საბუნებისმეტყველო სასწაულმა, რომელიც ამ დღეებში მიჩიგანის ტბაზე მოხდა, ათასობით ადამიანი განაცვიფრა 2019, 25 მარტი, 9:31 ბუნება რომ ყველაზე საუკეთესო მხატვარია - ეს კარგად ვიცით. მიჩიგანის ტბაზე ამ დღეებში მომხდარი სასწაული ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. უზარმაზარი წყლის "ტილო" დაიფარა ყინულის მბრწყინავი, თხელი ნატეხებით, რომლებიც ტბის ზედაპირზე გასაოცარ ფიგურებს და ფორმებს ქმნიან. ეს მოვლენა გამოიწვია ტბაზე არსებული ყინულის ქვეშ წყლის მოძრაობამ მას შემდეგ, რაც ყინულმა დაიწყო გადნობა არნახულად მკაცრი ზამთრის შემდეგ.
აი ასე გამოიყურება მიჩიგანის ტბა დღეს: გაზაფხულის სითბომ ის ყინულის უამრავი ნამსხვრევით დაფარა. მტკნარი წყალი გაიყინა და ისე გამოიყურება, როგორც ცისფერ ფილებზე გაკეთებული საოცარი სილამაზის მოზაიკა. ეს ფენომენალური მოვლენა, რომელსაც ადგილობრივები "დრაკონის ქერცლს" უწოდებენ, გამოიწვია გაზაფხულის სითბომ. ყინულის ქვეშ არსებული წყლის ტემპერატურამ სწრაფად დაიწყო მატება, წყალი აწვება ყინულის საფარს და იწვევს მის ამოტეხვას, ყინულის ნატეხები კი ისე ლამაზად ეწყობა ერთმანეთზე, როგორც სწორწახნაგოვანი ფილები, ქმნიან რა ამ დროს თვალწარმტაც სურათს. სანაპიროს დაცვა აფრთხილებს ტბის ულამაზესი ხედებით დატკბობის მსურველებს, რომ ახლოს არ მივიდნენ ტბასთან და მხოლოდ შორიდან უცქირონ ამ მშვენიერ სანახაობას, რადგან წელიწადის ამ დროს ყინული უკვე შეთხელებულია და ფეხებქვეშ იოლად იმსხვრევა. ''დრაკონის ქერცლი''- ერთადერთი სანახაობა როდია, რომლის ნახვაც გაზაფხულობითაა შესაძლებელი მიჩიგანის ტბაზე. გასულ კვირაში ათასობით ადამიანი მოგროვდა პატარა ქალაქ პეტოსკითან ახლოს, რათა საკუთარი თვალით ეხილათ იესო ქრისტეს ჯვარცმის სკულპტურა, რომელიც წყალქვეშ მდებარეობს. მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო 15 მეტრი სიმაღლის და 840 კილოგრამი წონის მარმარილოს ფიგურა 2015 წლის შემდეგ აღარავის უნახავს. არც წელს იყო იმის იმედი, რომ ქანდაკება გამოჩნდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, 1200-ზე მეტი ტურისტის ლოცვა შესმენილ იქნა და ტბის ზედაპირზე ყინულის თხელი საფარველის ჩამტვრევის შემდეგ მათ დაინახეს წყლის ფსკერზე განთავსებული იესოს უზარმაზარი ფიგურა. სტატუა შეიქმნა 1956 წელს მათი ხსოვნის აღსანიშნავად, ვინც მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში დაიღუპა, ხოლო ქანდაკების სანახავად ტურისტების მოსვლა ტრადიციად იქცა 1986 წლიდან. მიჩიგანის ტბის ხელთუქმნელი სილამაზე თვალს იტაცებს თავისი დახვეწილობითა და გრანდიოზულობით. ბუნებას ჯერ კიდევ ძალუძს ჩვენი გაოცება და თავისი ძალის დემონსტრირება. წყალი არამარტო სიცოცხლის, არამედ ხელოვნების წყაროცაა, რომელშიც ხორცს ისხამს ნამდვილი, ბუნებრივი შედევრები. 2925 10-ს მოსწონს
|