ერთად მოვხვდი. როცა უკვე სამნი ვიყავით დარჩენილი, კინოსტუდიაში თენგიზს კახი კავსაძისთვის უთხოვია - შემოდი, სინჯები უნდა გაჩვენოო.

საკითხი სწორედ კახიმ გადაწყვიტა და თქვა:

- „ეს მომწონს, კარგი ბიჭია, ჯიგრულად იყურებაო".

- წერს მერაბ ნინიძე თავის ავტობიოგრაფიული წიგნში - მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე".

image

ფილმის გადაღება იმ პერიოდში, მისი შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე ძლივს მოხერხდა.

თუმცა მისი დასრულებიდან მთელი ორი წლის განმავლობაში ფირი თაროზე იყო შემოდებული.

''მონანიების'' დიდ ეკრანზე გაშვების ნებართვას საბჭოთა ხელისუფლება არ იძლეოდა.

როდესაც მოსკოვში ''მონანიების'' პირველი ჩვენება მოეწყო, კინოდარბაზს ცხენოსანი მილიცია იცავდა. ჩვენებიდან გამოსული მაყურებელი რეჟისორს კინოდარბაზის კარებთან ხვდებოდა და მადლიერების ნიშნად ხელზე კოცნიდა.


...

"მ ო ნ ა ნ ი ე ბ ა" დღემდე ერთერთ საუკეთესო ფილმად ითვლება მთელ ქართულ კინოინდუსტრიაში. მისი იდეური თემატიკა სავარაუდოდ არცერთ დროში არ დაკარგავს აქტუალობას და მუდამ დაგვისვამს პასუხგაუცემელ ერთადერთ კითხვას :

"ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?..
რის მაქნისია გზა, თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?!''

image

0
2100
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
2100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0