x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მოსამართლეთა დანიშვნის სისტემები
ხელისუფლების დანაწილების/ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო სახელისუფლები შტო დამოუკიდებელი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური, სამთავრობო, საპარლამენტო ზეწოლისგან. მოსამართლე კი კეთილსინდისიერად, მოუსყიდვლად და კანონის ფარგლებში უნდა ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 63-ე მუხლი ხაზს უსვამს მოსამართლის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს მას, დაემორჩილოს მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
თუმცა, მიუხედავად მოცემული კონსტიტუციური ნორმისა, და საყოველთაოდ აღიარებული იდეისა- სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი, თანამედროვე სახელმწიფოებში ჯერ კიდევ არსებობს სასამართლო ხელისუფლების მიკერძოებისა და პოლიტიზაციის პრობლემები.
მაგრამ, თუ სახელმწიფოში იარსებებს მოსამართლეთა დანიშვნის და სასამართლო ხელისუფლების ფორმირების სწორად შერჩეული სისტემა, საგრძნობლად შეიცვლება ზემოთ წამოჭრილი პრობლემა.

თუმცა ისმის კითხვა- მოსამართლეთა დანიშვნის რომელი სისტემა იძლევა ყველაზე ეფექტურ შედეგს?

მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ვენეციის კომისიის სადისკუსიო დოკუმენტი სწორედ სასამართლო ხელისუფლების ფორმირების წესებზე საუბრობს და იძლევა მოკლე მიმოხილვას მოსამართლეთა დანიშვნის თანამედროვე სისტემებზე.
მოცემული დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას ისეთი ობიექტური კრიტერიუმები, როგორებიცაა: კვალიფიკაცია, პატიოსნება, ღირსება, სამართლიანობა, საჭირო უნარი და ქმედითობა. მოსამართლეთა დანიშვნაზე პასუხისმგებელი ორგანო კი უნდა იყოს სახელისუფლებო შტოებისგან დისტანცირებული და დამოუკიდებელი. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლის დანიშვნა ხდება პოლიტიკური, სამთავრობო ორგანოებისგან, კანონმა უნდა შექმნას ისეთი ბერკეტი და პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დანიშვნის პროცესის მაქსიმალურ იბიექტურობას.

მოსამართლეთა დანიშვნის ორი ძირითადი სისტემა არსებობს: არჩევითი (The elective system) და პირდაპირ დანივნითი (Direct appointment system).
არჩევითი სისტემა ძალზე იშვიათია და გულისხმობს მოსამართლეთა დანიშვნას სახალხო არჩევნებით (შვეიცარიაში, კანტონების-ადმინისტრაციული ერთეულების-დონის მოსამართლეების დანიშვნის დროს) ან პარლამენტის მიერ (შვეიცარიაში, ფედერალური დონის მოსამართლეების არჩევისას, სლოვენიაში, უკრაინაში- უმაღლესი რადას მიერ). არჩევითი სისტემა უზრუნველყოფს მოსამართლეთა დანიშვნის მაქსიმალურ ლეგიტიმაციას, თუმცა ამავდროულად შეიძლება გამოიწვიოს მოსამართლეთა საარჩევნო კამპანიებში ჩაბმა და მათი პოლიტიზაცია. მოცემულმა სისტემამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მოსამართლეთა დანიშვნის დროს ობიექტური კრიტერიუმების გამოყენების ნაცვლად, მათი პოლიტიკური გათვლებით დანიშვნა. დეპუტატების წარმომადგენლობითობა ხელს უშლის მოსამართლეთა დანიშვნის დროს ობიექტური კრიტერიუმის გამოყენებას, შეიძლება მოხდეს მოსამართლეთა დანიშვნა სუბიექტური ზრახვებისა და სურვილების შესაბამისად, დეპუტატის წარმდგენი ადმინისტრაციული ოლქის ზემოქმედებით ან წარმდგენი პარტიის ზეწოლით (რაც, თავის მხრივ, ამავდროულად გამოიწვევს თავისუფალი მანდატის პრინციპის დარღვევასაც).
შესაბამისად, საპარლამენტო გზით მოსამართლეთა დანიშვნა არც ისე გამართლებული და მიზანშეწონილია მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით.


რაც შეეხება პირდაპირ დანიშვნით სისტემას, მისი მოქმედების დროს მოსამართლეებს ნიშნავს სახელმწიფო მეთაური სპეციალური დამოულიდებელი ორგანოს წარდგენის საფუძველზე. მოცემული მოდელი გავრცელებულია ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც საერთო სასამართლოს მოსამართლებს ნიშნავს სპეციალურად შექმნილი, საერთო სასამართლოების სისტემის შემადგენლობაში არსებული ორგანო- იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული სისტემა არ გულისხმობს მოსამართლეთა დანიშვნას ქვეყნის მეთაურის მიერ. მოსამართლეთა დანიშვნა შეიძლება მოხდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს მიერ, წარდგენის და უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოს დამტკიცების გარეშე. მაგალითად, საქართველოში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავად, მესამე პირთა ჩაურევლად აქვს უფლება, დანიშნოს მოსამართლე.
პირდაპირ დანიშვნითი სისტემაში აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ დამტკიცების ორი მოდელი- საპარლამენტო და საპრეზიდენტო. საპარლამენტო მოდელის დროს, იუსტიციის ორგანოს მიერ წარდგენილ მოსამართლის კანდიდატს ნიშნავს ქვეყნის მეთაური (პრეზიდენტი, მონარქი), თუმცა მას ამავდროულად აქვს ნომინალური, ფორმალური ფუნქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყნის მეთაურს არ შეუძლია უარი თქვას წარდგენილ კანდიდატირაზე. საპრეზიდენტო მოდელში კი სახელმწიფო მეთაურს აქვს უფრო დიდი გავლენა მოსამართლის დანიშვნის პროცესზე და მას შეიძლება ჰქონდეს კანდიდატურაზე უარის თქმის უფლება.
მოსამართლის დანიშვნის პროცესში შეიძლება ჩართული იყოს სხვა სახელისუფლებო ორგანოც. შვეიცარიაში მოსამართლის დანიშვნა ხდება მთავრობის მიერ. თუმცა ასეთი მოდელი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ მიიღებს პოლიტიზირებულ ხასიათს.

მიუხედავად მოსამართლეთა დანიშვნის ორივე სისტემაში არსებული ნაკლებისა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირ დანიშვნითი სისტემა (სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის სპეციალუტად შექმნილი ორგანო) სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უფრო მეტ გარანტიას იძლევა.



0
7
შეფასება არ არის
ავტორი:შალვა ქიტესაშვილი
შალვა ქიტესაშვილი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0