საბუნებისმეტყველო ხეები, რომლებიც ბუნების უხილავმა ძალამ ურჩხულებად აქცია 2019, 13 მაისი, 10:21 ბუნება ჯადოქარია და ყველაზე საუკეთესო მხატვარი და არქიტექტორი: ის ოსტატურად ატრიალებს ხის ბოჭკოებს და ხშირად ტოტები ხის სიღრმეში ''ცეკვა-თამაშს'' იწყებენ, რის გამოც ნორმიდან უჩვეულო გადახრებს ქმნიან. ეს ხეები საშინელი ზღაპრიდან გადმოსულ ურჩხულებს ჰგვანან, რომლებიც არაბუნებრივი ძალის მქონე რომელიღაც გოლიათმა ისე დაგრიხა, რომ ჩვეულებრივი მცენარისგან ნამდვილი მონსტრი შექმნა.
ხის სპირალურად დაგრეხა, რომელიც იდუმალ ნაყშებსა და მოხაზულობას ქმნის, ძირითადად მცენარის ზროში, კერძოდ კი კამბიუმში ხდება. კამბიუმი მცენარის ლაფანსა და მერქანს შორის მოქცეული უჯრედების ფენაა, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ზრდას სისქეში. კამბიუმის ბუნებრივი და მარტივი დახვევა შეიძლება მთამსვლელის მოძრაობას შევადაროთ: მწვერვალისკენ მიმავალი ალპინისტი სწორხაზოვან გზას კი არ ირჩევს, არამედ ცდილობს დამრეცი კალთებით ირიბად იაროს და ამით გაიმარტივოს მარშრუტი. სპირალის განვითარება ფერხდება ან საერთოდ წყდება, თუ კამბიუმს დააზიანებენ მატლები, კოდალები, საქონელი, რაიმე ავადმყოფობა, მექანიკური დარტყმები ან სხვა რაიმე გარემო ფაქტორები; ხის ზრდა-განვითარება ნელდება ან გარკვეულ დონეზე ჩერდება. უჯრედები იწყებენ არაკანონზომიერ, ანომალიურ განვითარებას, რის შედეგადაც ხის ზრო ღებულობს არაბუნებრივ, ჯადოსნურ ფორმას. როდესაც კამბიუმის დაზიანება მკაცრად ლოკალიზებულ ხასიათს იღებს, დარღვევები ამ ადგილზე ისე მწვავდება, რომ ერთგვარი კორძები წარმოიქმნება. ხის ზრო ასეთი კორძებიდან ხან ვერტიკალური, ხანაც ჰოროზონტალური მიმართულებით იზრდება და უცნაურ ხვეულებს ქმნის. სინამდვილეში ეს ხვეულები სხვადასხვა მიზეზითაა წარმოქმნილი: მაგალითად, განვითარების გარკვეულ ეტაპზე ხის ზროსთვის ირიბად გაზრდა უფრო იოლი იყო, ვიდრე სწორხაზოვნად. ხეები სპირალივით უკვე მილიონობით წელია იხვევიან. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ბევრმა მეცნიერმა ჩაატარა ცდები და აწარმოა კვლევები და დაკვირვებები, თუ რატომ ხდება და რა იწვევს ამ პროცესს. აი, ხუთი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ღებულობს ხე უცნაურ ფორმას და რატომ არ იზრდება ის ვერტიკალურად. 1. გარეგანი დახვევა წარმოადგენს შედეგს რაიმე გარეგანი დაზიანებისა. 2. გარეგანი დახვევა განპირობებულია მემკვიდრეობითი ზრდის ფაქტორებით. დედა ხიდან ის ხშირად გადაეცემა შვილობილ ხეს და დამახასიათებელი ხდება ამ სახეობისათვის ან ესაა სიმახინჯე, რომელიც ნარჩუნდება ვეგეტატიური გამრავლების წყალობით. 3. დახვევა და კორძების წარმოქმნა რომელიმე ვირუსული დაავადების ბრალია. 4. ხის ზროს დახვევა წარმოებს არა გარედან, არამეს კამბიუმის შიგნით. ის ვითარდება მერქანს და მცენარის კანს შორის და ქმნის უცნაურ ხვეულებს. ხშირ შემთხვევაში შინაგანი დახვევა თვალისათვის შეუმჩნეველია და მცენარის შიგნით მიმდინარეობს. მას არანაირი კავშირი არ აქვს გარეგან დახვევასთან. 5. დახვევა არის იმის შედეგი, რომ მიწიდან ფესვებიანად ამოგლეჯილმა (გრიგალის ან სხვა ფაქტორის ზემოქმედებით) მცენარემ შეძლო გადარჩენა და სიცოცხლის თავიდან დაწყება. ის თითქოს მიილტვის მზისკენ სიცოცხლესთან შესახვედრად. 273 4-ს მოსწონს
|