სხვა "მიიყვანა ქალი პატარა ბავშვით მგელმა ჯიხასთან და მანამ არ მოშორდა ჯიხას, სანამ ქალი შიგ არ შეუშვეს" (ლეგენდა სოფელ ნახუნაოზე) 2019, 11 აპრილი, 23:33 ხალხში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, როდესაც სოფელ თამაკონს, ან ნახუნაოს (სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მეზობელი სოფლები) მტერი შემოესეოდა, ხალხი აიყრებოდა და "ნათურქუს" (ციხე-სიმაგრე, ხერგილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს ზემოთ, მდინარე ტეხურის ხეობაში, ლებარდის გზაზე) შეაფარებდა თავს. ეს იყო მტრისგან საიმედოდ დაცული ადგილი, აქ ციხეებში წყაროსთვალიც იყო, ხოლო ქვევრებში ღვინო, ბეღლებში სიმინდი, ღომი და ყველი ინახებოდა.ერთხელ ნახუნაოში მტერი შემოჭრილა, მაგრამ, საბედნიეროდ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ადრე გაუგიათ მოახლოვებული მტრის თარეშის შესახებ და სოფლის გარეთ, ციხისთვის შეუფარებიათ თავი."სოფელში ყველა კარი გამოიკეტა, მაგრამ ერთ ფაცხაში დედა დარჩა ჩვილით. ქმარი მეზობელ სოფელში იყო გადასული. ოჯახმა გახიზვნა ვერ შეძლო. თურქმა ამ ფაცხასაც მიაღწია. ნახა ქალი და ბავშვი, მივარდა ქალს, ბავშვი ხელიდან გააგდებინა და ნამუსის ახდა მოუნდომა. მაშინ ქალი ყელში კბილებით ჩააფრინდა მტერს და ყელი გამოღრღნა. თურქი დაეცა. ქალმა ბავშვი მკერდში ჩაიკრა და ტყეს მისცა თავი. იგი უგზოუკვლოდ მიდიოდა. მან არ იცოდა ჯიხის (ციხე, ციხესიმაგრე) გზა. უცბად წინ მგელი შემოეყარაო, - გვარწმუნებს გადმოცემა.მგელმა შეშინებულ ქალს შეღმუვლა, შემდგომ თათი ფეხზე შემოკრა და წინ წავიდა. ქალი ადგილზე გაქვავდა, ბავშვი გულთან მიიხუტა და ლოცვა დაიწყო, ღვთისმშობელს სთხოვდა დაცვას. მგელი ისევ დაბრუნდა და ყმუილით რაღაცას ანიშნებდა ქალს. ქალი თვითნებურად გაჰყვა მგელს. მგელი ყმუილით სულ მაღლა მიდიოდა, ხანდახან ქალთან ბრუნდებოდა და ყმუილით ანიშნებდა, გამომყევიო. ასე მიიყვანა ქალი პატარა ბავშვით მგელმა ჯიხასთან (მეგრულად "ციხე", "ციხესიმაგრე") და მანამ არ მოშორდა ჯიხას, სანამ ქალი შიგ არ შეუშვეს.ქალმა თავის ხალხს უამბო ეს გასაოცარი ამბავი".ეს უცნაური ლეგენდა ნახუნაოს შესახებ დღესაც ცოცხლობს ხალხში ნიშნად თურქის, ანუ მტრის ულმობლობის, სისასტიკისა. მგელმაც კი დაინდო დედა ჩვილით, როცა ადამიანმა, მტერმა შეურაცხყოფის მიყენება და ჩვილით განადგურება მოუნდომა.ხალხს ასე სწამს: დედას, ქალს მანდილოსანს ჩვილით, ძაღლი არ ერჩის, არ შეუყეფსო. მგელიც კი გვერდს უვლის ან უპატრონო ჩვილს იშვილებს კიდეც და იხსნის სიკვდილისაგანო. ადამიანი ვნებდა მხოლოდ ადამიანს.240 2-ს მოსწონს
|