x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ერთი 2012 წლამდე ამოგეღოთ ხმა, მაშინ ვნახავდი, სად იქნებოდით ან საერთოდ იქნებოდით თუ არა

image

ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ვისმენ და ვკითხულობ იმის თაობაზე, რომ ვარ შეშინებული, მლიქვნელი და ცეხავიკი ბიზნესმენი, რომელიც არ ვიღებ ხმას და არ ვამბობ, რომ ხელისუფლება ერჩის ჩემს ბიზნესს. ზოგიერთ პოსტს ჩემი სურათიც ახლდა სხვა კოლეგებთან ერთად და სწორად ამიტომ მსურს გაცნობოთ ჩემი პოზიცია.

27 წელი სრულდება წელს, რაც ამ ქვეყანაში ვსაქმიანობ. ამ წლების განმავლობაში ვმოქმედებდი და ახლაც ვმოქმედებ მთავარი პრინციპით - არ შევიდე არანაირ გარიგებაში სახელმწიფოსთან. რაც ნიშნავს იმას, რომ არასოდეს მიმიღია მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, შესყიდვებში და პრივატიზაციებშიც კი. ერთი თეთრის სარგებელიც კი არ მიმიღია და არც ვაპირებ, მივიღო სახელმწიფოსგან, სხვათა შორის, იმიტომაც, რომ სხვადასხვა უმწიფარი და შეუმდგარი ადამიანებისგან არ ვისმინო ის, რაც ამ დღეებში მოვისმინე ჩემზე“, – წერს იაშვილი.

ბიზნესმენის განცხადებით, მასა და მის კომპანიებზე 2004 წლიდან არნახული შეტევა დაიწყო. ამის მიზეზი კი, იაშვილის შეფასებით, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში მისი ყოფნა იყო.

„2004-2012 წლებში ვიდექი ციხის კარებთან (ოჯახის წევრის პატიმრობის გამო), კომპანიები კი, ჯვარზე გაკრული იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ სიტუაციაში არათუ წყალი მოუწოდებია ვინმეს ჩემთვის, არამედ ნუგეშის „ესემესიც“ კი არ გამოუგზავნიათ. ეშინოდათ და იმიტომ! და არც არავისთვის მითხოვია ამის გაკეთება, რადგანაც ასეთი საქციელი გმირობის ტოლფასი იყო მაშინ“, – აცხადებს ბიზნესმენი.

ირაკლი იაშვილის თქმით, იმ დროს გმირობას ვერავის მოსთხოვდი. ახლა კი, მისივე განცხადებით, „მომავალზე მზრუნველი მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები“ გამოჩნდნენ, რაც, ბიზნესმენის შეფასებით, 2012 წლის დამსახურებაა.

„ახლა რომ გამოჩნდნენ უხვად ვაჟკაცი, პატრიოტი, ქვეყნის მომავალზე მზრუნველი, მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები, ეს არის 2012 წლის დამსახურება, ოღონდ ობიექტურად ასეა. ვისაც რა მოგადგებათ ენაზე, იმას რომ ბოდავთ და ამისთვის არავინ არაფერს გერჩით. ერთი ხმა ამოგეღოთ მაშინ, როცა მართლა გვიჭირდა და ვნახავდი, სად იქნებოდით, ან საერთოდ იქნებოდით თუ არა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ირაკლი იაშვილი ხაზს უსვამს, რომ მას დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და კარგად იცის ტექნოლოგიები, როგორ ხდება თემების „აწევა“ პოლიტიკური მიზნებისთვის.

„საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილებაც მაქვს ეკონომიკურთან ერთად და კარგად ვიცი ტექნოლოგიები, როგორ ხდება ე.წ. თემის აწევა. და მერე ამ „აწეული თემით“ ხანგრძლივი სპეკულირება სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და რა ვუყო, რომ არ მჯერა ამ თქვენი ცრემლებისა და გულწრფელობის“, – აღნიშნავს ირაკლი იაშვილი.

ამასთანავე, ბიზნესმენის თქმით, მას მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი კონკრეტული შეხედულება აქვს და შეუძლია, როგორც თავად ამბობს, „ოპონენტს“ ამის შესახებ საკუთარი ვერსია გაუზიაროს.

ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩმა“ მიმართა: „თქვენ ხართ ჩვეულებრივი კრონი ბიზნესმენები, რომლებმაც მოახერხეთ სიმდიდრის დაგროვება სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ჩახუტების და პრეფერენციების მიღების გზით. სახელმწიფოს, ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე, თქვენი ფასი, როგორც ბიზნესმენების, არის ნული. თქვენ გაქვთ საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება, და თვლის, რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობის. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები“.image

0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0