საზოგადოება საგანგაშო სტატისტიკა - CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების 70 % გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება 2019, 6 მარტი, 16:48 კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების 70 % გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება.
განცხადების თანახმად, ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია. კომპანია აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები (“კალონკები”) და გაზგამათბობლები. “სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების 70 % გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები (“კალონკები”) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებენ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავენ კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს.
გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას
სწრაფი რეაგირების სამსახური – 114”- აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისში 2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა, 285 კი მოიწამლა. კერძოდ კი 2018 წელს ბუნებრივი აირის ნამწვის (CO) გაჟონვით 27 ადამიანი გარდაიცვალა, 98 კი მოიწამლა. 2017 წელს ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 30-ს, მოწამლულთა რაოდენობამ კი 62-ს მიაღწია. რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, დაღუპულთა რიცხვი 29, მოწამლულთა რაოდენობა კი 125 იყო. რაც შეეხება 2019 წელს, მიმდინარე წელს მოწამვლის და გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო უბედური შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გლდანის III ა მკრ-ში, აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებლის მოხმარების შედეგად, CO-თი, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი, უგონო მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ბინაში დამონტაჟებული კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი ბინის მეპატრონეს მიერთებული ჰქონდა კორპუსის სავენტილაციო არხზე, რამაც CO-თი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ორი მეზობლის მოწამვლაც გამოიწვია. 18 შეფასება არ არის
|