მხატვრობა რა საიდუმლოს მალავს გუსტავ კლიმტის შედევრი, სახელწოდებით "კოცნა" - ნახატის შექმნის ორი განსხვავებული ვერსია 2019, 10 ივნისი, 18:21 "ვისაც უნდა ჩემ შესახებ რაიმე იცოდეს, ყურადღებით დაათვალიეროს ჩემი ნამუშევრები, " - ამბობდა ავსტრიელი სიმბოლისტი და მხატვარი გუსტავ კლიმტი (1862 - 1918 წწ.) და ქმნიდა შედევრებს, რომელებიც მის მნახველს საფიქრალსა და სააზროვნოს დღემდე არ ულევს...
კლიმტის საოცარი ფერები ხომ ერთგვარი თავბრუსხვევაა, საკუთარ აღქმის უნარს მოხვეული... მისი ერთი, განსაკუთრებულად გამორჩეული ნახატი, სახელწოდებით "კოცნა" ("the kiss"), თამამად იკავებს ადგილს მსოფლიოს საუკეთესო მხატვრულ ღირშესანიშნაობათა შორის. ნახატი 1907-1908 წლებში შეიქმნა. ვენის ბელვედერის გალერეამ კლიმტს „კოცნაში“ იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა - 25 000 კრონი გადაუხადა. ამჟამად ტილო ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს და ბელვედერის სასახლეშია დაცული. "კოცნის" მხატვრულ ღირებულებას სულაც რომ არ შევეხოთ და ის თუნდაც მხოლოდ კომერციულ ჭრილში განვიხილოთ, დამეთანხმებით, რომ ეს ნახატი კომერციული წარმატების ერთგვარი გარანტი უდაოდ არის!
- „კოცნა“ ყიდის ყველაფერს, რასაც შეეხება... და ამიტომ მას შეხვდებით თითქმის ყველაფერზე! წიგნების გარეკანებზე, სუვენირებზე, სარეკლამო პლაკატებსა თუ ათასგვარ აქსესუარზე... ... უყურებ ნახატს და თავისებურად გატყვევებს ... "კოცნა " - შეყვარებული წყვილის ისტორიაა... ისინი დგანან უფსკრულის პირას... ეს სიყვარულის უფსკრულია.... მამაკაცს აცვია ოქროსფერი მოსასხამი... თავზე დაფნის გვირგვინი ადგას... ქალს აცვია ულამაზესი ყვითელი კაბა... ოქროსფერ თმაში ფერადი ყვავილები ჩაუბნევია... მამაკაცი კოცნის ქალს... და კოცნის მას არა ტუჩებში... არამედ ლოყაზე... ეს ხომ ქალის მიმართ უდიდესი პატივისცემის და დიდი მოწიწების გამოხატულებაა! კლიმტის მკვლევარები ამ საოცრების შექმნის ორ ვერსიას ვარაუდობენ. 1. პირველი ვერსიაერთი ვერსიით მხატვარმა ნახატში საკუთარი თავი და მისი დიდი სიყვარული ემილია ფლოგე განასახიერა, რომელთანაც ხანგრძლივი, მაგრამ რთული ურთიერთობა ჰქონდა. ამ მოსაზრებას ორი ურთითგამომრიცხავი ფაქტი ახლავს. * მხატვარი ასეთი წარმოსადეგი და ბრგე არასოდეს ყოფილა. * მხატვარი საკუთარი ავტოპორტერების დახატვას ყოველთვის თავს არიდებდა. კლიმტის ჩანაწერებში ვკითხულობთ : „ავტოპორტრეტი არასოდეს დამიხატავს, რადგან ნახატში საკუთარი თავი ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე სხვა ადამიანები და პირველ რიგში, ქალები“ . მართლაც, თუ მხატვრის შემოქმედებას თვალს გადავალებთ, კლიმტის მთელი ენერგია ყოველთვის ქალზეა კონცენტრირებული. მამაკაცი მისი ტილოების იშვიათი სტუმარია და თუ მაინცდამაინც სადმე ჩანს, ის თითქმის სახის გარეშეა... 2. მეორე ვერსიაამ ვერსიით, ვინმე გრაფმა, თავისი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრად, მხატვარს ნახატი შეუკვეთა და თან გადასცა მედალიონი, რომელზეც იმ ქალის პორტრეტი იყო გამოსახული. დამკვეთს სურდა, ტილოზე მისი და მისი რჩეულის ვნებიანი კოცნა ყოფილიყო გამოსახული. კლიმტმა შეკვეთა შეასრულა. გრაფი კმაყოფილი დარჩა, მხოლოდ ერთი რამ ვერ გაიგო - კოცნითვე რატომ არ პასუხობს ქალი. (?!)... კლიმტმა ეს ფაქტი თავდაპირველად ასე ახსნა: კოცნის, როგორც უდიდესი ნეტარების, გადმოცემის უნარი უბრალო ფუნჯს არ შესწევს! გრაფს პასუხი მოეწონა და სხვა კითხვა აღარც გასჩენია... მაგრამ მოგვიანებით სულ სხვა, ყველასათვის გასაოცარი აღიარება გაუკეთებია მხატვარს. მას ტილოზე მუშაობისას თავად შეჰყვარებია მედალიონიდან მომზირალი ულამაზესი გოგო და გრაფზე უეჭვიანია. ამიტომაც დახატა არა კოცნა, არამედ კოცნის მ ო ლ ო დ ი ნ ი - და ამით ერთგვარად შური იძია ბედნიერ გრაფზე. ... რა თქმა უნდა ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ამ ჩანაწერს კი იგივე სიტყვებით დავასრულებ, რითაც დავიწყე: "ვისაც უნდა ჩემ შესახებ რაიმე იცოდეს, ყურადღებით დაათვალიეროს ჩემი ნამუშევრები"- /გუსტავ კლიმტი/ ...და მკითხველს საკუთარ ვერსიებთან დავტოვებ. დაე, თითოეული ჩვენგანი, თავადვე ჩავწვდეთ, რა სურს დიდ მხატვარს თავისი ნახატებით რომ გვითხრას... 3015 შეფასება არ არის
|