x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138971
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ქართული მითოლოგია - პირქუში
პირქუში


პირქუში თავიდან ძალიან კარგი გარეგნობის მქონე ახალგაზრდა მჭედელი კაცი იყო, ხევსური, სახელად დავით მგელაის შვილი. ქალებს ძალიან მოსწონდათ, მაგრამ მას ჭკუაში არ უჯდებოდა, რომ მათთან ყოფილიყო. "შეულახველი" იყო. ქალების დიდი ყურადღებით შეწუხებულმა პირქუშმა ღმერთს შესთხოვა ისეთი რამ დაემართა მისთვის, რომ ქალებს მისკენ აღარ გამოეხედათ, თორემ შემაცდენენო. მორიგე ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა და "ბედნიერი" ანუ ავადმყოფობა, ციმბირის წყლული თუ ყვავილის დაავადება შეჰყარა. ხევსურულ გადმოცემაში ამბობენ, რომ ამას მისთვის პირი ისე "გადაუტრუშია", რომ ქალებში აღარ სარგებლობდა უწინდელი პოპულარობით და ასე გამხდარა პირქუში. მაგრამ ბოლომდე მასთან დარჩა მსახურად 3 ქალი, ერთ-ერთი ამ ქალთაგანი სილამაზით ძალიან გამოირჩეოდა, სახელად ელენე ერქვა. დავითი ნაწილიანიც იყო - როცა ეძინა ბეჭებს შუიდან შუქი ამოსდიოდა და იქაურობას უცხო წარმომავლობის, ღვთაებრივი შუქით ანათებდა.


პირქუში


ერთ დღეს გრდემლზე ავის მომასწავებელი წარწერა თავისით გაჩნდა. ეს მისთვის გამოგზავნილი ზებუნებრივი გაფრთხილება იყო თავისი სიკვდილის მოახლოების შესახებ. გრდემლზე ეწერა: მგელაიშვილი დავითი ამა და ამ დღეს მოკვდებაო. პირქუშმა ყველანაირი ხერხი გამოიყენა, გრდემლი ცეცხლშიც ჩააგდო, მაგრამ ვერაფრით მოახერხა ამ ავისმომასწავებელი წარწერის ამოშლა, რომ იქნებ როგორმე გაეუქმებინა წინასწარმეტყველება, რომელიც მან წყევლად მიიჩნია. წინასწარმეტყველება ახდა. პირქუში სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა, რაც გრდემლზე ეწერა. მაგრამ აქ არ დასრულდა მისი ისტორია. ვინაიდან დავითმა, რომელიც ნაწილიანი იყო, მთელი ცხოვრება ღირსეულად გაატარა და ზებუნებრივი ძალების კეთილგანწყობა დაიმსახურა, მორიგე ღმერთმა სიკვდილის შემდეგ ნება მისცა, რომ პირქუში ხვთისშვილთა რიგებში შესულიყო. ასე გადაიქცა ნაწილიანი პირქუში ღვთისშვილად. გარდაცვლილი პირქუში ანგელოზის მსგავს ადამიანთა მცველად იქცა და თავდაპირველად ახადში დაივანა. შემდეგ უკვე ახადიდან პირქუშის მთავარი ძალა ბაცალიგოში წავიდა და იქ დაივანა.



პირქუში


იმ დროში მიმდინარეობდა დიდი ბრძოლები ხალხის დასახმარებლად მორიგე ღმერთისგან გამოგზავნილ ხვთისშვილთა და საყმოთა ამწიოკებელ დევებს შორის. ამ ბრძოლაში ხვთისშვილად ქცეული პირქუშიც ჩაერთო. ვინაიდან პირქუში ორად გაიყო, ახადში დარჩენილ მის ნაწილს იმდენი ძალა აღარ დარჩენია, რამდენიც დევებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იქნებოდა საჭირო. ამიტომ ქადაგის პირით დევებს დაემუქრა: თქვე პირმზორიანებო, მე თუ ძალი არ შემწევს, რომ თქვენ გაგაცამტვეროთ, ბაცალიგოს ლეკურთაში მდგომ ჩემს მოძმე პირქუშს გავაგებინებ და ერთიანად ამოგწყვეტთო.


პირქუში


დევებთან ბრძოლაში მათ მიერ დატყვევებულ პირქუშს დამხმარეებიც გამოუჩნდა - ხვთისშვილები წყაროსთაული წმინდა გიორგი და კოპალა. მადლიერმა პირქუშმა წყაროსთაულ წმინდა გიორგის, რომელიც ძალიან კარგი მოისარი იყო, მადლიერების ნიშნად მშვილდ-ისარი გამოუჭედა, ასევე სხვა იარაღები და თასები. კოპალას კი - უზარმაზარი ზარი, მის სადიდებლად ხალხის მიერ დასარეკად.


პირქუში


პირქუში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მჭედლების მფარველი და მასწავლებელი იყო. ხუცესები მის სადიდებელს ასე წარმოთქვამენ: "დიდება შენთვის პირქუშის წმინდა გიორგიო, ახადის გორზე ბრძანებულო, რკინის მახვილთა, ჯაჭვთა, პერანგთა მკეთებელო, ურჯულოთ დასალევადა ხმლებისა და ჯანჯლების მკეთებელო."

პირქუშის სალოცავები დღეს ფშავშია, მაგალითად სოფელ ახადში და ხევსურეთში - სოფელ ბაცალიგოში.



ზენ ბაცალიგოს თოვლსა სთოვს,

ქვენ ბაცალიგოს შრებისა,

თინიბექაურთ ციხესა

კუთხი მარჯვენა სქდებისა.

ზედა ზის შავი ყორანი,

ლიბუში გველი ძვრებისა,

შიგა წევს თინიბექაი,

გულს უწადინოდ კვდებისა.

გვერდს უზის ცოლი ლამაზი,

სანთელივითა დნებისა.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
627
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0