„სასწორზეა ჩემი შვილების მომავალი ანუ ჩემი სოცოცხლე, გამაბედინა თქვენ ასეთი თხოვნით მოგმართოთ" - ირინა სარიშვილი
ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც საკუთარი ოჯახის პრობლემის შესახებ წერს და მოსახლეობას დახმარებას სთხოვს.
“2018 წლის აგვისტოში ჩემმა მეგობრებმა ამერიკაში ცნობილ ამერიკულ საიტზე gofundme წამოიწყეს კამპანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბინის შესაძენი თანხის მოსაგროვებლად.
ჩემი მეგობრები დიდი ხანია ამის გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ იწყებდნენ იმის გამო, რომ მე თვითონ ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი ამ გზით ჩემი ოჯახის პრობლემის გადაწყვეტის, რადგან ჯერ ერთი, ბინა მუდმივად შენია თუ ნაქირავები, ჩემთვის არანაირ ტრაგედიას არ წარმოადგენს, ასე ამ ქვეყნადაც დროებით ვართ; და მეორეც – დახმარებისთვის მიმართო სხვებს, მით უმეტეს ამ გაჭირვებულ ყოფაში, ჩემთვის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ეხება.
მიზეზი, რის გამოც მე დავთანხმდი ჩემს მეგობრებს ამ კამპანიის დაწყებაზე, არ არის უბრალოდ ბინის თემა, რომელიც, ვიმეორებ მე ნაკლებად მაღელვებს, რაკი თუნდაც ქირით ცხოვრების საშუალება გვაქვს.
საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ჩემი პატარების შვილად აყვანის საკითხი სასამართლოს გადაეცა. მართალი გითხრათ, მე ამის გაკეთებას უფრო მოგვიანებით, სადღაც 2–3 წელიწადში ვაპირებდი, რადგან ჯერ ერთი, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, როგორც კი ბავშვს ოფიციალურად შვილად გააფორმებ, სახელმწიფო დახმარება წყდება. ეს დახმარება კი ნამდვილად არ არის ზედმეტი პრობლემური ბავშვის სრულფასოვნად მოსავლელად. უფრო მეტიც, მარტო მასაჟებს რა თანხაც სჭირდება, ბევრად აღემატება ამ დახმარების რაოდენობას (სახელმწიფო ვარჯიშების იმის მესამედსაც ვერ აფინანსებს, რაც პრობლემური ბავშვებისთვის აუცილებელია); და მეორე მიზეზი – ეს გახლდათ ბინის საკუთრებაში არქონა, რაც პრობლემა შეიძლება გახდეს სასამართლო პროცესზე.
ასეა თუ ისე, “კეთილისმსურველების” თუ რამე სხვა მოსაზრების გამო ჩვენი საქმე უკვე სასამართლოშია.
ეხლა ამის მიზეზებზე საუბარს აზრი აღარა აქვს.
ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის ის, რომ მე არ მაქვს ბინა საკუთრებაში, რასაც ითხოვს სასამართლო. ამდენად, ბინის თემა ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა და პირდაპირ კავშირშია ჩემი შვილების მომავალთან.
ამიტომ და მხოლოდ ამიტომ დავთანხმდი ჩემს მეგობრებს ჩემი ბინის შესაძენი თანხის მოგროვების კამპანიის დაწყებაზე და მხოლოდ ამიტომ მოგმართავთ დახმარებისთვის ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩემი პატარების და მთლიანად ჩემი ოჯახის მომავალი.
კარგად ვიცი, როგორ უჭირს დღეს ყველას და სურვილიც რომ ჰქონდეს, დიდი თანხით დახმარება უმრავლესობას არ შეუძლია. ასეთი კამპანიის დროს არანაირი მნიშვნელობა ამას არა აქვს. მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც გვერდით დაგვიდგება და მაშინ სულ მცირედი შენატანიც ჯამში საკმარისი იქნება. სულერთია, როგორი და რამხელა, უბრალოდ ბინის შესაძენად, რომ მე სასამართლოსთვის ბინის საკუთრების ცნობა მქონდეს.
არ ვიცი, რამდენად გასაგებად აგიხსენით ჩემი პრობლემა. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი არა ჩემი ქედმაღლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ კარგად ვიცი, როგორ უჭირს დღეს ყველას და რამდენი მატერიალურად ჩემზე უარეს დღეშია. მე და ჩემ ოჯახს იმდენი მეგობარი გვახვევია თავს, რომ ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. უბრალოდ იმან, რომ სასწორზეა ჩემი შვილების მომავალი ანუ ჩემი სოცოცხლე, გამაბედვინა, თქვენ ასეთი თხოვნით მოგმართოთ.
დიდი ბოდიში და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ამ თხოვნას.
სტატუსის პირველივე კომენტარში ჩემს გვერდზე თქვენ ნახავთ ამ საიტის ბმულს, შეხვალთ და შემდეგ ინსტრუქციის მიხედვით მოიქცევით, ვინც თუნდაც ძალიან მცირედით დახმარებას გადაწყვეტს.
თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე სხვა გზა ურჩევნია დახმარების, შეუძლია მომმართოს პირადში.
ვთხოვ ყველას, საინფორმაციო სააგენტოებს, ჟურნალისტებს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს, გაავრცელოს ეს განცხადება თავისი ბმულით, რომელიც პირველივე კომენტარში იქნება ჩემს გვერდზე.
კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში და უღრმესი მადლობა ყველას” – წერს ირინა სარიშვილი.