x
image
ელენე გუმა
"ჩემი ხელი ეჭირა და მემუდარებოდა სახლში წამოდი გთხოვ, წავიდეთო" - 9 აპრილის ღამის მძიმე ისტორია
9 აპრილის ერთ-ერთი მონაწილე, მაშინდელი სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი და საგაფიცვო კომიტეტის წევრი ლელა რაზიკაშვილი 1989 წლის აპრილის დღეებს იხსენებს.


„ვის ზურგზე ვიყავი ზურგით მიყრდნობილი, არ მახსოვს. ვისი ქურთუკი გვქონდა ასფალტზე გაფენილი, არც ის. უცნობი იყო ვიღაც, დიდი ალბათობით, იჯდა სადმე ახლოს, უქურთუკოდ და გმირულად უმკლავდებოდა ნაშუაღამევის სიცივეს. 12-ის მერე პოლიტიკური გამოსვლები აღარც იყო. მიკროფონს ძირითადად დრო გაჰყავდა. გადადიოდა ხელიდან ხელში, ლექსიდან სიმღერაზე, შიგადაშიგ მოკითხვებზე ამა თუ იმ რეგიონიდან. იშვიათად რაიმე ინფორმაციასაც ჩამოგვიგდებდა ხოლმე ცეკაში მიმდინარე შეკრებიდან... 4 საათი იყო უკვე. ვყვინთავდით ჩვენც და მიკროფონიც. ყველა ლექსი ნათქვამი იყო და ყველა სიმღერა ნამღერი.


ასფალტზე დამტვრეული გვერდების მიუხედავად, მუხლებში თავჩარგული მივყავდი ძილს, როცა ტრიბუნაზე პატარა ჩოჩქოლი ატყდა. ტრიბუნასთან მიგდებული მიკროფონის მიერ მოპარული სიტყვებიდან ჩანდა, რომ ერთ-ერთს რაღაცის თქმა უნდოდა, ვიღაც უშლიდა. ტრიბუნასთან ჭანტურია, წერეთელი და ბათიაშვილი ჩანდა ჩემიდან, ალბათ სხვებიც იყვნენ.


ბოლოს, თუ არ ვცდები წერეთელმა გაიტანა თავისი და მიკროფონში ჩაგვძახა: "ქალებისა და ბავშვების საყურადღებოდ! ახლავე ადექით და გადაინაცვლეთ ქაშუეთის ეზოში!!! წამოვცვივდით ფეხზე, ვიფიქრეთ, რომ დაიწყო... მაგრამ ქაშუეთისკენ დიდად არ დავძრულვართ, არც ადგილიდან დავძრულვართ კარგა ხანს, ერთმანეთს ვეძებდით თვალებით, დაძაბული ველოდებოდით ხმებს, მათ ხმებს, რომ გაგვეგო საიდან შეიძლებოდა მოსულიყვნენ!!!



...გვერდიდან მკლავში ჩამაფრინდა ვიღაც, მოვიხედე და ჩემი ერთ-ერთი მეგობრის გამზრდელი მამიდა იყო, ჩვენი ლექტორი. ვერ მივხვდი, იქ საიდან გაჩნდა, მანამდე არ გვეჩვენებოდა. მოშორებით იდგა, ალბათ, რომ არ დაგვენახა. დედ-მამით ობოლ ძმისშილს ზრდიდა ბავშვობიდან. ის იყო მისი სამშობლოც, აწმყოც და მომავალიც. მის გარეშე სახლში რომ არ დარჩენილიყო, არც იყო გასაკვირი.


ჩემი ხელი ეჭირა და აშკარად მოთოკილი ბრაზით, როგორც შეძლო ისე მეხვეწებოდა, არა მემუდარებოდა, ოღონდ ჩუმად, გიას რომ არ გაეგო და გადარეულიყო - ჩემს მეგობრებთან რატომ შემარცხვინე, იქ რა გინდოდა და ასეთები, როგორც იციან ხოლმე ... - სახლში წამოდი გთხოვ, წავიდეთ.... გეყოფათ უკვე, ხომ ხედავ რა ქენით, (მოედანზე მაჩვენებს) მეტი რაღა უნდა ქნათ, წავიდეთ გეხვეწები, გემუდარები, გთხოვ, შენ რომ წამოხვალ, ესენიც წამოვლენ, შენ თუ წამოხვალ, ისიც წამოვა... როგორც უფროსი, როგორც ადამიანი, როგორც ქალი, ყველაფრით მეხვეწებოდა...


ახლა, მე თვითონ 3 შვილის პატრონი მთელი ჩემი ტყავით ვგრძნობ მისი ხვეწნის სიმწარეს. მაშინაც ვგრძნობდი, რომ ისიც მართალი იყო, მაგრამ მაინც დაუნდობლად ვაქნევდი თავს. გია არ ჩანდა ახლომახლო. დიდი ალბათობით, ვინმე უცნობ გოგოს ეჯაჯგურებოდა და არწმუნებდა, ქაშუეთის ეზოში გახიზნულიყო და ის გოგოც უარს ეუბნებოდა, ისევე, როგორც მე მამიდამისს... 8 აპრილი წამოთენდა, სინათლე რომ ჩამოდგა მერე წამოვედით. ცრუ განგაში გამოვიდა... ცოტა გამოვიძინეთ და ისევ დავიწყეთ შეკრება. 9-ში ზუსტად იმ დროს, ზუსტად იმ საათზე უკვე პატრიაქმა მიგვითითა ქაშუეთის ეზოსკენ... არც მის მოწოდებაზე წავედით!"- წერს ლელა რაზიკაშვილი.


image

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0