კახეთი ვაშლოვანის ნაკრძალს ევროპული დიპლომის შესანარჩუნებლად ევროკომისია ამოწმებს 2019, 9 ივნისი, 10:52 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ევროპული დიპლომის ვადის გასაგრძელებლად ემზადება. ცნობილია, რომ 2015 წელს ნაკრძალს, ევროპული აღიარების ნიშნად, სპეციალური დიპლომი გადაეცა. იმთავითვე ითქვა, რომ დიპლომი 5 წლის ვადით გაიცემა და ვაშლოვანის ადმინისტრაციას ვადის ამოწურვამდე ხელახლა უნდა ეზრუნა, შეინარჩუნებდა თუ არა ამ წოდებას მეორე ვადით. გასულ კვირას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ევროპიდან სპეციალური კომისია ეწვია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპის კომისიის ევრო დიპლომის შემფასებელთა მისიის წარმომადგენელი-ექსპერტი პიერ გალანი სტუმრობდა. ექსპერტი შეაფასებს დაცულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, გადაწყდება გადაეცემა თუ არა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომი 2020 წელს, მეორე ვადით. ვიზიტის ფარგლებში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა ადგილობრივ მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, პიერ გალანი ნაკრძალის ტერიტორიაზეც გავიდა და ადგილზე დაათვალიერა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და შეისწავლა არსებული მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ ევრო დიპლომი ვაშლოვანის დაცულმა ტერიტორიებმა 2015 წელს, 5 წლის ვადით მიიღო. 2015 წლის 3 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს განათლებაზე, კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობასა და გარემოს დაცვაზე მომხსენებელი ჯგუფის (GR-C) 26 მაისის გადაწყვეტილება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის ევროპული დიპლომის გადაცემის შესახებ. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, და სამი ბუნების ძეგლი: ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი, ალაზნის ჭალის ტყე და არწივის ხეობა) ევროპული დიპლომის კანდიდატად წარდგენა მოხდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, 2014 წლის დასაწყისში. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წინამდებარე რეზოლუციაში აღიარა ამ ტერიტორიების ევროპული მნიშვნელობა მათი შესანიშნავი ლანდშაფტის, განსაკუთრებული გეოლოგიური მახასიათებლების, მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის, მათ შორის იშვიათი სახეობების და ევროპული ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკოსისტემების არსებობის გამო. აღნიშნული ტერიტორიები მინისტრთა კომიტეტმა 2020 წლის 3 ივნისამდე ევროპის საბჭოს პატრონაჟის ქვეშ შემდგომი ორი პირობით აიყვანა: 2015 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის უშუალო საზღვართან მდებარე თავშესაფრების გადატანა და ნაკრძალში არსებული საძოვრების შესახებ მარეგულირებელი ნორმების მკაცრი აღსრულება; დაჩქარდეს საძოვრების მართვის ამომწურავი და მდგრადი გეგმის პროექტის შემუშავება, სოციო-ეკონომიკური ფონის და საძოვრებად ტერიტორიების გამოყენების, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ზეგავლენა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი შენარჩუნების კუთხით. პროექტი 2016 წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს ევროპული დიპლომის სპეციალისტებს და იგი უნდა ითვალისწინებდეს ალტერნატიულ საძოვრებს იმ ტერიტორიებიდან გონივრულ მანძილზე მოშორებით გადატანას, რომელთა გამოყენებაც ამ დანიშნულებით აკრძალულია. მინისტრთა კომიტეტმა ასევე მოუწოდა საქართველოს დიპლომის მთელს ტერიტორიაზე არსებული საძოვრების შესახებ მარეგულირებელი ნორმების დაუყოვნებლივ აღსრულებისაკენ და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საძოვრებად გამოყენების შესაძლებელ დონემდე შეზღუდვისაკენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას ასევე შვიდი რეკომენდაცია მისცა. ჯილდოს შემდეგი შვიდი რეკომენდაციით მიმაგრებულია:
მსგავსი დიპლომი ევროპის მასშტაბით მხოლოდ 28 ქვეყნის 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. იგი სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს განსაზღვრული ვადით გადაეცემა. მეორე ვადით მინიჭების შემთხვევაში ნაკრძალი კიდევ უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს. რამდენიმე თვეში გაირკვევა, რამდენად გაითვალისწინა საქართველომ პირობით წამოყენებული რეკომენდაციები და შესრულდა თუ არა მოთხოვნები იმდენად, რომ ევრო დიპლომი მომავალი წლიდან კვლავ დედოფლისწყაროში დარჩეს. 64 შეფასება არ არის
|