საზოგადოება როგორ დავამზადოთ სააღდგომო დეკორაციები - კრაფტის სპეციალისტის რჩევები 2019, 10 აპრილი, 12:14 აღდგომის დღესასწაული დიდ სიხარულთან ერთად უკვე ლამაზ დეკორაციებსა და მორთულობასთან ასოცირდება. ისევე როგორც წინასაახალწლო პერიოდში, სააღდგომოდაც მაღაზიის ვიტრინები ლამაზად ირთვება. განსაკურებით აქტიურდება საოჯახო მაღაზიები, რომლებიც მომხმარებელს მრავალფეროვან დეკორაციებს სთავაზობს. ბოლო პერიოდში კი ძალიან აქტუალური გახდა ხელნაკეთი ნივთები, განსაკუთრებით კი საკუთარი ხელით დამზადებული ნივთებით სახლის მორთვა და გალამაზება. აღდგომის სიმბოლო ტრადიციულად წითელი კვერცხია, თუმცა ბოლო პერიოდში ევროპული სააღდგომო ტრადიციები საქართველოშიც გადმოდის და დიზაინში ხშირად შეხვდებით კურდღელს, ღია პასტელურ ფერებში შეღებილ კვერცხებს. სააღდგომო ტრადიციებსა და დეკორაციებზე სასაუბროდ კრაფტის სპეციალისტს, ანა უთურგაიძეს მივმართეთ, რომელმაც სააღდგომოდ რამდენიმე აქსესუარის გაკეთებაც გვასწავლა. როგორია სააღდგომო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში? ბევრ ქვეყანაში სააღდგომო ტრადიციებსა და მორთულობას დიდ ყურადღებას აქცევენ და ცდილობენ, ეს დღესასწაული უფრო მრავალფეროვანი და საზეიმო გახადონ. მაგალითად, იტალიაში ყოველ აღდგომას ამზადებენ ხელნაკეთ პალმებსა და უგემრიელეს იტალიურ ორცხობილებს. უკრაინასა და რუსეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვერცხების მოხატვაა, მათ ულამაზესი ორნამენტებით აფორმებენ. ფრანგები სააღდგომოდ აცხობენ ტკბილ პურს- ბრიოშს, გვატემალაში კი ადამიანები ერთად ამზადებენ ძალიან დიდ ხალიჩას ყვავილების, ხილისა და მარცვეულისაგან. სკანდინავიის ქვეყნებში უფროსები პატარებთან ერთად ჯადოსნურ ჯოხებს აფორმებენ, ხის ჯოხებზე ამაგრებენ ფერად ბუმბულებსა და მძივებს. გერმანიაში სააღდგომოდ კვერცხებს ხეებზე კიდებენ, ამიტომ ქუჩაში სეირნობისას უამრავ, ფერადი კვერცხებით მორთულ და გალამაზებულ ხეს შეხვდებით. ზოგადად, ევროპაში სააღდგომო დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი კურდღლები არიან. ტრადიციის თანახმად, სააღდგომოდ ისინი ბავშვებს ფერად კვერცხებს უმალავენ და ვინც ყველაზე მეტ კვერცხს მოაგროვებს ამ სახალისო თამაშში, ის არის გამარჯვებული. ფერადი კვერცხები კი მათთვის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში როგორი ტრადიციები გვაქვს, როგორ ალამაზენ სააღდგომოდ ინტერიერსა და სუფრას? საქართველოში უძველესი დროიდან კვერცხებს ძირითადად მხოლოდ წითლად ღებავდნენ, ჯეჯილს ზრდიდნენ და პასკებს აცხობდნენ. ყველაფრის მეტად გამრავალფეროვნება ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ბოლო ხანებში შემოვიდა ტენდენცია, რომ ამ ბედნიერი დღის აღსანიშნავად, ყველაფერს ახლებური იერი უნდა შევძინოთ. პატარ-პატარა მორთულობა და მეტი ფერები განსაკუთრებულ დატვირთვას მიანიჭებენ თქვენს დღესასწაულს. აქტუალურია სააღდგომო ჭურჭელი და დეკორაციები. ძირითადად გვხვდება ქათმით, ცხვრითა და კურდღლით გაფორმებული ნივთები. ასევე ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა წითელთან ერთად, კვერცხების სხვადასხვაფრად შეღებვა და მათი მოხატვა. სააღდგომო აქსესუარების საკუთარი ხელით შექმნა რამდენად აქტუალურია? ზოგადად, ბოლო პერიოდში კრაფტმა განსაკუთრებული ღირებულება შეიძინა. საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები ინტერიერის განუყრელი და საამაყო ნაწილი გახდა. ის ასევე ძალიან კარგი საჩუქარია. ისინი, ვისაც ხელსაქმე ეხერხება, ძალიან ალამაზებენ სააღდგომო სუფრას და უკეთეს განწყობას იქმნიან. სააღდგომო დეკორაციების გასაკეთებლად შეიძლება გამოიყენოთ თექა, მუყაოს ქაღალდი, ლენტები, მაქმანები, თიხა. სააღდგომოდ უმეტესად დაგჭირდებათ წითელი, მწვანე და ასევე, ღია პასტელური ფერები. კვერცხებს ხშირად აფორმებენ მაქმანებითა და ძაფებით, შესაძლებელია მისი მოხატვა და დეკუპაჟის გაკეთებაც. ასევე შესაძლებელია კვერცხისა და პასკის ჩასალაგებელი ლამაზი კალათების გაკეთებაც. ზოგადად, კრაფტს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. ნებისმიერი სააღდგომო თუ არასააღდგომო ნივთი, რომლსაც მაღაზიაში ნახავთ, შეგიძლიათ თქვენი ხელითაც გააკეთოთ. შეიძლება ზუსტად იდენტური არ გამოვიდეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი იდეაა და კრაფტის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები მათი საკუთარი ხელით გაკეთების საშუალებას მოგცემთ. მაგალითად, თექითა და წებოთი შეგიძლიათ გააკეთოთ კვერცხის ინდივიდუალური ჩასადები ბაჭიის ან სხვა თქვენთვის სასურველი ფორმის. კალათის გასაკეთებლად ცოტა მეტი მასალა დაგჭირდებათ. მაგალითად, ყვავილები და ლენტი გასაფორმებლად. ეს ყველაფერი სრულიად თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. მის დასამზადებლად კი სულ რაღაც 15-20 წუთი დაგჭრდებათ. საჭირო მასალა შეგიძლიათ იყიდოთ „ბიბლუსი გალერეაში“ განთავსებულ კრაფტის კუთხეში. კონსულტანტები საჭირო ნივთების შერჩევაშიც დაგეხმარებიან და ნივთების დასამზადებლად კვალიფიციურ რჩევასაც მოგცემენ. ხელსაქმის კეთებისას კი თქვენ სასიამოვნოდ განიტვირთებით და მიღებული შედეგითაც იამაყებთ. 86 3-ს მოსწონს
|