საზოგადოება „იმ 30 ლარიანი ვაუჩერის გამოყენებას ცდილობდნენ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს რომ მისცა სახელმწიფომ" - თამო კეშელავა 2019, 4 აპრილი, 12:54
ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სევდიან ისტორიას ჰყვება, რომელიც ერთ-ერთი მაღაზიაში მოხდა.
ერთ-ერთ დიდ მარკეტში მომიწია შესვლა და ჩემ წინ ოჯახი შევიდა - დედა, მამა და შვილი.
ისე მოხდა, რომ სექციებშიც ერთად დავდიოდით... მერე უკვე დავყვებოდი, თავჩარგული ჭირისუფალივით... არაფრით გამოირჩეოდა, გარდა იმისა, რომ ოჯახს სიღატაკის სუნი ჰქონდა... იმ 30-ლარიანი ვაუჩერის გამოყენებას ცდილობდნენ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს რომ მისცა სახელმწიფომ... აქციები იკითხეს - რა აქციაც იყო, არ მოეწონათ, მაინც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იქ (არ ვწერ მაღაზიის სახელებს). კარტოფილი - იაფია, მაგრამ ძალიან დაჭმული, ერთი კილოდან, ნახევარი კილოც არ გამოვა - მოწყენილად დააბრუნეს უკან. მაკარონიც ეძვირათ... სოიასთანაც გაჩერდნენ და სოიას კოტლეტზეც იმსჯელეს, მაგრამ ეგეც ვერ ჩაჯდა ბიუჯეტში. ლობიო იყიდეს და მწვანილი, მაიონეზი და ზეთი ეძვირათ და მაინც შეიძინეს, დიდხანს არჩიეს ძეხვი, დიდხანს ეძებდნენ იაფიან ძეხვს და რაღაც იპოვეს. - სალფეთქი და ტუალეტის ქაღალდი არ დაგვავიწყდეს - იმეორებდა ქალი სექსიებში სიარულისას და ბავშვმა იპოვა, აარჩია ფასის მიხედვით და დადო. - კვერცი არ გაქვთ აქციაში? მიაწოდეს. -ეს უკეთესია - ურჩიეს... - ფასს დახედა, მეც დავხედე - ლარნახევრით მეტი ღირდა, უსიტყვოდ გავაქნიეთ თავი ორივემ... ბავშვს ბუტერბროტი უნდოდა, ძეხვიც ამ პრინციპით აირჩა და მაიონეზი, ხოდა, როცა ჯერი დაჭრილ პურზე მიდგა, ტოსტის პური აიღეს. - ჩვეულებრივი დაჭრილი პური ლარი ღირს და ეს ორ ლარზე მეტი, ჩვეულებრივი ხომ არ ავიღოთ - კითხულობს ბიჭი? - არა, ტოსტის აიღე, ყოველდღე ხომ არ ვაკეთებთ - ამაყად უთხრა დედამ. მამა მთელი ეს დრო ანგარიშობდა, პროდუქტების ფასს ითვლიდა, რომ 30 ლარს არ გადაცდენილიყო, გაჩერდა რამდენიმე წამი, კიდევ იბუტბუტა და: - მიდი, კეჩუპიც აიღე... - მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს... - რომელი აიღე? - თაროს ახედა მამამ... - ყველაზე იაფიანი - მკვირცხლად დაუბრუნა ბიჭმა პასუხი. - ლიმონათსაც ვიყიდით, მგონი - კმაყოფილი დარჩა კეჩუპის საფასურით კაცი. თავისუფალი სალაროსკენ წავიდნენ.... მოაბრუნეს, ბავშვის ბარათებს ერთი ემსახურებაო. ჩააყენეს რიგში. ამ რიგში ყველას ერთი სუნი ჰქონდა... ამიტომაც აყენებენ ალბათ, ერთ რიგში, სხვები რომ არ შეწუხდნენ, ფულისსუნიანები, ძვირად ღირებული საკვების სუნით გაჟღენთილები. მოაღწია რიგმა და ... - 30 ლარი და 55 თეთრი. - დავამატებ - ხელი წაივლო ჯიბისკენ ქალმა. - არ შეიძლება, რამე უნდა ამოვაკლოთ. გადახედეს და: - სალფეთქი ამოვაკლოთ... - უი, სალფეთქი და ტუალეტის ქაღალდი ისედაც არ შეიძლება, ამ ვაუჩერით მხოლოდ საკვები - სალფეთქი და ტუალეტის ქაღალდი ჰიგიენის საშუალებებია - აუხსნეს და გადადეს. ორი-ორი ცალი ჰქონდათ აღებული და ახლა ორ ლარზე მეტი მორჩა. - შოკოლადი შეიძლება? - კი. - აიღე, თავზე გადაუსვა ხელი ვაჟს კაცმა... არჩია, უყურა, მერე ცხელი შოკოლადის ერთი პაკეტი აიღო მხოლოდ და :- მოდი, მაკარონი ავიღოთ დანარჩენის - შესთავაზა მშობლებს. ბედნიერები გამოვიდნენ გარეთ, ბავშვი მეგობარს ელოდა, რომ ბუტერბროტი მასთან ერთად ეჭამა. მამას ამაყად მოჰქონდა პარკები, ქალი ჯიბეებს იჩხრეკდა... ბოლო ფრაზა, რასაც ყური მოვკარი, იყო: - ლარი და 35 მაქვს, ტუალეტის ქაღალს ვიყიდით, სალფეთქი იყოს, არ მინდა. - ნეტა, გვეყიდა... - მომერიდა მეორედ მიბრუნება, ხომ ნახე, სანამ ჩვენ არ მოვრჩით, სხვისი ბარათი არ გაატარეს, ისედაც ვალოდინეთ ხალხი. - მომეცი, დე, გადავირბენ და ვიყიდი- მკვირცხლად მიუგო ბიჭმა. ამ ქვეყანას რომ პოლიტიკის და ეროტიული ვიდეოების ყურების დრო რჩება, ლანძღვის დროც რომ რჩება და პოლიტიკური ქულების და გარჩევების... შემეძლო სალფეთქი მეყიდა, მაგრამ მომერიდა... მეტი არ შემეძლო, ჩემი მაცივარიც ცარიელი იყო, ჩემს შვილსაც შიოდა. მეც სიღატაკის სუნი ამდიოდა... არ შემეძლო მეტი და უძლურება მკლავდა... მკლავს, ახლაც მკლავს... ერთი კვირის წინანდელს გიყვებით და ახლაც მკლავს.... მივბრუნდი, მეც ვიყიდე იაფიანი ძეხვი, მაიონეზი, კეჩუპი და მომწამვლელი იაფიანი ლიმონათი, ძვირიანი ტოსტის პური, მოვედი, მომაფრინდა ჩემი შვილი, დავუპატიჟე მეც მეგობარი... მას მერე სალფეთქი არ მიყიდია, რა დამავიწყებს, მაგრამ - მინდა, სალფელთქის ყოველი საჭიროებისას - ის ოჯახი გამახსენდეს, ოჯახი, რომელსაც სიღატაკის სუნი ჰქონდა, ოჯახი, რომელმაც ჩემი სიღატაკის სუნი მაგრძნობინა... შევედი აბაზანაში, დიდხანს ვიხეხე, მაგრამ გამოვედი, გავაღე მაცივრის კარი და გავიჟღინთე ისევ იგივე სუნით, გავედი აივანზე და მომაფრინდა იგივე სუნი, მას მერე ყველგან ვგრძნობ, მას მერე ვერ ვიშორებ და მძაგს, თავი მძაგს, რომ ყნოსვა მაქვს და საშუალება არა, რამის შეცვლის... პ.ს. ხო, ის ქალი ეროვნებით სლავი იყო, სლავური აქცენტი და გარეგნობა ჰქონდა, კაცი - ქართველი. ის ქალი, ისე სიყვარულით უყურებდა, ისე თბილად ამ სიღატაკით გაჟღენთილ კაცს - შემშურდა... 102 4-ს მოსწონს
|