კახეთი დედოფლისწყაროს ყოველდღიური ინტერნეტგაზეთი „ქიზიყი“ 10 წლისაა 2019, 11 მაისი, 21:06 2009 წლის 11 მაისს დედოფლისწყაროდან პირველად გავრცელდა ახალი ამბები ადგილობრივი მედიით. მას შემდეგ ყოველდღიური ინტერეტგამოცემა „ქიზიყი“ დღეში რამდენიმე ახალ ამბავს ავრცელებს. ზოგჯერ კარგს, ზოგჯერ ცუდს, ეს ჩვენი პროფესიული ყოველდღიურობაა. დღეს ინტერნეტგამოცემის დაფუძნებიდან 10 წელი შესრულდა. იმხანად, რედაქციას ჰქონდა ამბიცია, შეექმნა ყოველდღიური საინფორმაციო გვერდი, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა მხოლოდ დედოფლისწყაროზე და სწრაფად გაავრცელებდა ყველანაირ ამბებს. ამბიციური იდეა იყო, რადგან ყოველდღიური ინტერნეტგაზეთის რედაქციას არ ჰქონდა ინტერნეტი, კომპიუტერი და ფართი. ასე კი მოძიებული ახალი ამბების ოპერატიული გავრცელება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით. ჩვენი ნიუსები იბეჭდებოდა ცენტრალურ და რეგიონულ გაზეთებში, კითხულობდნენ რადიოები, ეყრდნობოდნენ ტელევიზიები. გამოხმაურება და ინტერესი იმდენად დიდი იყო, ჩვენი ენთუზიაზმი კიდევ უფრო გაასმაგდა. რაც მთავარია „ქიზიყი“ წერდა ისეთ ამბებს, როგორებიც მანამდე არ დაწერილა და რომელსაც ჩვენს გარდა არავინ დაწერდა. ალბათ არც სხვა მედიასაშუალებებმა და არც ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა იცოდა, რომ უინტერნეტოდ და უკომპიუტეროდ მოქმედმა რედაქციამ პირველ ეტაპზე ამბების გავრცელება ინტერნეტკაფედან დაიწყო... უპრეცედენტო მოვლენა იყო, მაგრამ იდეა იყო მთავარი. დროულად გავრცელებულიყო ახალი ამბები ყველგან, სადაც ინტერნეტია. დედოფლისწყაროც გაჟღერებულიყო სადმე, აქაც ეარდება გვერდს, სადაც ახალი ამბების ოფიციალურ, გადამოწმებულ და დაზუსტებულ დეტალებს შეიტყობდნენ როგორც დედოფლისწყაროელები, ისე ემიგრაციაში წასული ადგილობრივები, თუ რაიონს გარეთ მყოფი თანარაიონელები... მაშინ დედოფლისწყაროში ინტერნეტი ბევრ ოჯახს არ ჰქონდა, მაგრამ ყოველდღიური მრიცხველი აფიქსირებდა, რომ ვიზიტორი ბევრი იყო. ჩვენი საქმე განსაკუთრებით მოწონდათ რაიონიდან წლობით მოწყვეტილ ადამიანებს. ხშირად ისინი ბევრად სწრაფად იგებდნენ აქ მომხდარ ამბებს, ვიდრე ადგილობრივები. ბევრჯერ ყოფილა, რომ საზღვარგარეთ მაცხოვრებლები ატყობინებდნენ დედოფლისწყაროელებს აქ მომხდარი ამბების შესახებ. ბევრჯერ გვინახავს ჩვენი სტატიები ამობეჭდილი, დაქსეროქსებული, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში და ყველას უკვირდა, როგორ ვბედავდით ამდენს!... იყო მუქარები, სასამართლოები, დაშინებები, შეურაცხყოფები. ლანძღვა-გინებაც და ქება დიდებაც. მაგრამ „ქიზიყი“ არ გაჩერებულა, ნელნელა ვითარდებოდა. „ქიზიყი“ დღემდე ყოველგვარი ხელფასებისა და დაფინანსების გარეშე არსებობს, ამით შეინარჩუნა მან დამოუკიდებლობა. ეს რთული იყო, მაგრამ აუცილებელი. ხშირად ყველაფერი ცარიელი ხელებით ხერხდებოდა. ბევრჯერ საკუთარი სახსრებით, მაგრამ სიამოვნებას გვანიჭებდა ის, რასაც ვაკეთებდით. გვეამაყებოდა, რომ დედოფლისწყაროში ონლაინ მედიის დაარსება და მისი განვითარება ჩვენზე იყო. ამ გაზეთის ფუნქციონირებას წყობიდან გამოყავდა მაშინდელი მაღალჩინოსნები, რომლებიც კონტროლს ხშირად კარგავდნენ. მათი ფრთიანი გამონათქვამები კი ჩვენი წყალობით დღემდე იგუგლება ინტერნეტში. დამოუკიდებელ-კრიტიკულ ჟურნალისტებთან თანამშრომლობას მიუჩვეველი ჩინოვნიკები ხშირად გვანებივრებდნენ კომიკური ქცევებით, არც ჩვენ ვინდობდით და ნებსით, თუ სრულიად უნებლიედ თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელისთვის ბევრჯერ აღმოჩნდნენ ჩვენს გვერდებზე. ბევრსაც მედიასთან ქცევის წესები ვასწავლეთ. ბევრი რიგითი მოქალაქე გვეხმარებოდა. გვახსოვს ინტერნეტკაფეს მფლობელის და ელექტრონული მაღაზია „ვესტელის“ ადგილობრივი ხელმძღვანელის თანადგომა ყველაზე რთულ პერიოდში, როცა ყოფნა არყოფნის ზღვარზე ვიყავით. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. კიდევ ბევრის თანადგომა გვიგრძვნია, რამაც „ქიზიყი“ გადაარჩინა. ინტერნეტგამოცემის დამფუძნებელს და მთავარ რედაქტორს, ილია მარტყოფლიშვილს ყოველთვის სწამდა, რომ როცა რაღაც ძალიან გინდა, ყველაფერი გამოვა და საქმის კეთება ცარიელი ხელებითაც შეიძლება. ამის დასტური არის „ქიზიყი“... დაფუძნებიდან მეორე წელს რედაქციას შემოუერთდა თამილა გურაშვილი, რომელმაც პროფესიული განათლებისა და გამოცდილების გარეშე პირველი ნაბიჯები „ქიზიყში“ მოსინჯა. მისი აქტიურობისა და წყაროების დახმარებით ბევრი ხმაურიანი ექსკლუზივი, თუ ახალი ამბავი გაგვივრცელებია, ბევრი რეზონანსული სტატია მომზადებულა. ზოგიერთზე სასამართლო განხილვაც შედგა, მაგრამ არასოდეს გამოვსულვართ მტყუანნი. 2011 წელს „ქიზიყი“ გადავიდა GE დომენზე, დახვეწა დიზაინი და ბევრად აქტიური გახდა, იმატა მკითხველმაც. ჯერ აუდიო გადაცემების მომზადება დაიწყო, შემდეგ ნელნელა ვიდეო მასალების გავრცელებაზეც გადავედით. აუდიო გადაცემები „რადიო24“-თან თანამშრომლობით შედგა, რისთვისაც მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობარს და კოლეგას, გიორგი ლაღიძეს. 2013 წლიდან რედაქცია ვიდეო რეპორტაჟების გაცილებით სერიოზულ რეჟიმზე გადავიდა, რადგან რესპუბლიკურმა ტელე-რადიო მაუწყებელმა „ობიექტივმა“ ყოველკვირეულად 2 საათი დაგვითმო და მისი შევსება სტუმრებითა, თუ ადგილობრივი ვიდეო ამბებით უნდა მოგვეხდინა. ამ წარმოუდგენლად კარგი საჩუქრისთვის დღემდე მადლიერი ვართ „ობიექტივის“ დამფუძნებლის ჟურნალისტ ირმა ინაშვილის. სწორედ მისი პირადი საჩუქარი იყო თოქ-შოუ „დედოფლისწყაროს საათი“. ეს გადაცემა რამდენად მოთხოვნადი და პოპულარული იყო, ამის ახსნას არ შევეცდებით, ერთს ვიტყვით, რომ ეს პროექტიც უპრეცედენტო იყო და ანალოგი არ გააჩნდა. ასე ვრცლად, ამომწურავად და დეტალურად დედოფლისწყაროს ამბები არცერთ არხს არ გაუშუქებია. ეს გადაცემა კი პარალელურად გადაიცემოდა ტელე და FM რადიო ეთერში, ღამით კი მისი განმეორებითი ჩვენება ხდებოდა. 2018 წლის აპრილიდან „ქიზიყმა“ დაამატა ონლაინ მაუწყებლობა ქიზიყიTV. ესეც ინოვაციური და უპრეცედენტოა დედოფლისწყაროსთვის. ჩვენ ვცდილობთ დედოფლისწყაროს ჰქონდეს ტელე მაუწყებელი. ვინაიდან ანძის სიხშირე თვეში 6000 ლარზე მეტი ჯდება, ვცდილობთ უფასო გზებით გავავრცელოთ სიგნალი. ქიზიყიTV ეთერში უშვებს ადგილობრივ ახალ ამბებს, მუსიკას, შემეცნებით, რელიგიურ ფილმებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენს ეთერში ყოველთვის ზედმეტად საინტერესო მხატვრული, დეტექტივური სათავგადასავლო ფილმები გადის, რომლის რეიტინგიც ყოველთვის მაღალია... ეს ყველაფერი საცდელი მაუწყებლობაა, ვცდილობთ მოვსინჯოთ, რამდენად არსებობს დედოფლისწყაროში ტელე მაუწყებლობაზე მოთხოვნა. თითქმის ყველა რაიონს აქვს საკუთარი არხი. თუ მოთხოვნა და ინტერესი ადგილობრივებში გაიზრდება, „ქიზიყიც“ ეცდება მეტად განვითარდეს. გილოცავთ ყველას, თითოეულს, ვისაც „ქიზიყის“ მუშაობის პროცესში 1 წუთი მაინც დაუკარგავს, ყველა მკითხველს, ვისაც 1 წუთი მაინც გაუტარებია ჩვენს გვერდზე. ზოგადად, ყველა დედოფლისწყაროელს გილოცავთ, რადგან „ქიზიყი“ პირველი დამოუკიდებელი ყოველდღიური ონლაინ მედიაა ჩვენს მხარეში. გმადლობთ, ერთად გატარებული 10 წლისთვის!და კვლავაც -- „არ ჩამორჩე მოვლენებს, იგრძენი მშობლიური რაიონის სუნთქვა“29 შეფასება არ არის
|