x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რომის იმპერიის სანიტარიიდან – არაბულ საავადმყოფოებამდე. ხალიფატის ექიმები

V საუკუნის II ნახევარში რომის იმპერია დაეცა და მის ადგილზე არაბთა სახალიფო წარმოიქმნა. ეგვიპტისგან განსხვავებით, სადაც ძველთაგანვე დიდი ყურადღება ექცეოდა მედიცინის, რომს თითქმის არანაირი წვლილი არ შეუტანია აღნიშნული სფეროს განვითარებაში. სამაგიეროდ, რომმა უდიდეს დონეს მიაღწია საზოგადოებრივი სანიტარიის განვითარებაში. 2 ათასი წლის წინ, იმპერიიის ტერიტორიაზე უკვე არსებობდა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია და ყოველგვარი სიბინძურის უტილიზაციის აწყობილი მექანიზმები. კამალიზაციის არსებობა ეპიდემიის გავრცელებისგან იცავდა მოსახლეობას. არსებობდა უამრავი აბანო და ქუჩების დასუფთავება აუცილებელი იყო.

იმპერიაში მოქმედებდა პაციენტების ექიმებისგან დაცვის კანონი, რომლის მიხედვით, ექიმი, პაციენტისთვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში, მკაცრად ისჯებოდა. გარდა ამისა, სახელმწიფო უზრუნველყოფდა უფასო კონსულტაციას და სამედიცინო დახმარებას ღარიბებისთვის, ხოლო საზოგადოებრივი ექიმები ცალკეულ რაიონებზე იყვნენ მომაგრებულები. ამგვარად, რომაულმა მედიცინამ, მართალია ორიგინალური აღმოჩენები ვერ გააკეთა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უმაღლეს დონეს მიაღწია.

რომის დაცემის შემდეგ, მის ნანგრევებზე აღმოცენებულმა იმპერიამ გარკვეული ცვლილება შეიტანა ევროპული ცივილიზაციის ცხოვრებაში და უდიდესი გავლენა მოახდინა მედიცინის შემდგომ განვითარებაზე.


image


უნდა აღინიშნოს, რომ არაბული ცივილიზაცია მხოლოდ ენის თვალსაზრისით იყო არაბული და მის განვითარებაში წვლილი, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ხალხებმა შეიტანეს. მათ შორის იყვნენ სპარსები, სირიელები, ებრაელები, ესპანელები...

არაბულ მედიცინას საფუძველი მუჰამედის (570–632) დაბადებამდე ჩაეყარა და მისი განვითარების საწყისი ეტაპი კონსტანტინოპოლის პატრიარქს – ნესტორს და მის მიერ შექმნილ ნესტორიანულ სწავლებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ქრისტე ორი ბუნების იყო – ღმერთი და ადამიანი. ღმერთზა ამგვარი წარმოდგენები ეკლესიამ დაგმო, ხოლო თავად ნესტორი ერეტიკოსად გამოაცხადეს. ამის გამო, ის და მისი მომხრეები, იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ. ისინი 431 წელს ედესში (ამჟამად, შანლიურფა, თურქეთი) დასახლდნენ და სამედიცინო სკოლა დააარსეს. იმპერატორი ზენონის (474–491) მმართველობის დროს, ნესტორიანელთა დევნა განახლდა და სკოლა გონდი-შაპურში (ირანი) გადაიტანეს. მომდევნო 2 საუკუნეში, ნესტორიანელებმა ქალაქი სამედიცინო ცენტრად აქციეს. მათ ლათინური და ბერძნული ტექსტები არაბულ ენაზე თარგმნეს (VII ს. I ნახევარში ირანი არაბებმა დაიპყრეს).

მედიცინის განვითარების კვალდაკვალ, არაბეთის სახალიფოს ტერიტორიაზე სამკურნალო სახლების გახსნა დაიწყო, ხოლო ჰარუნ არ-რაშიდის (763-809 წწ.) მმართველობის დროს, უფასო საავადმყოფოები გაიხსნა, რომელშიც ყველას მკურნალობდნენ, მატერიალური მდგომარეობი და რწმენის მიუხედავად. ისევე როგორც დღეს, საავადმყოფო რამოდენიმე ნაწილად იყო გაყოფილი. იყო ქირურგიის, ორთოპედიის, ინფექციური და ფსიქიატრიული განყოფილებაც კი. საავადმყოფოს მართვაც ისევე ხორციელდებოდა როგორც დღეს. ფინანსური აღრიცხვისტვის, ორი ჟურნალი ჰქონდათ: ერთი სამედიცინო, ხოლო მეორე – კვებაზე გაწეული ხარჯებისთვის.

ყველაზე ცნობილი ექიმი, ნესტორიანელებს შორის, ჰუნან იბნ ისჰაკ ალ-იბადი (809–877) იყო, რომელმაც «თვალის ალტერაციის» ტრაქტატი დაწერა. ეს ყველაზე ადრეული არაბული ტექსტია ოფთალმოლოგიაში.

საქვეყნოდ ცნობილი ექიმი იყო სპარსი აბუ ბაქრ მუჰამად იბნ ზაქარია არ-რაზი (860-920 წწ.). მან 200-მდე სამედიცინო თხუზულება დაწერა, მათ შორის – სამედიცინო ენციკლოპედია, 25 ტომად, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, მის მიერ ჩატარებული ყველა ექსპერიმენტი და ამ ექსპერიმენტების დროს გამოყენებული ხელსაწყოები. სამედიცინო სახელმძღვანელოების შექმნით, არ-რაზიმ დიდი დახმარება გაუწია თავის მოსწავლეებს და არა მარტო მათ. საუკუნეების მანძილზე, ევროპაში და აზიაში ექიმები სწორედ ამ წიგნებით სწავლობდნენ და ხელმძღვანელობდნენ. წიგნებში განხილული იყო გინეკოლოგიის საფუძვლები და ოფთალმოლოგიური ქირურგიის საკითხები. არ-რაზი იყო პირველი, ვინც აზრი გამოთქვა, რომ მაღალი სიცხე, ავადმყოფობის დროს, ადამიანის ორგანიზმის დამცავი რიაქციაა. ასევე, მან პირველმა აღწერა ყვავილის და წითელას დაავადებები. თავისი დროის უმეტეს ნაწილს, ის სულით დაავადებულების საზოგადოებაში ატარებდა და ამ სფეროს არაერთი შრომა მიუძღვნა. რის გამოც, ის ფსიქოლოგიის და ფსიქიაქტრიის მამად აღიარეს. ის პრაქტიკოსი ექიმი იყო და ექიმის პროფესიას ამოფარებული, არაერთი თაღლითი გამოააშკარავა. მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის გადაფასება, უბრალოდ შეუძლებელია.

იგივე პერიოდში, ეგვიპტეში, ებრაელი ექიმი და მედიცინის სფეროში, დიდი ავტორიტეტი ისაკ ბენ სოლომონ ისრაელი (დაახლოებით, 845 – 940 წწ.) მოღვაწეობდა. მის მიერ დაწერილი წიგნები, სწორი კვების, სამკურნალო საშუალებების და ციებ-ცხელების შესახებ, ითარგმნა და XVII საუკუნემდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპასა და აზიაში.

X საუკუნის II ნახევარში სამედიცინო ენციკლოპედიაზე მუშაობა სპარსმა ექიმმა ალი იბნ ალ-აბას ალ-მაჯუსმა გააგრძელა. მის მიერ შედგენილი «ექიმობის ხელოვნების სრული წიგნი», ბევრად კარგად იყო შედგენილი, ვიდრე არ-რაზის ენციკლოპედია. მაგრამ, ორივე ავტორის ნაშრომი, მოგვიანებით, იბნ სინას «სამკურნალო მეცნიერების კანონმა» დაჩრდილა.

ავიცენას (ალი იბნ სინა, 980–1037 წწ.) მიერ დაწერილი სამედიცინო ნაშრომი, ბერძნულ-არაბული მედიცინის შემაჯამებელი ტრაქტატი იყო, რომელიც მომდევნო 6 საუკუნის მანძილზე, სამედიცინო ცოდნის მთავარ წყაროდ ითვლებოდა ევრაზიის კონტინენტზე.

ავიცენა წარმოშობით სპარსი იყო, წერდა სპარსულ და არაბულ ენებზე. ის არა მხოლოდ მეცნიერი, საუკეთესო პრაქტიკოსი ექიმიც იყო და მას «ექიმების თავადსაც უწოდებდნენ». ავიცენას ნაშრომებმა არაბული მედიცინა განვითარების უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა, განსაკუთრებით, სახალიფოს აღმ. ნაწილში.

რაც შეეხება იმპერიის დასავლეთს, – კორდოვის სახალიფოში X ს. II ნახევარში, არაბებს შორის ერთადერთი ცნობილი ქირურგი – ალბუკასისი (აბუ-ლ-კასიმი, 936–1013) მოღვაწეობდა. მის მიერ დაწერილ 30 ტომიანი ტრაქტატში, მედიცინის თითქმის ყველა დარგი იყო წარმოდგენილი, დაწყებული პედიატრიიდან და დამთავრებული ფარმაკოლოგიით. მასში 300 გვერდი ქირურგიის კურსს ეთმობოდა, რომელშიც შინაგანი ნაკერების დადების, ნაღვლის ბუშტიდან ქვების და თვალიდან კატარაქტის მოცილების წესებია აღწერილი. მან პირველმა გამოიყენა თაბაშირის სახვევი ძვლების დასაფიქსირებლად და ბამბის ქსოვილი, – ბინტად. გარდა ამისა, ევროპაში პირველმა დაამზადა კბილის პროთეზი და აღწერა მისი შექმნის ტექნოლოგია. წიგნში დახატული და აღწერილია 200-ზე მეტი ქირურგიული ხელსაწყო, რომელთა უმრავლესობა, თანამედროვე ქირურგიაში დღესაც გამოიყენება და უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლესობას, ათასი წლის მანძილზე, სახე არ შეუცვლია.

ქირურგიას, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, უფრო დაბალი სტატუსი ჰქონდა, ვიდრე მედიცინის სხვა დარგებს და ეს მხოლოდ არაბული კი არა, უფრო ადრინდელი ცივილიზაციებისთვისაც იყო დამახასიათებელი. ალბუკასინი კი შეეცადა, პრესტიჟი აემაღლებინა მედიცინის ამ ურთულესი დარგისთვის. მისი ტრაქტატი – ერთ-ერთი უძველესი ილუსტრირებული სახელმძღვანელოა ქირურგიის განვითარების ისტორიაში;

მეორე არაბი ქირურგი ავენზოარი (აბუ მარვან იბნ ზუჰრი, დაახლოებით, 1072–1162 წწ.) სევილიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის ექიმების დინასტიის VI თაობის წარმომადგენელი და სამეფო კარის ექიმი იყო. მასზე უკეთესი ექიმი, ესპანეთში არავინ ეგულებოდათ. მისმა მოსწავლემ ავეროესმა (იბნ რუშდი, 1126–1198 წწ.) მეცნიერების სხვა დარგებიც შეისწავლა და სახელი, როგორც ფილოსოფოსმა გაითქვა.

ფილოსოფიის და მედიცინის ურთიერთკავშირის ხაზი, ავეროესის გამოჩენილი მოსწავლის, მაიმონიდის (1135–1204 წწ.) შრომებსაც გასდევს. ცნობილი მეცნიერის და ექიმის ბიოგრაფია იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ მისი დასასრული, არაბეთის «ოქროს ხანის» დასასრულს ემთხვევა.

imageimageimageimageimageimageimage








0
173
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0