x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ულვაში არა მსხმია, თუ ერთი წლის განმავლობაში თავი არ მოგაჭერ და შენი ცოლები ციხეში არ დავისვი ცოლებადო“
imageსელიმ-ფაშა უპირისპირდებოდა ოსმალეთის ცენტრალურ ხელისუფლებას, იბრძოდა საფაშოს გამოყოფისათვის. 1815 წელს სულთნის ბრძანებით არზრუმის სერაქსირმა, ბაბა-ფაშამ (ფეხლევანმა) აჭარაში გამოგზავნა 15-ათასიანი ლაშქარი. სელიმ-ფაშა ზემო აჭარის სოფელ ბაკოსთან ხიხანის ციხეში გამაგრდა და იქ იყო, სანამ მოღალატემ ხელში არ ჩაიგდო.



ეს ისტორიული მომენტი შემდეგნაირად იყო ხალხში შემორჩენილი:



"ახალციხეში გაფაშების შემდეგ სელიმს რაღაც უსიამოვნება მოსვლია არტაანის ბეგ ჰამზა-ალისთან. ბეგს მისი ცოლი ავად უხსენებია. სელიმმა უთხრა თურმე: „ქალის შეურაცხყოფა კაცობა არ არის და რაკი ეს შემომკადრე, ულვაში არა მსხმია, თუ ერთი წლის განმავლობაში თავი არ მოგაჭერ და შენი ცოლები ციხეში არ დავისვი ცოლებადო“. თავისი მუქარა აუსრულებია კიდეც.
ჰამზა-ალის მემკვიდრენი სულთანთან წასულან, წაუყვანიათ მცირეწლოვანი ბავშვები, წაუღიათ სისხლში მოსვრილი ტანისამოსი ჰამზა-ალისა და შეუჩივლიათ — სელიმმა ასე და ასე გვიყოვო. სულთანმა მაჰმუდ-ურანფაშა გამოგზავნა ჯარით და ფირმანიც მისცა — სელიმ-ბეგი დაიჭირე და თავი მოჰკვეთეო.



ეს რომ სელიმმა შეიტყო, 400 კაცი შეიყვანა ხირხათის ციხეში, თან ერთი წლის სამყოფი საგზალი შეიტანა და კარები ჩაიკეტა.




მაჰმუდ-ფაშა 12 ათასიანი კაცისგან შემდგარი ჯარით ხირხათის ძირას დაბანაკდა, სოფელ თხილვანში. ორი თვის განმავლობაში იმის ცდაში იყო, სელიმი როგორმე ხელში ჩაეგდო, მაგრამ ციხეს ვერასგზით ვერ მიუდგა.



ამასობაში სელიმმა სულტანს კაცი გაუგზავნა: ნება მიბოძე შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო, მაშინვე მომკალიო. მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა, სელიმის საუბედუროდ ციხე სწორედ შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლისმოყვარეობამ სძლია, მაჰმუდის მიერ მოსყიდულ იქნა და ციხი კარის გასაღები მისცა.



ერთ ღამეს, სელიმის ჯარი უშიშრად და არხეინად რომ იყოო, ის ციხის კარი გაიღო. ბაირაღარი სელიმთან მიიჭრა საჩქაროდ, კარი დააკაკუნა და მოახსენა: ფაშა შემოვიდა და უნდა წაგვიყვანოსო, ძალით ვერას გავხდებითო, სელიმი გამოვიდა და უთხრა: ცოტა მომითმინეთ და წამოვალო. მინდა ცოლ შვილს გამოვეთხოვოო. მივიდა ცოლებთან და უთხრა: ძვირფასი რამ ნივთები მომეცითო. ცოლებს ეგონათ გაგიჟდაო, ან ფულით მტერი უნდა დაახარბოს და თავი დაიხსნასო და ცრემლი მოერიათ. — გიჟი ნუ გგონივართ, — დაამშვიდა სელიმმა, — ჯალათს ნება აქვს მკვდარს ჯიბე გამისინჯოს, რაც გამოჩნდება, ყველაფერი მისი იქნება. რომ დამისინჯავს და ვერაფერს იპოვნის, ხომ შემაგინებს: „ფუი ამის კაცობას, ცარიელი დანავალაო“. ეს უთხრა და ორიოდ ძვირფასი თვალი გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო.



სელიმი ციხიდან გამოიყვანეს და სანამ თავს მოკვეთდნენ, სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთის დროს ტანჯვა არ ეგრძნო. აჰა, მისი დასჯის დღეც დადგა, მაგრამ ჯალათობა არავინ იკისრა. ბოლოს, ერთი არტანუჯელი სომეხი გამოჩნდა, მისცეს ერთი ოქრო და იმანაც მოჰკვეთა თავი სელიმს სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმა ადგილას, რომელსაც „სერი-ყანა“ ჰქვია და სადაც გლეხნი დღესაც პურსა სთესენ.
(მერე ეს სომეხი სელიმის შვილს არტანუჯში მოუძებნია და მოუკლავს)



ამ აჭარელი გმირის თავის მოკვეთის შემდეგ ორ საათს არ გაუვლია, რომ სულთანის ფირმანიც მოსულა: „თუ დაიჭირეთ სელიმი, ცოცხალი მომგვარეთო“. მაჰმუდ-ფაშამ, ამის მაგივრად, სელიმის თავი სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა თურმე და ჰკითხა: ფირმანი რა უყავიო? — სიკვდილის შემდეგ მოვიდაო. — რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანდა, აღარც მე მენანებიო და ბრძანა თავი მოეკვეთათ.



სელიმის თავი სტამბოლშია დამარხული და ქების წარწერა აქვს მის სალავის ქვასაო. ტანი კი ჯერ სოფ. შიგანაში დაუმარხავთ, მაგრამ მერე ცოლს თავის სოფელ ნიგოზეულში გადაუტანინებია.

0
413
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0