x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მხიარული სტარტები“ და ბავშვთა საერთაშორისო დღის ღონისძიებები დედოფლისწყაროში
image



დატვირთული აღმოჩნდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დედოფლისწყაროში. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობები გაიმართა. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიების შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებითა და მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ეზოში „მხიარული სტარტები“ პირველად ჩატარდა. ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მასში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც დედოფლისწყაროს წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა ინტერნატის ერთერთი გუნდი გახდა, თუმცა მთავარი პრიზი ოთხივე გუნდს შეხვდა.


განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ბაგირის გადაწევა და შეჯიბრი სირბილში. ხშირ შემთხვევაში გუნდები შეჯიბრს ფრედ ამთავრებდნენ, რის გამოც ჟიურის დამატებითი ტურის დანიშვნა უხდებოდა. მხიარულ შეჯიბრში მონაწილე გუნდები და თითოეული მოსწავლე დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა სიგელებითა და ფასიანი პრიზებით დააჯილდოვა და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა.


„კულტურის ცენტრი ყველანაირად ეცადა, ეს დღე ლამაზი და სიურპრიზებით სავსე ყოფილიყო, რათა დიდხანს დარჩეს თქვენს მეხსიერებაში. გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში. დღეს წაგებული და მოგებული არ არსებობს, თქვენი დღეა და, ამდენად, არ გამოვყოფთ შეჯიბრებაში გამარჯვებულ პირველ და ბოლო ადგილებს, განურჩევლად ყველას გადაეცემა კულტურის ცენტრის სამახსოვრო საჩუქარი, რომელშიც წიგნიც არის მოთავსებული. გვინდა, რომ ბევრი იკითხოთ და კარგად ისწავლოთ, რათა წარმატებულები იყოთ ცხოვრებაში, “ _ თქვა ილია მარტყოფლიშვილმა.



„გასულ წლებში სხვა აქტივობები იგეგმებოდა, წელს კი გვინდოდა ფორმატი შეგვეცვალა და განსხვავებული შეჯიბრი ყოფილიყო. ყველა სკოლა ვერ ჩავრთეთ, რადგან ეს გაცილებით ფართო მასშტაბებს შეიძენდა, ვერც დროში ვეტეოდით და ადგილიც მცირე იყო საამისოდ. მომავალ წელს მეტი სკოლის გუნდს ჩავრთავთ ამდენად, უნდა ითქვას, რომ მხიარული სტარტები დედოფლისწყაროში წელს პირველად ჩატარდა, “ _ აღნიშნავს კულტურის ცენტრის კოორდინატორი ბავშვებთან მუშაობის საკითხებში ნინო ლოლაშვილი.


image


* * *

მხიარული სტარტების დასრულების შემდეგ კულტურის სახლის დარბაზში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი საბავშვო სტუდიები მონაწილეობდნენ. საბავშვო კონცერტში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქ დედოფლისწყაროს ყველა საბავშო ბაღის აღსაზრდელები. საღამო კულტურის სახლთან არსებულმა სტუდია „არლეკინოს“ ბავშვებმა გახსნეს და ვასილ ტუხაშვილთან ერთად წარმოადგინეს კომპოზიცია „ფუტკარი“. შემდეგ კი სცენა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს დაეთმოთ, რომლებმაც საოცარი ოსტატობით და გამორჩეული ვიზუალური გაფორმებით ორიგინალური ნომრები წარმოადგინეს, რამაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.


image


დამსწრე საზოგადოებას და ბავშვებს საერთაშორისო დღე მიულოცა კულტურის და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა, რომელმაც ყველა მონაწილე ბავშვს სიგელები გადასცა. მისი თქმით, ცენტრი ცდილობს ხმამაღლა თქვას, რომ ყველა ბავშვი თანასწორია და მან ამის კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.


„კულტურის ცენტრმა ბოლო ხანს ერთი კარგი ტენდენცია დაამკვიდრა. ამაყი ვარ, რომ დღეს სცენაზე ამ ბავშვებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც აქტიურად გამოდიან და სხვადასხვა ნომრებში მონაწილეობენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ არ მომხდარა, რომ ბავშვთა დაცვის დღეა და ღონისძიება ბავშვებს ეძღვნება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ბოლო დროს, კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილ თითქმის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობენ. ამით კი ჩვენ იმის ხაზგასმა გვინდა, რომ რაიმე ნიშნით არ ვანსხვავებთ ბავშვებს და ვცდილობთ მაგალითი ვაჩვენოთ, რომ ყველა ბავშვი თანასწორია. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს და ამის დასტურია ისიც, რომ მაგალითად 9 მაისის და სხვა შინაარსის ღონისძიებებშიც მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ამ აქტიურ ჩართულობას თავისი შედეგი მოჰყვა და ისინი დღეს გაცილებით აქტიურები და ლაღები არიან სცენაზე, ვიდრე ეს პირველი გამოსვლის დროს იყო. კულტურის ცენტრი სამომავლოდაც ეცდება, მათი ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ გაადვილდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ყველა მონაწილეს და მათ პედაგოგს. განსაკუთრებით, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრს აქტიური ჩართულობისთვის და იმისათვის, რომ არნახულად ეფექტური ნომრები გამოიტანეს რაიონულ სცენაზე და ფართო მასებს აჩვენეს ამ ბავშვების შესაძლებლობები, “ _ აღნიშნა ილია მარტყოფლიშვილმა.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0