საზოგადოება "როგორ ტირის დღეს მთელი თბილისი ჩემს ნიკას, რატომ დაგვტოვე მარტო?!!!"- მარი ნაკანი 2019, 21 მარტი, 11:10 რამდენიმე დღის წინ გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს "ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა, შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი, 25 წლის ნიკა გუჯეჯიანი. გუჯეჯიანის მეგობარი, ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ნიკაზე წერს. "გუდაურში მქონდა გადაღება. თბილისიდან წავიყვანე მოდელი გოგოები. რაღაცა მაკლდა, ვერ ვიღებდი ისე საინტერესოდ. ბიჭი აკლდა კადრს. გავედი შუა ტრასაზე, სადაც სრიალებდნენ ადამიანები. ვათვალიერებდი ხალხს. უცბად შევამჩნიე, როგორ ჩამიქროლა მაღალმა სიმპათიურმა, უცხოელმა ბიჭმა, თავზე ფერადი უცნაური ქუდი ეხურა. ფეხით გავეკიდე. ის მისრიალებდა. მივსდევდი და ვეძახდი, ჰელოუ ჰელოუ. გამომხედა, გაკვირვებულმა, სრიალი შეანელა. ინგლისურად დავუწყე ლაპარაკი, ვუხსნიდი, რომ ფოტოგრაფი ვარ და მისი გადაღება მსურს. -ქართველი ვარ, – მითხრა და გამიღიმა ჯადოსნური ღიმილით. ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა, სათვალეები ეკეთა და ჯონ ლენონს ჰგავდა..მადლობა, მაგრამ არ მიყვარს გადაღებაო. გული დამწყდა. მეორე დღეს, ჩემთვის მოულოდნელად, ფეისბუქზე მომივიდა წერილი. “ბოდიში მარი გუშინ, უარი რომ გითხარი, მერე მითხრეს, რო მარი იყავი ნაკანი. უცბად ვერ გიცანიო. მე და შენ ნათესავები ვართ, ჩვენი ბებიები ძალიან მეგობრობდნენ და სულ მინდოდა შენი გაცნობაო..” სულ მალე ჯეოსელის გადაღება მქონდა და ფეისბუქზე დავწერე რომ ველოსიპედები მჭირდება. გადაღებაზე დაგვადგა, ველოსიპედებით... გადაღების დროს ისეთი სწორი შენიშვნები მოგვცა, გაგვიკვირდა მე და გოგას. აშკარად გამორჩეული აზროვნების პატრონი იყო. დავგეგმეთ, მეორე დღეს ველოსიპედებით გვესეირნა ქალაქში. გაზაფხული იდგა, ნუშის სუნი ყველგან, სანაპიროზე დავნიშნეთ შეხვედრა .. მოქანდნენ ველოსიპედებზე ამხედრებული ძმები გუჯეჯიანები, ფერადი მაიკებით, გაბრწყინებული სახეებით.. დედაენის ბაღიდან დაწყებული, მთელი სანაპირო, მერე ლესელიძე, თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, ვერა, ვაკე, საბურთალო, ლისი.. ხან ვასწრებდით ერთმანეთს, ხან ვუთმობდით. გვიხაროდა. ნაცნობ სულს რო იპოვი, ისე ვუყურებდით ერთმანეთს მე, გიორგი, ნიკა და ბექა... საოცარი საღამო გამოვიდა! იმის მერე დღე არ ყოფილა, რომ არ გვენახა ერთმანეთი... ნიკა გადაღებებზე სულ დაგვყვებოდა და ისე გვეხმარებოდა, ისე მაგრად გვეხმარებოდა, თითქოს უფალმა გვაჩუქაო ეს ბიჭი.. წლების განმავლობაში, ყველა გადაღება, ხან სიცივე, ხან წვიმა, გიჟური გადაღებები, შუაღამის გადაღებები, საოცარი, დაუვიწყარი დღეები და მთავარი რაც იყო, ეს იყო ჩვენი ზურგი, უდიდესი, დაუღლელი, კრეატიული, ერთგული, მხიარული, გულკეთილი ნიკა გუჯეჯიანი. ჩვენი ნიკა. ჩვენი მფარველი ანგელოზი. რამდენი მე და გოგას ჩხუბი უნახავს, რამდენჯერ დაუცინივართ და იუმორში გადაუტარებია ყველაფერი, რამდენჯერ შეგვარიგა მისმა ტკბილმა ენამ, მისმა სიდინჯემ, მისმა მეგობრულობამ. რამდენჯერ ყოფილა ჩემი საწყალი გოგა მოწყენილი, რამდენჯერ მიტკენია მისთვის გული უაზროდ. ზუსტად იმდენჯერ დადგომია ნიკა მხარში. წამით არ ტოვებდა. სულ ამხნევებდა. ცალკე ჩემზე ზრუნავდა, მიჯდებოდა, სხვანაირად მარიგებდა ჭკუას, ფილოსოფიურად მიხსნიდა ყველაფერს. ეს პატარა ბიჭი. ყველას გვჯობნიდა .. მახსოვს, ერთხელ ჩემი ფოტოები არც მკითხა, ისე აიღო, გადაარჩია, გამიკეთა პორტფოლიო და გადააგზავნა. ბიჰენსის უპრესტიჟულეს კონკურსზე. მე არც ვიცოდი, დაჯილდოება როდის იქნებოდა.არც წავსულვარ. უცბად მირეკავს, სად ხარო, შენ გაიმარჯვეო. მოდიო! თქვენ გყოლიათ ასეთი მეგობარი?!! სწორედ ბიჰენსის ფოტოკონკურსზე გამარჯვებით მოვხვდი ჯიპაში. სწორედ ამ გამარჯვებამ მომიტანა ცხოვრების მეორე ეტაპი. ლექტორობა.. ეს სულ ნიკას დამსახურებაა. მეშინოდა, ჯიპამ როცა შემომთავაზა ლექტორობა. მეთქი, არც ვიცი, ლექცია როგორ წავიყვანო. მთელი ღამე გამითენა, პორტფოლიო გამიკეთა, პირველი ლექციის პრეზენტაცია... როცა ჩამეძინა, ის ისევ მუშაობდა. დილას დამხვდა ბრწყინვალე პრეზენტაცია... საერთოდ ყველაფერში ნიკა მეხმარებოდა, რაშიც ვკოჭლობდი. სპოტლაითზე #spotlight რომ მიმიწვიეს სპიკერად, 2 კვირა მამზადებდა, მისი გაკეთებულია მთლიანად “გენიოსობანას “ სფიჩი. რამხელა მეგობარი მყავდა ხალხო.. როგორი გულშემატკივარი. როგორი მხარდაჭერა! როგორ უხაროდა, როცა ჯიპამ საუკეთესო ლექტორის პრიზი გადმომცა. ეს ნიკას გამარჯვებაც იყო... გამარჯვება ხომ ნიკას მოგონილი რამეა ზოგადად. ყველგან იმარჯვებდა. ყველაფერში ! მაიამი ედ სქულიდან დაწყებული, სად აღარ #artditectorsclub ით დამთავრებული, რამდენი ჯილდო ჰქონდა მიღებული! რამდენს სწავლობდა, როგორი განათლება მიიღო ჰოლანდიაში და მიუხედავად იმისა, რომ დიდი პერსპექტივა ელოდებოდა საზღვარგარეთ, მაინც საქართველოში დაბრუნდა..გიჟდებოდა თავის ქვეყანაზე. გინახავთ #წერექართულად პროექტის ფრაგლებში ქართულს ანბანზე გაკეთებული ანიმაცია? გენიალური ანიმაცია! ვისი გაკეთებულია, ნიკასი. ან #რაგბიჩვენითამაშიას ანიმაცია ნანახი გაქვთ? ეს ნიკა იყო, ვინც გაიძახდა, საქართველოს მალე დავაყენებთ ფეხზეო. გაგებული გექნებათ 3D ქვევრის ამბავი. ამის უკანაც ნიკა იდგა.. ჯერ მარტო ის ამბავი რად ღირს, რომ 26 წლის ბიჭი საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი რო გახდა... ეს არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი.. დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი. ასეთ მოკლე დროში ასეთი სწრაფი განვითარება. უცნაურად საუკეთესო ყველაფერში. როგორ ტირის დღეს მთელი თბილისი ჩემს ნიკას, როგორ ანაწილებდა დროს ყველასათვის. რო იცოდეთ, ჩემი შვილები როგორ უყვარდა. ხან ლიტა მოჰყავდა სკოლიდან, ხან სოფოს ეთამაშებოდა თოფობანას. წელს, სოფოს დაბადების დღეზე ჰარი პოტერის ყველა ტომი მოუტანა ერთად და აჩუქა.სთხოვა, წაიკითხეო. უცხოეთიდან ისე არ ჩამოვიდოდა, რო ლიტა-სოფოსთვის საჩუქარი არ ჩამოეტანა. ყველაფერში როგორ იყო ასეთი იდეალური, როგორ... არ დამავიწყდება მოგზაურობა, როცა ყაზბეგში გავქანდით სკუტერებით ერთად, კარვებით... რომელი ერთი დღე გავიხსენო? 8 წლის ყოველდღიური ჯადოსნური მეგობრობა ! ერთად ჩაის სმა, ერთად კინოს ყურება, ერთად მოგზაურობა, ერთად თამაში, ერთად გადაღებებზე, ოჯახის წევრი იყო, სუპერ მფარველი. ახლაც, გაზით რო დამეწამლნენ ბავშვები, ჩვენ ხო გუდაურში ვიყავით მე და გოგა. პირველი, ვისაც დავურეკეთ, რა თქმა უნდა, ნიკა იყო. ნიკა გაქანდა ჩემი შვილების საშველად. მთელი გზა მირეკავდა, ნელა იარეთო, ყველაფერი კარგად არისო. მატყუებდა, დედაშენს არ დაუჯეროო, ტყუილად პანიკობსო, ოღონდ თქვენ ავარიაში არ მოყვეთ, წყნარად იარეთო, მთხოვდა, მთელი გზა მელაპარაკებოდა და მამშვიდებდა, სანამ ჩამოვიდოდი... ეს რა მიქენი ნიკა... მე რო მიფრთხილდებოდი, ნელა იარე ტრასაზეო, შენ სად გეჩქარებოდა ნიკაააა რატომ დაგვტოვე მარტო?!!! სად გეძებოთ ეხლა.."- წერს მარი ნაკანი. ამავე თემაზე: "არ ვიცი ამის ძალას სად ვპოულობ, მაგრამ ფაქტია რომ გწერთ..." - ნიკა გუჯეჯიანის შეყვარებულის ემოციური წერილი 3109 1-ს მოსწონს
|