საზოგადოება ხელისუფლება ქართველი მოსწავლეების “გაჩინელიზაციებას” იწყებს 2012, 18 ივლისი, 3:39 საქართველოში, ინგლისურის შემდეგ, ჩინური ენის გაძლიერებული სწავლება იწყება _ განათლების სამინისტროსა და კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის გადაწყვეტილებით, აგვისტოდან საქართველოში, “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის ფარგლებში, ჩინურის ათი მასწავლებლი ჩამოვა. ჩინურის უფასოდ შესწავლა თავდაპირველად ათ საჯარო სკოლაში იქნება შესაძლებელი. ჩინელი პედაგოგები ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ... ამ საჯარო ინფორმაციის გარდა, პროგრამის დეტალებზე განათლების სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა “ქართული სიტყვის” შეკითხვას ჩინური ენის ქართულ სკოლებში დანერგვასთან დაკავშირებით, სამინისტროში რამდენიმე თვის წინ ასე უპასუხეს: “თუ მოთხოვნა იქნება, ქართულ სკოლებში ჩინურსაც ვასწავლით!” საეჭვოა, ჩინურის მიმართ გამძაფრებული ინტერესი მოსწავლეებსა და მშობლებს გამოეჩინათ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ქართველების “გაჩინელიზაციებას” აქტიურად ლობირებს. რატომ უნდა ვისწავლოთ ჩინური და, საერთოდ, რა საფრთხეს უქმნის ქართულ სალიტერატურო ენას უცხო ენების არნახული პროპაგანდა? ამ საკითხებზე ენათმეცნიერს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს ვესაუბრე: – ბატონო ტარიელ, გასაგებია, რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა და მისი ცოდნა გლობალიზაციის პირობებში აუცილებელია, მაგრამ ქართულ სკოლებში ჩინური რატომ უნდა ისწავლებოდეს? – ნებისმიერი უცხო ენის სწავლება ძალიან კარგია, ოღონდ _ იმ შემთხვევაში, თუკი ეს უცხო ენა სახელმწიფო ენის სათანადოდ შესწავლის შემდეგ შეისწავლება. დღეს საერთაშორისო ენა ინგლისურია და მასზე აქცენტის გაკეთება გასაგებია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: საქართველოში ნებისმიერი უცხო ენის პროპაგანდა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვის პირობებშია მისაღები. გარდა ამისა, 5-6 წლის ბავშვისთვის უცხო ენის სწავლება მეთოდოლოგიურად დაუსაბუთებელია. ბუნებრივია, ისეთ “ვუნდერკინდს” არ ვგულისხმობ, რომელიც აცხადებს, რომ უცხო ენის სწავლა 6 წლიდან დაიწყო აქვე აღვნიშნავ, რომ ბავშვსა და მის ოჯახს უფლება უნდა ჰქონდეს, სკოლაში აირჩიოს უცხო ენა და ახალგაზრდის პერსპექტივა მაინც და მაინც ინგლისურენოვანი სამყაროთი არ უნდა შემოიფარგლოს. – კონკრეტულად, ჩინურზე რას იტყვით? – რაც შეეხება ჩინურს, ჩინელები მთელ მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია და მომავალი სავაჭრო ურთიერთობების პროცესში, ჩინური, ერთი შეხედვით, აუცილებელი გახდება, მაგრამ ამ მიმართულებით ორი არსებითი გარემოებაა გასათვალისწინებელი: ჩინელებმა, მშვიდი მეთოდოლოგიით _ კვებისა და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის შეტანით _ მყარი სახელმწიფოებრივი ტრადიციის ევროპული ქვეყნები და ამერიკა უკვე დაიპყრეს. პოსტსაბჭოურ საქართველოშიც ჩინელები მზარდი პროგრესიით შემოდიან. ამ ფონზე, ესაჭიროება კი დამატებითი სტიმული ჩინურის დამკვიდრებას ჩინელი მასწავლებლების მოწვევით? ვფიქრობ, ეს ჟესტი, ანუ ჩინური ენის ხელშეწყობა უფრო პოლიტიკური ნაბიჯია ჩინეთთან კარგი ურთიერთობის გაცხადების ფორმატში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სკოლებში მაღალ დონეზე უნდა იყოს სახელმწიფო ენის სწავლება (არა _ მხოლოდ საქართველოს პრობლემურ რეგიონებში), უცხო ენის მიმართულებით კი, ოჯახს არჩევანის საშუალება ჰქონდეს, შვილს ერთი უცხო ენას ასწავლოს თუ რამდენიმე. ამასთან, ინგლისურისა და სხვა ევროპული თუ აზიური ენების გვერდით, არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ჩვენი მეზობლების ენებს: თურქულს, აზერბაიჯანულს, ირანულს, სომხურს, ასევე, ბერძნულს... ჩინური იმ ქართველმა უნდა ისწავლოს, რომელიც ჩინეთში აპირებს ბიზნესს, მაგრამ ჩინურის სწავლა არ უნდა ვაიძულოთ ყველა ქართველს! იმ ჩინელმა თუ ამერიკელმა კი, რომელსაც ბიზნესი უნდა საქართველოში, უნდა ისწავლოს ქართული _ საქართველოს სახელმწიფო ენა! საერთოდ, საქართველოში მომუშავე ყველა უცხოური ორგანიზაციის საქმისწარმოება ქართულად უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, არ იქნება დაცული საქართველოს სახელმწიფოებრივი ღირსება. სახელმწიფო ენისადმი დამოკიდებულება პიროვნების, პოლიტიკური პარტიის, ხელისუფლების, ოპოზიციის თუ მთლიანი საზოგადოების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირსების პირდაპირპროპორციულია. – იქნებ, მთავრობამ მომავალი თაობის პოლიგლოტობა გადაწყვიტა? სხვათა შორის, ძალიან განსხვავებული ფონეტიკა და გრამატიკა აქვს ჩინურს... როგორ წარმოგიდგენიათ ჩინურად მოსაუბრე ქართველები? – ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულია ქართულიც და ინგლისურიც, ქართულიც და არაბულიც, ქართულიც და ჩინურიც... თუ ადამიანი ისწავლის ჩინურს, ბუნებრივადაც იმეტყველებს და ეს არაა არსებითი. არსებითი ის არის, რომ ყველას ჰქონდეს უფლება, ესა თუ ის უცხო ენა ისწავლოს, ან არ ისწავლოს. მსჯელობას სხვა მიმართულებით წავიყვან: თანამედროვე ტექნოლოგიები სულ სხვაგვარად აყენებს ენების სწავლის საკითხს. საერთოდ, გლობალიზაცია ცუნამს თუ არა, დიდ ტალღას ჰგავს _ მაინც მოდის; ამიტომ, ამ ტალღის მართვას თუ ვერ შევძლებთ, მისი გამოყენება მაინც უნდა ვისწავლოთ, თორემ გადაგვივლის. ამ ტალღას სულ ვერ დაემალები... – რას გულისხმობთ? – რას და, გლობალური ქსელის გამოყენების აუცილებლობას. თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია გლობალური ქსელის გარეშე, მაგრამ უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს არა მხოლოდ კომპიუტერების გავრცელება, არამედ, საერთაშორისო გლობალური ქსელის ინფორმაციების მიღება ქართულ ენაზე. – ეს შესაძლებელია? – რა თქმა უნდა. ეს შეძლეს სხვა სახელმწიფოებმა _ მსოფლიოს ცივილიზებულმა ხალხებმა უკვე შექმნეს კომპიუტერული მთარგმნელობითი პროგრამები და ეს სიკეთე ჩვენც უნდა გამოვიყენოთ. სახელმწიფოს სახსრები _ ხალხის გადასახადებით შეკრებილი თანხა _ კომპიუტერული მთარგმნელობითი პროგრამების შექმნაში უნდა დაიხარჯოს. თუ ქარეთული თანამედროვე ტექნოლოგიების ენად არ იქცა, ჯერ მოკვდება _ მარგინალური გახდება, შემდეგ კი, ქართველი ერიც გადაშენდება. მუდამ ძალაშია გამოთქმა: “რა ენა წახდეს, ერი დაეცეს!” უახლოეს წლებში თუ ვერ შევძლებთ საერთაშორისო გლობალური ქსელის ინფორმაციების ქართულ ენაზე მიღებას, არა მხოლოდ ქართველი ერი, არამედ ქართველების მიერ დაფუძნებული სახელმწიფოც მოკვდება. – არსებობს საფრთხე, რომ ქართულმა ენამ კულტურული ენის ფუნქცია დაკარგოს? – დამიჯერეთ, თუკი ქართული არ იქცევა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ენად, საკმაოდ დიდია საფრთხე, რომ ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა დედაენამ არა მხოლოდ კულტურული ფუნქცია დაკარგოს, არამედ, ქართველი ერიც დაკარგავს თავისი მეობის უმთავრეს მახასიათებელს _ ენას. ყურადღებას სხვა საფრთხეზეც გავამახვილებ: ისტორიულად, ქართველთა სალიტერატურო ენა საზრდოობდა დიალექტურ მეტყველებებში არსებული ლექსიკით; კერძოდ, ქართული სამწიგნობრო ენა საზრდოობდა მეგრულში, სვანურში, კახურში, მესხურში, რაჭულში, იმერულში, ლაზურსა და სხვა ქართველთა ზეპირ მეტყველებებში დაცული ოქროს სიტყვებით. დღეს ჩვენი ენა ძალიან დამძიმებულია ბარბარიზმებით. იყო დრო, როცა ჩვენს ენას აბინძურებდა სპარსული თუ ოსმალური ნასესხობები, შემდეგ, მოვიდა რუსული იმპერიული წნეხის დრო. ახლა კი, ჩვენი წამყვანი ტელევიზიების დიქტორები ინგლისურად უქცევენ, მერე, ჩინურსაც დაემონება მავანი... დრომ აჩვენა: ვინც კი დაეხარბა სხვათა მონურ ლუკმას და მშობლიური ქართული დააკნინა, ისტორიის სანაგვეზე დარჩა! ასე ელის ყველას, ვინც დღეს თუ ხვალ უარყოფს ქართული ენის პრესტიჟს და საქართველოში უცხო ენას გააბატონებს. ჩვენ გვაქვს ენა, რომელიც სრულიად საქართველოში მრავალი საუკუნეა, სალიტერატურო, საეკლესიო და სახელმწიფო ენაა. ამჟამინდელ ქართველობაშიც არის ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც უფრთხილდება თავის დედაენას; მომავალშიც იქნებიან ასეთნი; სამწუხაროდ, ამ მხრივ, გარკვეულად, სუსტად გამოიყურება პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც წინასაარჩევნოდაც კი არ ახსენდება ეროვნული თემატიკა. – ფაქტია: ქართული ენის სტატუსის დაცვა მეორე პლანზეა გადატანილი, კერძოდ _ ბევრ დაწესებულებაში საქმისწარმოება უცხო ენაზე ხდება, საქართველოს ქალაქების ქუჩებში ნაკლებად ჩანს, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია; აფთიაქებსა თუ სხვა მსგავს დაწესებულებებში ინსტრუქციები უცხო ენებზეა; ბევრ რეგიონში მოსახლეობის საურთიერთო ენა უცხო ენაა და ა.შ. ქართული სალიტერატურო ენის პრესტიჟი უფრო და უფრო კნინდება... რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სპექტრში (პოზიციაშიც, ოპოზიციაშიც) არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის პრესტიჟი უფრო მაღალი უნდა იყოს, მაგრამ ასევე, პოლიტიკურ სპექტრში აქტიურობენ პირებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ სახელმწიფო ენად უნდა ყოფილიყო რუსული, ან სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისურიც... არაა გამორიცხული, ვიღაცამ ჩინურიც მოითხოვოს მომავალში. საბედნიეროდ, ქართულ საზოგადოებას ჯანსაღი პოზიცია აქვს: საზოგადოების უმეტესი ნაწილის აზრით, საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ქართული და, ამავე დროს, საქართველოში დაცული უნდა იყოს ყველა უმცირესობის ენობრივი უფლებებიც, თუმცა მუდმივად იქნებიან პირებიც, რომელნიც, ანგარების გამო, სხვისი კულტურის დამკვიდრებას შეუწყობენ ხელს, მაგრამ ის, ვინც ქართულს უარყოფს, საქართველოში მომავალი არ აქვს! მაკა დეკანოსიძე, “ქართული სიტყვა”, დადებულია http://www.for.ge 155 3-ს მოსწონს
|