საზოგადოება "ციხეში 2009 წელს მოვხვდი. 260-ე მუხლით ვიყავი გასამართლებული. 10 წელი მომისაჯეს 2019, 19 მაისი, 12:49
მირანდა მაზმანოვა, 38 წლის, ბათუმი
"ციხეში 2009 წელს მოვხვდი. 260-ე მუხლით ვიყავი გასამართლებული. 10 წელი მომისაჯეს, 3 წელი და რვა თვე ვიჯექი და ამნისტიით გამოვედი. ჩემი სირთულეები და პრობლემები ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ვამბობდი, სასჯელი თუ უნდა მომცენ, თავისუფლებაზე გამიშვან მეთქი. ყველაფერი საფიქრალი და საზრუნავია - აბა, სახლი, აბა, ქირა, აბა, სამსახური... იქ მაგის პრობლემა არ გაქვს. თავზე არ გაწვიმს, გაქვს შენი ლოგინი, სიგარეტი, საჭმელი, ყველანაირად უზრუნველყოფილი ხარ. გარეთ მეტი პრობლემა გხვდება. ვინ იხდის სასჯელს? მე არ ვიხდიდი. ფაქტობრივად, სასჯელს იხდიდა ჩემი ოჯახი, შვილები, დედაჩემი, რომელიც მოდიოდა და საათობით იდგა რიგში, პაემანზე რომ შემოსულიყო ან ამანათი შემოეგზავნა. ვფიქრობ, მათთვის მეტი სასჯელია, ვიდრე პატიმრისთვის. ციხეში ყოფნის დროს ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ მოწყვეტილი ვიყავი ოჯახსა და შვილებს. მაშინ ორი შვილი მყავდა, რომლებსაც დედაჩემი უვლიდა და იმდენად რთული იყო ჩემთვის ბავშვების გარეშე ყოფნა, რომ შეიძლება იყო კიდეც იქ რამე ცუდი, მაგრამ ვერ ვამჩნევდი, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანი იყო ჩემთვის. გაუსაძლისად იწელებოდა დღე-ღამე მარტო იმის გამო, რომ ბავშვებთან ვერ ვიყავი ახლოს. ციხეში ჩვეულებრივი ცხოვრებაა, როგორც გარეთ. უბრალოდ, ჩაკეტილი ხარ, გაქვს შენთვის განსაზღვრული სივრცე, რომელშიც მოძრაობ და იმის იქით ვერ გადიხარ. დამოკიდებულებაც ნორმალურია, ფილმებში რომ აჩვენებენ ცემა-ტყეპასა და უბედურებას, ასე არ ხდება. შეიძლება გარეთაც ვიკამათოთ და ვიჭორაოთ, ანუ ყოველდღიურობაში რაც ხდება, იქაც იგივეა.
ციხიდან რომ გამოვედი, არაფერი გამაჩნდა. რაც მქონდა, ისიც წამართვეს და ცხოვრება ნულიდან დავიწყე. ამჟამად ურეხის დროებით ღამის თავშესაფარში ვცხოვრობ. შენობა მერიის დაქვემდებარებაშია და გაყოფილია ორ ნაწილად - ერთ ნაწილში ბენეფიციარები არიან, რომლებიც ღამით მოდიან და დილით მიდიან, მეორე ნაწილში ხუთი ოჯახი ვცხოვრობთ. აქ ხუთი წლის წინ მოვხვდით, ქუჩაში დავრჩი ჩვილი ბავშვით, სამი შვილი მყავს და პატარა მაშინ რვა თვის იყო. ვცხოვრობდით ნაქირავებში, უკიდურეს გაჭირვებაში. არანაირი სახსრები არ მქონდა, მაგრამ რატომღაც სოციალურად დაუცველის სტატუსსაც არ მაძლევდნენ. ბავშვი ძუძუზე მყავდა, მაგრამ ვერ ვიკვებებოდი და თავისთავად ბავშვსაც ვერ ვაჭმევდი. მივედი მერიაში ჩვილი ბავშვით ხელში და ავუხსენი სიტუაცია, ვუთხარი, რომ მართლა არაფერი გამაჩნდა, ელემენტარულად, საჭმელი არ მქონდა სახლში, მერამდენედ ვწერდი განცხადებას სოციალურზე და უარს მეუბნებოდნენ. პროგრამა იყო მაშინ, სოციალურად დაუცველებს ერთ წლამდე ბავშვისთვის საკვებს აძლევდნენ და უმეტესწილად იმიტომ მინდოდა, რომ ბავშვის საჭმელი მაინც მიმეღო. მითხრეს, ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო და უარით გამომისტუმრეს. მერე სოციალური აგენტი დამეხმარა და მიუხედავად იმისა, რომ სოციალურის სტატუსი არ მქონდა და არ მეკუთვნოდა, დაინახეს რომ ნამდვილად გაჭირვებაში ვიყავი და საკვები, წამლები მოჰქონდათ ბავშვისთვის. მიწევდა ერთი ნაქირავებიდან მეორეში გადასვლა, თანხას ვერ ვიხდიდი და ბინიდან გამოგვაგდეს. ისევ მივედი მერიაში და ვთხოვე აქ შემოვესახლებინე. ვიცოდი ამ შენობის არსებობის შესახებ და ისიც, რომ იყო თავისუფალი ოთახები. ისევ უარი მითხრეს, ვერ შეგასახლებთო. დავრეკე ტელევიზიაში, რომ მოსულიყვნენ, სერიოზულად ვიკამათეთ და ვიჩხუბეთ. მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, ტელევიზია რას გვიზამსო. მერე შემომთავაზეს თანხა, ორი-სამი თვის ქირა, ოღონდ წავსულიყავი, ამასობაში დაგაწერინეთ განცხადებას სოციალურზე და გიშუამდგომლებთო. ეს იყო პიკი, გადამეკეტა. ატირებული ბავშვით ხელში რომ მივედი და ვთხოვდი, მშიერი მიკვდება და შუამდგომლობა გამიწიეთ მეთქი, მაშინ პასუხი გამცეს, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. ვუთხარი, ახლა არც თქვენი ფული მინდა და არც შუამდგომლობა, შემასახლეთ იქ, სადაც ვითხოვ მეთქი. ასეთი ომითა და დავით ბოლოს და ბოლოს შემომასახლეს.
მესამე სართულზე, ცხრა კვადრატში შემოგვასახლეს შვიდი სული: ჩემი ქმარი, სამი ბავშვი, მაზლი და დედამთილი. ყველანაირად გზღუდავენ, რომ იქ არ გაჩერდე, მაგრამ როცა ნამდვილად ქუჩაში ხარ, ცხრა კვადრატში კი არა, ოთხ კვადრატში დაწვები. ორი ლოგინი იდგა, ერთზე ჩემს დედამთილს და ჩემს უფროს გოგოს ეძინათ, მეორეზე - მე და პატარას. დანარჩენები იატაკზე დაგებულ მატრასებზე იწვნენ. ღამე რომ ამდგარიყავი, ფრთხილად უნდა გევლო, რომ თავზე ფეხი არ დაგებიჯებინა რომელიმესთვის. მაგრამ იმ დროს ჩემთვის აქაურობა იყო სამოთხე, სითბო იყო, თავზე არ მაწვიმდა და ქუჩაში არ ვიყავი. როცა დაინახეს, რომ მაინც არ მივდიოდით, ალბათ მიხვდნენ, რომ მართლა არ მქონდა წასასვლელი და ჩემს დედამთილს ცალკე მისცეს ოთახი და მე - ცალკე. გვერდით არის დახურული ოთახი, ადრე ბიბლიოთეკა იყო, სრულიად ცარიელია, თავისუფალი. უკვე რამდენი ხანია ვიბრძვი, რომ ეს ოთახი მომცენ, ბავშვებს რომ თავისი სამეცადინო და დასაძინებელი ოთახი ჰქონდეთ. ჩემი გოგო უკვე დიდია, 16 წლის გახდება მალე, ბიჭი 12 წლისაა. მით უმეტეს, რომ აქ არავის შესახლებას არ აპირებენ. ვუთხარი, თუ ისე მოხდება, რომ თქვენ იძულებული იქნებით ვინმე მოიყვანოთ, თქმაც არ დაგჭირდებათ, ისე დავცლი მაგ ოთახს და იმას შევუშვებ მეთქი. მე ვიცი, რა არის ქუჩაში ყოფნა და არასდროს ვიტყვი იმას, რომ მე კომფორტულად ვიქნები და ვიღაც გარეთ იყოს მეთქი. მეუბნებიან, გაფართოებას ითხოვო. ცარიელი ოთახია, რისთვის არის დაკეტილი? მე კი ვხვდები, რისთვის აკეთებენ, იძულებულს მხდიან, რომ ავდგე და წავიდე. ნამდვილად არ გავჩერდებოდი, რომ ვიცოდე შევძლებ ქირის ფულის გადახდას, მაგრამ აქედან რომ წავიდე, ალბათ ისევ იმ მდგომარეობამდე მივალ, რა მდგომარეობაშიც ვიყავი. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ზაფხულის მერე მეც და ჩემი მეუღლეც უმუშევრები ვრჩებით. როცა სეზონი მოდის, მიმტანად ვმუშაობ, ან თუ სადმე დალაგებაა საჭირო, შარშანწინ მენეჯერად ვუშაობდი ერთ-ერთ ბარში. ყველანაირ სამსახურზე მივდივარ, არ ვარჩევ, აქ წავალ და იქ არ წავალ. ოღონდ რამე გამოჩნდეს. შარშან სახაჭაპურე გავხსენი სახლის წინ და ახალი წლის მერე დაკეტვა მომიწია. აქ იმდენი მოშიებული დადის, ქველმოქმედება უფრო გამომდიოდა. როცა იცი, რომ ხალხი მშიერია, ბავშვები და აქ მაცხოვრებლები რომ გამოივლიან და საწყალი თვალებით გიყურებენ, როგორ გინდა, რომ არ მისცე. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი, ვინც მხარში დამიდგა და დამეხმარა, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ იყო. ყველანაირი ხელშეწყობა ვიგრძენი მათგან. ციხეში ხელსაქმე ვისწავლე, მერე და მერე უფრო დავხვეწე ჩემით, რაღაცები ინტერნეტიდან ამოვიღე, რაღაცებიც ჩემი ფანტაზიით და ხელნაკეთ ნივთებზე დავიწყე მუშაობა, დამაფინანსეს და ცოტ-ცოტას ვახერხებდი ამის რეალიზაციას, გამოფენაც მოგვიწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ დაამთავრეს ჩემთან მუშაობა და აღარ ვითვლები მათ ბენეფიციარად, დღესაც მეხმარებიან. ვმუშაობდი „იალქანის“ საქველმოქმედო ცენტრში, სადაც ყოველდღიურად არიან უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა მშობლებიც მუშაობენ და მთელი დღე რომ მარტო არ იყვნენ მეთვალყურეობის გარეშე, არიან ამ საქველმოქმედო ცენტრში. ჩემი ბავშვებიც იყვნენ ამ ცენტრის ბენეფიციარები და გავიგე, რომ იქ ასწავლიან მოხალისე პედაგოგები, ზოგი ინგლისურს, ზოგი მუსიკას, ცეკვას და ა.შ. მივმართე დირექტორს, გავესაუბრე, ვუთხარი, რომ თუ ნებას მომცემდნენ, სიამოვნებით ვასწავლიდი ბავშვებს ხელსაქმეს. დამთანხმდნენ და კვირაში სამი დღე ვამეცადინებდი. სამწუხაროდ, ახლა მასალა აღარ მაქვს, დამიმათავრდა და ვერ ვამეცადინებ. ეს მასალა „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დაფინანსებით მქონდა ნაყიდი. ბისერებით ვაკეთებდით ხეებს, ყვავილებს, ბიჟუტერიას, ვქარგავდით მძივებით. ერთ წელზე მეტ ხანს ვმუშობდი მოხალისედ, გამოფენები გვქონდა ბულვარში, ღონისძიებებზე სულ გვეპატიჟებოდნენ. მერე კრიზისი დაიწყო და გაყიდვებმა იკლო. ვერ ვიტან უსამართლობას. გაჭირვება ჩემთვის ძალიან მტივნეული თემაა და ყოველთვის მიწევს ამაზე ჩხუბი და კამათი. იმედგაცრუებული ვარ ხალხის დამოკიდებულებით, მეც არ მაქვს გავლილი კარგი ცხოვრება, მაგრამ არ გავბოროტებულვარ. ყოველთვის ეჩეხები უსამართლობას, გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც უჭირს და შია, ლუკმას წაართმევენ. აქ, ღამის თავშესაფარში არ ეძლეოდათ ბენეფიციარებს ის, რაც მათ ეკუთვნოდათ, იმაზე ნაკლებ საკვებს აძლევდნენ, რაც განსაზღვრული იყო. ქველმოქმედებით მოჰქონდათ ბევრი რამე, მაგრამ იმის მეოთხედი არ ხვდებოდათ, ამაზე მქონდა სულ კონფლიქტი. მეუბნებოდნენ, შენ ვინ გეკითხებაო. მეკითხება იმიტომ, რომ ყოველდღე ვხედავდი ამ სიტუაციას და გაჭირვებას, თუ რამე ადამიანური გაგაჩნია, არა მგონია, შეძლო და ამაზე თვალი დახუჭო. ბენეფიციარები გაჩუმებული იყვნენ და მე ვერ ვამტყუნებ, მაგათ ხელში იყვნენ. რა უნდა ვქნათ, გაგვაგდებენ და სად წავიდეთო. იმის შიშით, რომ ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ, ხალხი ხმას ვერ იღებდა. ძლივს გვეღირსა, რომ ნორმალური და ღვთისნიერი დირექტორი მოსულიყო, რომელიც ნამდვილად ყველაფერს აკეთებს და სიტუაცია ბევრად უკეთესია ახლა.“ ავტორი: ნინო გამისონია ფოტო: ნინო ბაიდაური 358 5-ს მოსწონს
|