საზოგადოება მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტული და მილიონი დოლარი კენიელ პიტერ ტაბიჩს ერგო 2019, 25 მარტი, 0:13 ამ დღეებში მთელი საქართველოს ყურადღება მიპყრობილი იყო დუბაისკენ, სადაც ტარდებოდა კონკურსი მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენელმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ პირველი ადგილი და მთავარი ჯილდო ვერ მოიპოვა, თუმცა საუკეთესო ათეულში შესვლა თავისთავად უკვე დიდი წარმატებაა. კონკურსის გამარჯვებული კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა.
![]() მასწავლებელი კენიის პატარა სოფლიდან, რომელიც თავისი ხელფასის უმეტეს ნაწილს ღარიბ ბავშვებს უნაწილებს, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს და მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ![]() 36 წლის პიტერ ტაბიჩი კენიის სოფელ პვანის საშუალო სკოლაში ასწავლის. მოსწავლეები სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან. თავად პიტერი ფრანცისკანელების რელიგიური ორდენის წევრია. სწორედ ის გახდა დუბაიში გამართული კონკურსის Global Teacher Prize-ის გამარჯვებული. ![]() ტაბიჩის სოფელი კენიის ყველაზე ღარიბ რეგიონში მდებარეობს, სადაც ხშირია გვალვები, სასმელი წყლის ნაკლებობა და შიმშილობა. მოსწავლეების 95% ღარიბი ოჯახებიდანაა, თითქმის მესამედი ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს. ბავშვების უმეტესობას სახლში საჭმელი არ აქვს. სოფელში წამალდამოკიდებულება, მოზარდების ორსულობა და სუიციდი ჩვეულებრივი მოვლენებია. სკოლაში, სადაც ტაბიჩი ასწავლის, მხოლოდ ერთი კომპიუტერი და ძალიან დაბალი ხარისხის ინტერნეტია. თითოეულ კლასში აქ 70-80 მოსწავლეა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში პედაგოგების მუშაობა ძალიან რთულია. სკოლაში რომ მივიდნენ, მოსწავლეებს შვიდი კილომეტრის ფეხით გავლა უხდებათ. ![]() ტაბიჩი მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებელია. ის თავისი ხელფასის 80%-ს ღარიბი ბავშვებისათვის სახელმძღვანელოების და სკოლის ფორმების შეძენაზე ხარჯავს. "ფული - ეს ყველაფერი არაა", -ამბობს პიტერ ტაბიჩი. ის ცდილობს მოსწავლეებს მეცნიერებისადმის სიყვარული გაუღვივოს. პიტერმა სკოლაში მეცნიერების კლუბი დააარსა. მასწავლებელი მოსწავლეებს ეხმარება კვლევითი პროექტის განხორციელებაში და მისი მოსწავლეების 60% ეროვნულ შეჯიბრებებში მონაწილეობს. მისი ხელმძღვანელობით გასულ წელს კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა წარადგინეს, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საგნების გაზომვის საშუალება ეძლევათ. ![]() ტაბიჩი ხშირად დადის ხოლმე იმ ოჯახებში, საიდანაც ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ უსახსრობის გამო. ის არწმუნებს მშობლებს, რომლებსაც არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება სურთ, რომ მისცენ მათ სკოლის დამთავრების საშუალება. ![]() Global Teacher Prize -ის პრემია ყოველწლიურად მიენიჭება წლის საუკეთესო მასწავლებელს. კონკურსის ჟიური 150 კაცისგანა შედგება. პრემიის დამაარსებელია ინდოელი ბიზნესმენი სანი ვარკი. კონკურსის მიზანი, ვარკის თქმით, მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაა. პრემიის გამარჯვებული შეირჩა ათასობით კონკურსანტისაგან, რომლებიც მსოფლიოს 179 ქვეყნიდან იყვნენ წარდგენილნი. "-პატრიკ ტაბიჩის ისტორია უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი მათთვის, ვისაც მასწავლებლობა სურს", - აღნიშნა თავის გამოსვლაში პრემიის დამაარსებელმა სანი ვარკიმ. 105 9-ს მოსწონს
|