ფსიქოლოგია ეს ყველა დედამ უნდა წაიკითხოს! 2019, 17 მაისი, 18:44 ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით: სამი წლიდან დავუწყებ მტკიცებას – "საყვარელო, შენ არ ხარ ვალდებული გახდე ინჟინერი, არ ხარ ვალდებული გახდე იურისტი, სულაც არაა მნიშვნელოვანი, თუ ვინ გამოხვალ. გინდა გახდე პათოლოგანატომი? კი ბატონო, ფეხბურთის კომენტატორი? როგორც გენებოს! კლოუნი სავაჭრო ცენტრში? მშვენიერი არჩევანია. ოცდაათი წლის ასაკში ის მოვა ჩემთან – ეს საყვარელი მელოტი ჯამბაზი, საღებავის ლაქებით სახეზე და მეტყვის: "დედა მე ოცდაათი წლის ვარ და კლოუნად ვმუშაობ სავაჭრო ცენტრში, ჩემთვის ასეთი ცხოვრება გინდოდა? რაზე ფიქრობდი, როცა მეუბნებოდი, რომ უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის? რაზე ფიქრობდი, როცა ნებას მაძლევდი მათემატიკის მეცადინეობის ნაცვლად ბავშვებთან მეთამაშა?". მე კი ვუპასუხებ: "საყვარელო, მე ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც შენ გსურდა, არ მინდოდა შემეზღუდე. არ გიყვარდა მათემატიკა, გიყვარდა ბავშვებთან თამაში". "მე ხომ არ ვიცოდი, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა. მე ბავშვი ვიყავი, რომელსაც არაფრის გადაწყვეტა არ შეეძლო, შენ კი ცხოვრება დამინგრიე" - მიპასუხებს ის ნაწყენი და ბინძური ხელებით ჩამოიწმენს სახიდან პომადას. მაშინ მე ავდგები, ყურადღებით შევხედავ და ასეთ რამეს ვეტყვი: "ასე არა? კარგი. ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ – ერთნი ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები ეძებენ დამნაშავეებს. თუ ეს არ გესმის, შტერი ყოფილხარ". ის იყვირებს და გული წაუვა. დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება ფსიქოთერაპიას. შესაძლოა სულ სხვა სცენარიც – ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით: სამი წლიდან დავუწყებ დარწმუნებას: "ნუ იქნები უგნური, იფიქრე მომავალზე, ისწავლე მათემატიკა, თუ არ გინდა, რომ გაიზრდები, ოპერატორი იყო ქოლცენტრში". ოცდაათი წლის ასაკში ის მოვა ჩემთან – ეს საყვარელი, მელოტი პროგრამისტი, ღრმა ნაოჭებით სახეზე და მეტყვის: "დედა, მე ოცდაათი წლის ვარ, ვმუშაობ "გუგლში", სამსახურში ვატარებ 20 საათს, არ მყავს ოჯახი… რაზე ფიქრობდი, როცა მეუბნებოდი, რომ კარგი სამსახური იქნებოდა ჩემი ბედნიერების გარანტია? რისი მიღწევა გინდოდა, როცა მაიძულებდი მესწავლა მათემატიკა?". მე კი ვუპასუხებ: "საყვარელო, მე ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც შენ გჭირდებოდა. მინდოდა გქონოდა უმაღლესი განათლება. მინდოდა, რომ ყველა შესაძლებლობა გქონოდა". "რა ჯანდაბად მინდა ეს შესაძლებლობები, თუ უბედური ვარ? როდესაც სავაჭრო ცენტრში კლოუნებს ჩავუვლი, მათი მშურს; ისინი ბედნიერები არიან. შემეძლო მეც ასე მეცხოვრა, მაგრამ შენ დამინგრიე ცხოვრება, დედა", – მეტყვის ის და სათვალის ქვეშ გაიმშრალებს ცხვირს თითებით. მაშინ მე ავდგები, ყურადღებით შევხედავ და ვეტყვი: "ასე არა? კარგი. ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ – ერთნი ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები ეძებენ დამნაშავეებს. თუ ეს არ გესმის, შტერი ყოფილხარ". ის იყვირებს და გული წაუვა. დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება ფსიქოთერაპიას. და კიდევ ერთი ვერსია: სამი წლიდან დავუწყებ დარწმუნებას: "მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რამე გიმტკიცო, მე მხოლოდ უნდა მიყვარდე. მიდი მამასთან, საყვარელო, და მას ჰკითხე. არ მინდა ვიყო რადიკალური, სხვისი შეცდომების გამეორება არ მინდა". ოცდაათი წლის ასაკში ის მოვა ჩემთან – ეს საყვარელი, მელოტი რეჟისორი, ნაღვლიანი თვალებით და მეტყვის: "დედა, მე ოცდაათის ვარ, ვცდილობ მივიპყრო შენი ყურადღება, მოგიძღვენი ათი ფილმი და ხუთი სპეკტაკლი, დავწერე შენზე წიგნი და მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი შენთვის სულერთია. რატომ არასოდეს არ გამოხატავდი შენს აზრს? ყოველ ჯერზე მამასთან რატომ მაგზავნიდი?" მე კი ვუპასუხებ: "ძვირფასო, მე არ მინდოდა, რამე შენ მაგივრად გადამეწყვიტა. მე უბრალოდ მიყვარდი, ხოლო რჩევებისთვის გვყავდა მამა". "რა ჯანდაბად მინდა მამის რჩევები, თუ მე შენი აზრი მაინტერესებს? მთელი ცხოვრებაა ვცდილობ შენი ყურადღების მიპყრობას, დედა… ლამისაა ჭკუიდან შევიშალო, მზად ვარ ყველაფერი გავიღო, ოღონდაც მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ გავიგო შენი აზრი ჩემზე. შენ დამინგრიე ცხოვრება შენი სიჩუმით…", - მეტყვის ის და თეატრალურად შემოიდებს შუბლზე ხელს. მაშინ მე ავდგები, ყურადღებით შევხედავ და ვეტყვი: "ასე არა? კარგი. ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ – ერთნი ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები ეძებენ დამნაშავეებს. თუ ეს არ გესმის, შტერი ყოფილხარ". ის იყვირებს და გული წაუვა. დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება ფსიქოთერაპიას. ჩვენი დედური პერფექციონიზმი - მისწრაფება იყო იდეალური დედა, პროფილაქტიკას საჭიროებს. არ არის საჭირო მუდმივად დაძაბული ყოფნა. მოდუნდით. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ კარგი დედები, ჩვენს შვილებს რაღაც მაინც ექნებათ სათქმელი ფსიქოთერაპევტისთვის. სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 2239 1-ს მოსწონს
|