რელიგია სემ ჰარისი: მორალი და ქრისტიანული ღმერთი 2019, 16 მარტი, 16:59 სემ ჰარისი, სრული სახელით სემიუელ ბენიამინ ჰარისი დაიბადა 1967 წელს. არის ამერიკელი ნეირომეცნიერი, ფილოსოფოსი, მწერალი, რელიგიის კრიტიკოსი, ბლოგერი, განმანათლებელი და საჯარო ინტელექტუალი. მისი მსჯელობანი ეხება ძალიან ბევრ საგანს, როგორიცაა ეთიკა, რაციონალიზმი, რეალიზმი, თავისუფალი ნება, მედიტაცია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ისლამი, ტერორიზმი და ხელოვნური ინტელექტი. მას ალეგორიულად ხალხი მოიხსენიებს, როგორც "ოთხი ანტი-აპოკალიფსური მხედრიდან" ერთ-ერთს რიჩარდ დოკინსთან, ქრისთოფერ ჰიჩენსთან და დენიელ დენეტთან ერთად. ერთ-ერთ საჯარო დებატში, 2013 წელს მან ისაუბრა მორალურობის და ქრისტიანული რელიგიის საკმაოდ საკამათო შეუსაბამობაზე, რის თარგმანსაც შემოგთავაზებთ: "ყოველწლიურად იღუპება 9 მილიონი ბავშვი, რომლებიც ვერ აღწევენ 5 წლამდე ასაკს. წარმოიდგინეთ ცუნამი, რომელიც მოხდა აზიაში 2004 წელს. მან 250 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყოველ 10 დღეში ასეთი მოვლენები ართმევს სიცოცხლეს 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. 24 ათასი 5-წლამდელი ბავშვი დღეში, 1000 ბავშვი საათში, დაახლოებით 17 ბავშვი წუთში. ეს ნიშნავს, რომ სანამ მე დავასრულებ ამ წინადადებას, რამდენიმე ბავშვი მსოფლიოში უკვე მოკვდება საშინელ აგონიაში. დაფიქრდით ამ ბავშვების მშობლებზე. დაფიქრდით, რომ ამ ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობას სწამს ღმერთის და ასეთ მომენტებში თავისი ბავშვების შეწყალებისთვის ლოცულობენ, მაგრამ მათი ლოცვები უპასუხოდ რჩება. ნებისმიერი ღმერთი, რომელიც უშვებს მილიონობით ბავშვის ტანჯვასა და სიკვდილს, ხოლო მათს მშობლებს ამგვარ აუტანელ განსაცდელში ამყოფებს, ან არ შეუძლია გამოასწოროს ეს ყოველივე ან სულ ერთია მისთვის და არ ანაღვლებს ადამიანთა უკიდურესი ტანჯვა. აქედან გამომდინარე ღმერთი ან უძლურებაა, ან ბოროტება. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობა ჯოჯოხეთში მოხვდება, რადგან არასწორ ღმერთს სცემენ თაყვანს. ეს მათი ბრალი არ არის. ისინი დაიბადნენ არასწორ კულტურაში, არასწორ რელიგიაში და მათთვის მიუწვდომელია ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვა. ინდოეთში მილიარდ 200 ათასი ადამიანია (მაშინდელი მონაცემებით, როცა ეს საუბარი შედგა, ახლა 2019 წელს უკვე 1365 მილიონი ადამიანი). მათი უმრავლესობა ინდუისტია, ესეიგი პოლითეისტია, მრავალღმერთიანი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი ადამიანები არიან ისინი, რადგან მაინც განწირულნი არიან და ვერ ცხონდებიან. თუკი შენ ლოცულობ მაიმუნის მსგავსი ღმერთის, ჰანუმანის წინაშე, შენ განწირული ხარ, შენ სამუდამოდ დაგტანჯავენ ჯოჯოხეთში. მაგრამ არსებობს კი ამის რაიმე მტკიცებულება? არა... უბრალოდ ასეა ნათქვამი მარკოზის სახარების მე-9, მათეს სახარების მე-13 და გამოცხადების მე-14 თავებში. შეიძლება გახსოვდეთ, რომ ბეჭდების მბრძანებელში როდესაც ელფი კვდება, ის ხვდება ელინორში, მაგრამ შეიძლება მოხვდეს შუამიწეთშიც. ეს ისე, შედარებისთვის. გამოდის, რომ ღმერთმა მოახდინა ინდოელების კულტურული იზოლაცია, მან შეიმუშავა მათი სიკვდილის პირობები ისე, რომ არ გაეგოთ ჭეშმარიტ ღმერთზე, შემდეგ კი შექმნა სასჯელი მათი არცოდნისათვის საუკუნო ცეცხლის სახით ჯოჯოხეთში. მეორეს მხრივ კი ჩვეულებრივმა სერიულმა მკვლელმა ამერიკაში, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება აუპატიურებდა ბავშვებს, უბრალოდ უნდა აღიაროს იესო ქრისტე სასჯელის წინ. და როგორც კი სიკვდილის წინ თავის უკანასკნელ შემწვარ წიწილს მიირთმევს, მას ელოდება სამუდამო სიცოცხლე სამოთხეში, ვინაიდან მოინანიებს. თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ასეთ წარმოდგენებს არაფერი აქვთ საერთო მორალთან. მიაქციეთ ყურადღება ორმაგ სტანდარტებს, რომელიც გამოიყენება, რათა ღმერთს მოუხსნან ყოველგვარი პასუხისმგებლობა ჩადენილ ბოროტებაზე. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ღმერთი არის მოსიყვარულე და კეთილი, სამართლიანი და უსასრულოდ კარგი, მაგრამ როდესაც ჩემს მსგავსად ვინმე მიუთითებს აშკარა მტკიცებულებებზე, რომ ღმერთი არის სასტიკი და უსამართლო, რადგან უშვებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას იმ რაოდენობით, რაც ყველაზე გამორჩეულ ფსიქოპატებსაც კი გააკვირვებდა, მაშინ გვეუბნებიან რომ შეუცნობელია გზანი უფლისანიო, რომ ჩვენ ვერ ჩავწდებით ღმერთის აზრებს. ეს კი მაშინ, როდესაც სწორედ რომ მის ქმედებებზე დაყრდნობით ამტკიცებენ მორწმუნენი, რომ მათი ღმერთი კეთილია. თუ ქრისტიანის თავს ხდება რაიმე კარგი, თუ მისი ცხოვრება დადებითად იცვლება და ის ბედნიერია, ჩვენ მაშინვე გვეუბნებიან, რომ ღმერთი კეთილია. მაგრამ თუ ათიათასობით ბავშვი მოწყვეტილია თავის მშობლებს და დამხრჩვალია მაგალითად წყალდიდობებისგან, მაშინ ჩვენ გვეუბნებიან რომ შეუცნობელ არს გზანი უფლისანიო. ეს იგივეა ითამაშო ტენისი ბადის გარეშე. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არა მხოლოდ დამღლელია, როდესაც ჭკვიანი ადამიანი ასეთ განმარტებებს იძლევა, არამედ ეს ამორალურიცაა. ასეთი რწმენა ნარცისიზმის აპოთეოზია. ღმერთს მე ვუყვარვარ, რა? არ ჩანს ეს? მან განმკურნა მე ეგზემასაგან, მე ისე კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც ვმღერი ეკლესიაში. როდესაც იმედი გადაგვეწურა, მან გამოგვიგზავნა ბანკირი, რომელმაც დედაჩემს დაუწია იპოთეკაზე გადასახადები, ეს მაშინ, როდესაც თქვენი ღმერთი უგულებელყოფს სხვა უამრავი ადამიანის პრობლემებს და ეს დაუცველი ბავშვები, რომლებიც დგანან ამ ულმობელი პრობლემების წინაშე, მარტონი არიან მიტოვებულნი. ასეთი რწმენა უბრალოდ საზიზღრობაა. იფიქრო მსგავსად ამისა, ნიშნავს ან დაკარგო გონიერება, ან არ გაწუხებდეს სხვისი ტკივილი. თუ ღმერთი კარგი, მოსიყვარულე და კეთილია და სურდა მორალი წიგნის სახით, მაშინ რატომ მოგვცა წიგნი, რომელიც იცავს მონობას, გვაძლევს უფლებას, მოვკლათ ადამიანი გამოგონილი დანაშაულის, მაგალითად ჯადოქრობის ბრალდებით. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია არ მივიტანოთ ეს წამოჭრილი პრობლემები გულთან ახლოს, ღმერთი არ არის დაკავშირებული მორალურ მოვალეობებთან. ის არაა ვალდებული იყოს კარგი, კარგია აპრიორი ის, რასაც გვკარნახობს. მაგრამ აქაც, როდესაც ის უბრძანებს ებრაელებს დახოცოს სხვა ერების ხალხი, მისი ეს ნება კეთილია, რადგან ეს მისი სურვილია. ჩვენ გვთავაზობენ ფსიქოპათებისა და შეშლილების მორალს, ეს სიგიჟეა, რადგან ეს ილუზიაა. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ უნდა ვიწამოთ რომ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც მართავს უკვდავი მონსტრი - იაჰვე. ეს ფსიქოპათიაა, რადგან ეს ნორმალური, ადამიანური ცხოვრებისეული პრინციპებისაგან მოწყვეტას ნიშნავს. მისით ხომ ასე იოლია გაამართლო ბავშვთა მკვლელობა. უბრალოდ დაფიქრდით მუსლიმებზე, რომლებიც თავს იფეთქებენ სრულიად დარწმუნებულნი, რომ ღმერთის ნებას აღასრულებენ. მაგრამ ისინი ხომ თითქოს არასწორ ღმერთს ეთაყვანებიან (ქრისტიანული რელიგიის ლოგიკით), მათ რომ ჭეშმარიტი ღმერთი ჰყავდეთ, ამავე ლოგიკით მათი ეს საქმეებიც გამართლებული იქნებოდა, იმ თეორიის და ლოგიკის მიხედვით რომ რასაც ღმერთი იტყვის და ბრძანებს, კანონია და აპრიორულად კარგიაო. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ყველა მორწმუნე ფსიქოპათი და შეშლილია, თუმცა სწორედ ამაში მალება რელიგიის საშინელება, რომ ის აიძულებს მილიარდობით ნორმალურ ადამიანს ის, რასაც სხვა შემთხვევაში ნორმალური ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ დაიჯერებდა. თუ თქვენ ერთ დილას გაიღვიძებთ და თქვენი ბლინების წინაშე წარმოთქვამთ ლოცვებს, რომ ისინი გადაიქცნენ ელვის პრესლის სხეულად, თქვენ გიჟად ჩაგთვლიან, მაგრამ თუ ეს ეხება ზიარების სეფისკვერს, რომელიც თითქოს იესოს სხეულად გარდაიქმნება ჭამის პროცესში, მაშინ თქვენ უბრალოდ ქრისტიანი ხართ. მე არ ვარ პირველი ვინც შეამჩნია, რომ ეს ღმერთი უცნაურად მოსიყვარულე ღმერთია, უცნაურად გამოხატავს სიყვარულს. ის გადაგარჩენს მხოლოდ მის მიმართ რწმენის შემთხვევაში, იმის მიუხედავად რომ არაფერი მოწმონს მის არსებობაზე. 2000 წლის წინ რომ გეცხოვრათ, შეგეძლოთ შეგემოწმებინათ რომ ის თითქოს ახდენადა სასწაულებს, მაგრამ როგორც ჩანს შემდეგ ის დაიმალა, ახლა კი გვიწევს არადამაჯერებელი სწავლებების ტვირთის ზიდვა, ხოლო დაგროვებული მეცნიერული ცოდნის ფონზე, რელიგიას დღითიდღე უფრო და უფრო უჭირს ამ დაუჯერებელი ტვირთის ზიდვა. და ეს ხომ რაღაც ღმერთი არაა.. ეს არის მამა ღმერთი და მისი ძე - იესო, ქრისტიანობის, როგორც მსოფლიო მორალის თითქოსდა საფუძველი. მე არ მინდა გაგაწბილოთ, მაგრამ ქრისტიანობა, ეს არის ადამიანის მსხვერპლშეწირვის კულტი. ქრისტიანობა არაა რელიგია, რომელმაც უარი თქვა ადამიანის მსხვერპლშეწირვაზე. ეს არის რელიგია, რომელიც გვთავაზობს ადამიანის მსხვერპლშეწირვას ასეთი სახით: "ღმერთს ისე უყვარდა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე საყუარელი." იესო ეწამა, რათა ამის შემდეგ აღარავინ დატანჯულიყო ჯოჯოხეთში იმ ათეულობით მილიარდი ინდოელისა და სხვა მათი მსგავსის გარდა, რომელსაც კი უცხოვრია და ცხოვრობს ისტორიის განმავლობაში. აი თქვენ სწავლებაც, რომელიც დაფუძნებული მეცნიერულ უცოდინარობასა და რელიგიურ ბარბაროსობაზე. ჩვენი წინაპრები ბავშვებს მარხავდნენ საკუთარი სახლების საძირვკველბში, საკუთარი მოგონილი ღმერთების საპატივსაცემოდ, უბრალოდ დაფიქრდით ამაზე, სხვადასხვა კულტურებში და თანასაზოგადოებებში ხალხი მარხავდა საკუთარი სახლების საძირკვლებში ბავშვებს, ეს იყვნენ ისეთივე ადამიანები, როგორებიც ვართ ჩვენ, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს დაიცავდა მათს სახლს დანგრევისგან ან სხვა უბედურებებისაგან. აი, ასეთი ხალხი წერდა ბიბლიას და თუ არსებობს ამაზე ამორალური მორალი, მაშინ მე ნამდვილად არ მსმენია მასზე. " ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე177 1-ს მოსწონს
|