სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ლექტორი თენგიზ ფხალაძე 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სტუდენტების ცოდნაზე წერს.
"ფრენდებისათვის" ცნობილია, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში ვკითხულობ. ასევე ხშირად მიწვევენ საჯარეო ლექციებზეც. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა იმ კონკრეტული სასწავლო დაწესებულების დასახელება, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. მით უფრო არ მინდა მსმენელთა, ანუ სტუდენტთა გამჟღავნება.
გახსოვთ, ორიოდ დღის წინ, ყველამ (მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც) ვიზეიმეთ/აღვნიშნეთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე. რამდენიმე დღეში 9 აპრილის 30 წლისთავიც მოდის... ჰოდა სულ ახლახან, ერთ-ერთ ლექციაზე, საბჭოთა სისტემაზე საუბრისას, სიტყვამ მოიტანა და მეც ვახსენე 9 აპრილი. ამ თემას აუდიტორია სრულიად უემოციოდ შეხვდა.
9 აპრილი, ხომ იცით? - ვიკითხე გაკვირვებულმა. აღმოჩნდა, რომ არ იციან! ზოგიერთს გაგონილი აქვს მხოლოდ! ასევე ზოგს გაუგია, რომ არსებობდნენ გამსახურდია, კოსტავა და.... და სხვა ვერ გაიხსენეს!!!
- ზვიად გამსახურდიას რამე თუ წაგიკითხავთ? - ვიკითხე მოკრძალებით.
- არა!
- კოსტავასი?
- არა!
- რის გამო დაიწყო გამოსვლები?
არ იციან!
- აფხაზეთში იყო რაღაც - ამბობს ერთი (ღმერთო, კიდევ კარგი რაღაც გაუგიათ).
- რა იყო?
- მგონი რაღაც კრება ჩატარდა.... რაღაც დოკუმენტი, არა მიმართვა გავრცელდა.... გამოყოფა უნდოდათ....
ასე ნაწილ-ნაწილ, ფრაგმეტ-ფრაგმენტ ვცდილობთ რაღაცის ფაზლივით აწყობას. მაგრამ რაც არ იცი, რა უნდა ააწყო, ან გაიხსენო!
ახლაც მიჭირს გადმოგცეთ, რაც იმწამს განვიცადე. რაის ნატო და რის ევროკავშირი?! საკუთარი ისტორია არ ვიცით! თანაც არა ბაბუაჩემის ბაბუის დროინდელი, არამედ თანამედროვე, სულ ახლახან მომხდარი! არ ვიცით როგორ და რის ფასად აღვიდგინეთ სახელმწიფოებრიობა. რომ ცივი ომი ჩვენთვის "ცივი" არ ყოფილა და რომ ბევრმა, მათ შორის ამ ლექციაზე მყოფი სტუდენტების ტოლებმა საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ამისათვის!
დიახ, არ ვიცით! ხოლო ვინც ვიცით, თავის დროზე ალბათ არ ჩავთვალეთ საჭიროდ სათანადოდ გვესწავლებინა ეს ისტორია მათთვის, ვინც უკვე ასე ნანატრ და ძნელადმისაღწევ დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა!
ახლა არ მითხრათ, ყველა ხომ ასე არ არისო! რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ეს ის საკითხი არაა, რაოდენობით რომ იზომებოდეს! არის რაღაც, რაც ყველამ უნდა იცოდეს და არის იდეალები, რომელთა დავიწყებაც არ შეიძლება! ეს ღირსების საკითხია, რომელიც ჩვენივე თავის მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს და შესაბამისად განსაზღვრავს ჩვენს აწმყოსაც და მომავალსაც!
ამიტომაა, რომ ადვილად ვიჯერებთ ათასგვარ მითს და დეზინფორმაციას, რომელსაც მტერი და მოშურნე უხვად გვაბერტყავს "ცოდნისაგან შემსუბუქებულ" თავებზე. ჰოდა სასწრაფოდ რამე თუ არ ვიღონეთ, ეს "Tabula rasa"-ს აუცილებლად შეივსება ჩვენთვის ძალიან არსასურველი და საშიში შინაარსით!