x
image
მაია 24
9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთ

image



ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ კარგი მშობელი, ყველას გვინდა კარგი შვილები გვყავდეს, ბედნიერი, ლაღი, წარმატებული. ყველამ ვიცით, რომ იყო მშობელი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ყველა ვნერვიულობთ, რამე საბედისწერო შეცდომა არ დავუშვათ. ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს, პიანინოს შეძენით პიანისტი ვერ გახდები და ვერც შვილის შეძენა გაქცევს ნამდვილ მშობლადო. მშობლობას სწავლა სჭირდება, რომელიც გამოცდილებასთან ერთად მოდის. სამწუხარო ისაა, რომ გამოცდილებას შეცდომებით ვიღებთ, შეცდომებით, რომლებიც მერე ჩვენი შვილების პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში უდიდეს კვალს ტოვებს და სავალალო შედეგები შეიძლება მოიტანოს. ფსიქოლოგებმა შეადგინეს 9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომელიც ალბათ ყველა დედას უთქვამს შვილისთვის და რომელიც საშინლად აისახება მის ფსიქიკაზე.


1. თავი დამანებე


მშობელი, რომელსაც არ ჰქონია ცოტა ხნით მარტო დარჩენის მოთხოვნილება, წმინდანია, წამებული, ან კიდევ ადამიანი, რომელიც იმდენ ხანს იყო მარტოდ, რომ დავიწყებული აქვს, როგორ ხდება ძალების აღდგენა. ჩვენ მართლაც გვჭირდება დრო, როცა ყველა თავს დაგვანებებს, მაგრამ ამის პირდაპირ თქმა ბავშვებისთვის არაფრით შეიძლება.


"არ მცალია", "შემეშვი", "მაცადე ცოტა ხანს" - ბავშვები ამ მესიჯების გათავისებას ახდენენ და ქვეცნობიერში ნელ-ნელა ილექება აზრი, რომ თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან მუდამ თავიდან იშორებთ. თუკი თქვენ არ მოუსმენთ მას სანამ პატარაა, ძალიან ცოტა შანსია რამე გითხრათ, როცა გაიზრდება. მეგობრობა ამ ასაკში იწყება.


image


ბავშვები ჩვილობიდანვე უნდა ხედავდნენ, რომ მშობლებს თავისი სხვა საქმეებიც აქვთ. უცილებლად მიაჩვიეთ თოთო ასაკიდან იმას, რომ ხანდახან სხვასთან დარჩენაც შეიძლება მოუწიოს - თქვენს პარტნიორთან, დედასთან, მეგობართან… თქვენც გჭირდებათ განტვირთვა და დასვენება.

როცა უკვე იმ ასაკში იქნება, რომ მასთან ლაპარაკი შეგეძლებათ, პირდაპირ ნურასოდეს ეტყვით, რომ არ გცალიათ. ამას სჯობს, რამე ალტერნატივა შესთავაზოთ: "დედიკოს რაღაც აქვს დასამთავრებელი და ძალიან დაეხმარები, თუ შენთვის წყნარად დაჯდები ცოტა ხანს და დახატავ. როცა მოვრჩებით, სასეირნოდ წავალთ".

თუმცა რეალობის განცდას ნუ დაკარგავთ, სკოლამდელი ასაკის ბავშვი მთელი საათი თავს ვერ გაირთობს. მათ ყურადღება სჭირდებათ და თუ ვერ ახერხებთ, დროა ვინმე მოძებნოთ, ვინც ამას თქვენ ნაცვლად გააკეთებს.


2. შენ ისეთი…


"ეს ისეთი მორცხვია", "ისეთი ყაჩაღია", "ისეთი მატყუარაა", "ისეთი ეშმაკია", "ასეთი უზრდელი როგორ ხარ" - მირტყმული იარლიყები იმდენად მჭიდროდ ეწებებათ, მისი მოშორება ძალიან რთული ხდება ხოლმე. მათ ყველაფერი სჯერათ, რასაც თქვენ ეუბნებით, ან მის შესახებ ამბობთ სხვებთან. ბავშვი ამ შეფასებებთან აიგივებს თავს. იგი ფიქრობს, რომ მატყუარობა მისი ბუნებაა და ამას ვერაფერს უზამს, მორცხვი თავის გამოხატვას საერთოდ ვეღარ ახერხებს, უზრდელი მიიჩნევს, რომ უზრდელად უნდა მოიქცეს და ა.შ. პოზიტიური ან ნეიტრალური შეფასებებიც კი ცუდად მოქმედებს მათზე: "ჭკვიანი", "მორიდებული", "თამამი"... - ეს ყველაფერი უსარგებლო და შეუსაბამო მოლოდინებს უქმნის მათ.


image


"ზარმაცო", "საძაგელო", "საზიზღარო", "სულელო", "შენი საშველი არ იქნება"… - თქვენ საკუთარ შვილს წყევლით. თქვენ მათ ამახინჯებთ. სწავლების უკეთესი ფორმები არსებობს. როცა რაღაცას აშავებს, ყოველგვარი იარლიყების გარეშე აუხსენით მისი საქციელის არამართებულობა, გამიჯნეთ მისი საქციელი და მისი პიროვნება ერთმანეთისგან. უთხარით, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, მთავარია, დაშვებული შეცდომის გამოსწორება ვცადოთ და შემდეგ ჯერზე იგივე აღარ გავიმეოროთ.


3. ნუ ტირი


"რა გატირებს", "რისი გეშინია", "ამხელა ბიჭს/გოგოს არ გრცხვენია?"... ბავშვებს არ აქვთ სიტყვათა იმხელა მარაგი, რომ განცდების გააზრება და სიტყვებით გამოხატვა მოახერხონ. მათ ეშინიათ, მათ სწყინთ. ჩვენ გვინდა, რომ ამ განცდებისგან დავიცვათ ისინი, მაგრამ ამგვარი მცდელობით, უარესს ვაკეთებთ: ვუგზავნით ქვეცნობიერ მესიჯს, რომ მისი შეგრძნებები არ არის ვალიდური, რომ არ არის ბუნებრივი გეშინოდეს, ან გწყინდეს რამე. ამით უარესად ვაშინებთ, უარესად ვტკენთ. მათ ხომ ისედაც ჰგონიათ, რომ რასაც თვითონ განიცდიან, არავინ განიცდის და შეიძლება იფიქროს, რომ რაღაც სჭირს. ამიტომ უმჯობესია, პირიქით, გაიზიაროთ მისი განცდები: "მართლაც ძალიან საწყენია, ასე რომ მოხდა, მაგრამ არაუშავს", "ხო, ტალღები ცოტა საშიშები სჩანან, სანამ შეეჩვევი. ამიტომ ჯერ აი, აქ ნაპირზე ერთად დავდგებით და მოვიშინაურებთ. მე შენთან ვიქნები და ხელს არ გაგიშვებ. ნახე, როგორ მოგეწონოს".


image


ბავშვი არ იცნობს საკუთარ ემოციებს და როცა მის გრძნობებს მიხვდებით და სახელს დაარქმევთ, მას ძალიან დაეხმარებით. შემდეგ ჯერზე კი არ იტირებს, იტყვის. თან ყველაფერთან ერთად თანაგრძნობასა და თანადგომასაც ასწავლით.


4. შეხედე შენს დას/ძმას/გიოს/მარის/ნინის, რა კარგად იქცევა


ჩვენ გვიყვარს მაგალითები. "ნახე თორნიკე თავისით იკრავს უკვე ღილებს ქურთუკზე", "ნინი უკვე თავისით ჭამს, არ შეგიძლია, შენც რომ ასე მოიქცე?" შედარებებს საშინელი უკუჩვენები აქვს. თქვენი შვილი თქვენი შვილია, არა გიო, ლიზი ან თორნიკე და სულაც არ არის საჭირო ბავშვობიდანვე მიაჩვიოთ ვინმეს მიბაძვას. მშობლები, როგორც წესი, ყოველთვის ადარებენ თავიანთ პატარებს სხვა ბავშვებს, მაგრამ ამის შემჩნევას მასთან ფსიქოლოგები კატეგორიულად გვიკრძალავენ. ყველა ბავშვი ინდივიდია თავისი ხასიათით, ტემპერამენტით, განვითარების თავისებურებებით და როცა სხვას ადარებთ, ქვეცნობიერი მესიჯი ასე აღიქმება: მე მინდა შენ სხვანაირი იყო. სხვასთან შედარებით მას ვერ შეცვლით, ის მზად არ არის ამის გასაკეთებლად და უბრალოდ საკუთარი თავის რწმენას შეურყევთ - "სხვას შეუძლია, მე არ ვარ სათანადოდ კარგი". ამას სჯობს მიღწევები წაახალისოთ: "რა მაგარია, თვითონ ჩაიცვი ქურთუკი!", "გმადლობთ, რომ მითხარი, რომ უკვე გშიოდა" და ა.შ.


image


5. "ეს რა ჰქენი?", "ეს როგორ არ იცი?", "ხომ შეგეძლო…"


არ არის საჭირო პანიკის ატეხვა. შერცხვენა იმდენად ღრმა კვალს ტოვებს მათ ფსიქიკაზე, ვერ წარმოიდგენთ. სწავლა პროცესია, პროცესი, რომელშიც უამრავ შეცდომას ვუშვებთ. წარმოიდგინეთ, სამსახურში პატარა შეცდომა გაგეპარათ და თქვენი ბოსის რეაქცია არის ასეთი… რას გრძნობთ? ღირს დაღვრილი რძე, გატეხილი თეფში, ან გაფუჭებული შპალერი ამხელა ტრავმად?


"მშვენივრად იცოდი"… არ იცოდა! მერე რა, რომ გუშინდელ შეცდომას იმეორებს… აღარ ახსოვდა… იგი ძალიან ბევრს სწავლობს ერთად… ნუ მოსთხოვთ ზედმეტს. ამგვარი შენიშვნები ნაყოფიერი არ არის, მხოლოდ ზიანი მოაქვს. უბრალოდ აუხსენით, როგორ უნდა მოიქცეს. ნუ გაუკეთებთ აქცენტს იმაზე - რა არ უნდა ქნას, აქცენტი გააკეთეთ იმაზე, თუ როგორ სჯობს, რომ ჰქნას. სხვა შემთხვევაში იგი მესიჯს იღებს: "შენ დიდი თავისტკივილი ხარ და ვერასოდეს ახერხებ მოიქცე სწორად!"


image


6. გაჩერდი, თორემ არ ვიცი, რას გიზამ


"კიდევ ერთხელ მოიქცევი ასე და მოგცხებ!", "იცოდე, დაგსჯი", "ახლავე შეწყვიტე, თორემ ვერ გადამირჩები"... მუქარა, რომელიც უფრო მშობლის ნევროზის გამართლებაა, ვიდრე აღზრდის მეთოდი, არც ისე ეფექტურია. იგი ვერ ცვლის ქცევას, პირიქით, უფრო მეტად უბიძგებს ამისკენ. როგორც კვლევებმა აჩვენა, 2 წლის ასაკის პატარების მიერ იგივე მავნე საქციელის ჩადენის შანსი 80 პროცენტით მაღალია იმავე დღესვე, მისი დისციპლინისთვის მიჩვევის რა გზასაც არ უნდა მიმართავდეთ. უფრო მოზრდილ ასაკშიც კი უაზრობაა ამ ილუზიის ქონა. სჯობს ტაქტიკა შეიმუშავოთ, დაეხმაროთ გაცნობიერებულად თქვას უარი ცუდი საქციელის ჩადენაზე, ვიდრე თქვენი შიშით.


image


7. მოიცა, მამაშენი მოვიდეს...


თუ გინდა, რომ ეფექტური იყო, რეაგირება უნდა მოახდინო დაუყოვნებლივ და სიტუაციასთან გამკლავება უნდა შეგეძლოს დამოუკიდებლად. იგი თქვენ მიმართ პატივისცემას დაკარგავს და მამასაც ძალიან ცუდ როლს აძლევთ. გარდა ამისა, ბავშვს ძალიან მალე ავიწყდება თავისი ოინები და ასეთ დროს დასჯა არის მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე დიდი დანაშაული.


8. ჩქარა! დროზე!


ვერც ეს მოწოდება ვერ ახდენს დადებით გავლენას ქცევაზე, პირიქით, როდესაც ნერვიულობს ადამიანი, როდესაც ჩქარობს, უფრო მეტად აგვიანებს. ერთადერთი, რასაც ამ ფრაზით მოახერხებთ - გაუჩენთ დანაშაულის გრძნობას. დანაშაულის გრძნობა უბრალოდ ცუდად გვხდის, ნამდვილად არ გვაჩქარებს. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არ გაბრაზდეთ, არ დაადანაშაულოთ. "უკვე მეათასედ გეუბნები"... მეათასედ თქმას სჯობს, თავად გააკეთოთ ნერვების მოშლის გარეშე!



image


9. "ყოჩაღ", "კარგი ბიჭი/გოგო ხარ"


თითქოს რა უნდა იყოს ამაში ცუდი? წახალისებაა და წახალისება ხომ აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. საქმე ისაა, რომ ყველაფერის გამო მისი შექება არ ღირს. მისთვის უკვე სულერთი ხდება, თუ რას გააკეთებს, რამდენად კარგად გააკეთებს. როცა ყოველდღიური საქმის კეთებისთვის და მართლაც მონდომებისთვის ერთნაირად აქებთ, ქებას ფასი ეკარგება.

შეაქეთ მხოლოდ იმის გამო, რის გასაკეთებლადაც მონდომება დასჭირდა. ნუ შეაქებთ იმისთვის, რასაც ყოველდღე აკეთებს და როცა აქებთ, ბანალური კომპლიმენტების ნაცვლად, გახდით უფრო მეტად კონკრეტული. კარგად დახატა? ნუ ეტყვით, რომ მაგარი ნახატია, უთხარით - "რა კარგად შეგირჩევია ფერები". "ბაყაყი რა კარგი გამოგსვლია"… შეაქეთ მისი ქმედებები და არა თვითონ ბავშვი - "რა თავაზიანად მოიქეცი", "რა წყნარად იჯექი", "ძალიან მომეწონა შენი საქციელი"…

რამდენი რამ მითქვამს აქედან საკუთარი შვილისთვის… რა იქნებოდა, ეს ყველაფერი მცოდნოდა ადრე, მაგრამ არაუშავს… უკეთესად მოქცევა არასოდეს არის გვიან! ჩვენც ხომ ბავშვები ვართ და ჩვენც ხომ ვსწავლობთ… დედობას!



ასევე დაგაინტერესებთ:



"ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით" - თუ ფიქრობ, რომ საუკეთესო დედა არ ხარ, მაშინ წაიკითხე


2 მაგიური სიტყვა, რომლის ხშირი გამოყენება მთლიანად ცვლის ცხოვრებას


კაცი, რომელმაც სამყარო შეცვალა - მაჰათმა განდის ცხოვრების 7 წესი


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი


არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
9214
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
9214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0