x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
,,ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზთა გულებისაკენ და გავაერთიანებთ სამშობლოს”

image

... წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა, მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!

26 წელი გავიდა, რაც შინაური თუ გარეული მტრების მეცადინეობით, დედა-სამშობლოს მოწყვეტილია აფხაზეთი. 26 წელიწადია, გაისმის „დავიბრუნებთ“... ეს სიტყვა ყოველ წელს სულ სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. დროთა განმავლობაში, აფხაზეთის “დაბრუნების” კონტექსტიც ისევე იცვლება, როგორც თაობები, პრობლემა კი გადაუჭრელი და მოუგვარებელი რჩება.
დღეს, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მავთულხლართებისა, თუ სხვადასხვა ტიპის საფორთიფიკაციო საშუალებების აგებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხშირად საპასუხოდ გაისმის, რომ 21-ე საუკუნეში “ახალი კედლის’” აგებას პერსპექტივა არა აქვს და ეს საოკუპაციო გამყოფი ზოლებიც აუცილებლად მოიშლება.
ამ რწმენას ნელ-ნელა აფერმკრთალებს დრო და რაც მთავარია, 1992 წლის 14 აგვისტოდან დაღვრილი სისხლით შედუღაბებული მტრობა და სიძულვილი, გაუცხოება, რისი დაძლევაც ისევ მხოლოდ ქართველთა და აფხაზთა სინანულით და სამშობლოს გაერთიანებითაა შესაძლებელი.
27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღე) საქართველოში გლოვის დღეა, აფხაზები კი თავიანთ “გამარჯვებასა და გათავისუფლებას” ზეიმობენ.
1993 წლის 27 სექტემბერი შედეგია იმ ავბედითი 1992 წლის 14 აგვისტოსი, როდესაც ხუნტისა და მის დამქაშთა გამოისობით, პირველად გავარდა ტყვია და პირველი ქართველი და აფხაზი დაიღუპა. დღე, როდესაც ძმამ ძმაზე ხელი აიღო, დღე, როდესაც ერთდროულად ჩაიცვეს ქართველმა და აფხაზმა ქალებმა ძაძები. სწორედ ამ დღემ, საქართველოს ვერაგი მტრების წადილითა და მონაწილეობით მოუსწრაფა სიცოცხლე ათასობით ყმაწვილ ქართველსა და აფხაზს. ამ დღემ დაგვაკარგინა ქვეყნის გენოფონდი... ამ დღეს შეველიეთ ჩვენს აფაზეთსა და აფხაზებს... ამ დღეს ჩაინგრა ხიდი ენგურზე და დღემდე ვერავინ აღადგინა...
იქნებ, სწორედ, 14 აგვისტო, როგორც საწყისი საქართველოს ომის შედეგად დაქუცმაცებისა უნდა გახდეს დღე ქართველთა და აფხაზთა საერთო ტკივილისა, დღე სინანულისა, რომელმაც უნდა გვაპოვნინოს ერთმანეთისაკენ სავალი გზა, ძალა შურისძიების სურვილზე ამაღლებისა და საერთო გამარჯვებისა. იქნებ, მალე, კეთილი ნების გამომხატველმა გონიერმა დროის მანქანამ უფლის შეწევნით შეგვაძლებინოს, საქართველოს სამართლებრივ სივრცეში დაბრუნების მიზნით, ერისა და ქვეყნის კვლავ გამთლიანება, თორემ, გარეშე ქვეყნების, თუნდაც კეთილი ნებით, მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის მოთხოვნები მალევე გაუფერულდება და დავიწყებას მიეცემა! საქართველოს კეთილდღეობისათვის დღეს ხომ ჰაერივით საჭიროა ერთიანობა და სიმტკიცე, შემწყნარებლობა და მიმტევებლობა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობით ეროვნული-სახელმწიფოებრივი ინტერესების წინა პლანზე დაყენება.
სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა და მომავალი ლეგიტიმური ხელისუფლების სამართლიანი გზით არჩევა, დაქუცმაცებული საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გამთლიანება და რეალური ეროვნული თანხმობის მიღწევა ესაა ერთადერთი შესაძლებლობა ქვექნის გადარჩენისა და კეთილდღეობისა! ამასთან, ეს გზა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, ქვეყნის საბოლოო, საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანობისა და გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება. კანონიერება და სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს! სიმართლე ყოვლისშემძლეა!

საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება"

0
26
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0