x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დაუჯერებელი ისტორია კაცისა, რომელმაც მრავალი მილიონი დოლარი... ჩვეულებრივი მიწის გაყიდვით იშოვა
ირლანდიური მიწა

საქართველოში ხალხი რას აღარ აკეთებს ფულის საშოვნელად, მაგრამ სულ ტყუილად, აი ზოგან კი ისეთი წარმოუდგენელი გზებით მდიდრდებიან, შეიძლება, მართლა გასულელდე.


წარმოიდგინეთ, ოთხასიოდე გრამი ჩვეულებრივი მიწა, აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ისეთი, როგორიც ყველას გვაქვს საკუთარ ეზოებში თუ სადარბაზოების წინ. წარმოიდგინეთ, ეს მიწა... დაფასოებული და პაკეტებში ჩაყრილი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თითოეული ასეთი პაკეტის ღირებულება 18, 99 დოლარს შეადგენს.


დაუჯერებელია, არა?



საქმე ეხება ირლანდიურ მიწას.


და მართლა 18, 99 დოლარი ღირს.


1 პაკეტი...


თუმცა, ზოგს ერთი ან ორი პაკეტი არ ყოფნის, მაგალითად, ერთმა ირლანდიური წარმომავლობის ამერიკელმა ადვოკატმა 8800 ასეთი პაკეტი შეიძინა, რათა საკუთარი საფლავი, რომლის მოწყობაზეც სიკვდილის წინ იზრუნა, მშობლიური ირლანდიური მიწით ამოევსო, სანამ შიგ ჩაწვებოდა.


ეს კიდევ რა არის! ერთმა მამაკაცმა 148 000 დოლარის ირლანდიური მიწაც კი შეიძინა ახალ ინგლისში, რათა მისი სახლი "მშობლიურ ნიადაგზე" მდგარიყო.


მაინც ვინ და როგორ დაიწყო მილიონობით დოლარის ღირებულების მიწის ბიზნესი?


არის ასეთი კაცი, რომელსაც ალან ჯენკინსი ჰქვია. 90-იან წლებში, როცა ქუჩაში მიდიოდა, დაინახა მტირალი ირლანდიელი მამაკაცი და უცებ გენიალური იდეა მოუვიდა თავში: ირლანდიური მიწის პაკეტებში დაფასოება და გაყიდვა.


შემდეგ ჯენკინსი, თავადაც ირლანდიელი ემიგრანტი, 50 წლის ასაკში დაესწრო ფლორიდაში ნათესავის დაკრძალვას და შეამჩნია, რომ მის ირგვლივ მყოფთაგან ნახევარზე მეტი მარჯვენა ხელსაც კი მოიჭრიდა, რათა ირლანდიური მიწა ეშოვა, რომ ვინმეს მისთვის ეს მიწა დასაფლავებისას გულზე მიმოებნია.


რაც დასაფლავებაზე ნახა, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო და ჯენკინსმაც სრული სერიოზულობით დაიწყო ფიქრი ირლანდიური მიწის იმპორტზე, დაფასოებასა და მაღაზიებში გაყიდვაზე.


ამერიკაში არსებობს აკრძალვა უცხოური მიწის შეტანაზე. ამის მიზეზია უცხო ქვეყნების ბაქტერიები, ვირუსები, ჭიები და მატლები, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ, უკონტროლოდ გამრავლდნენ მათთვის უცხო ამერიკული მიწის გარემოში და ზიანი მიაყენონ ამერიკულ ეკოსისტემას.


თუმცა ჯენკინსი არაფერს არ შეუშინდა. მან დაიწყო ბრძოლა ირლანდიური მიწის შეტანაზე ნებართვის მისაღებად.


საბოლოოდ, ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნება დართო ჯენკინსს, დაეწყო თავისი ძალიან უცნაური ბიზნესი.


როცა სათანადო საბუთებს აფორმებდნენ, სახელმწიფო უწყების თანამშრომლები სიცილით იხოცებოდნენ. მათ ჯენკინსი გიჟად და ახირებულ კაცად მიაჩნდათ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიწის გაყიდვით ეს უკანასკნელი ერთ ცენტსაც კი ვერ იშოვიდა.


თუმცა საბუთების გაფორმების პროცესში აღმოცენდა ერთი "მაგრამ..." უცებ გაირკვა, რომ ამერიკის სახელმწიფო საბაჟო ნებართვას იძლეოდა ქვეყანაში მხოლოდ სტერილიზებული, ბაქტერიებისგან, ვირუსებისა და ჭიებისგან ბოლომდე გაწმენდილი მიწის შეტანაზე, ანუ ითხოვდა იმას, რასაც მანამდე ითხოვდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო.


ჯენკინსმა მთელი ქვეყნის ქიმიკოსები შეაწრიალა. ყველა ეუბნებოდა, რომ მიწის სტერილიზება იმგვარად, რომ შენარჩუნებულიყო მისი პირველადი სახე და ასევე, მომხდარიყო სრული დეზინფიცირება, იყო შეუძლებელი.


მაგრამ ჯენკინსი მაინც არ ნებდებოდა. 2006 წელს ბიზნესმენმა გაიცნო პატ ბიორკი, მის მსგავსად ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც შეძლო მიწის სათანადოდ დამუშავება, რის შემდეგაც ბიზნესის აყვავებას წინ აღარაფერი ედგა.


შესაბამისად, ჯენკინსმა და ბიორკმა 2006 წელს მიიღეს პატენტი ირლანდიური მიწის დამუშავებაზე და დააფუძნეს კომპანია "Auld Sod Export"-ი.


ჯენკინსის ფირმა მიწას თავდაპირველად ირლანდიის 32 საგრაფოში მოიპოვებდა, რათა კლიენტებს შეძლებოდათ, აერჩიათ მათ მშობლიურ სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე ნაკვეთიდან წაღებული მიწა, თუმცა ეს ძალიან რთული აღმოჩნდა, ამიტომ "Auld Sod Export"-მა 2 აკრის ფართობის მიწა იყიდა ტიპერარის საგრაფოში და ამიერიდან აღნიშნული ნაკვეთიდან დაიწყო ამერიკელი ირლანდიელების მომარაგება მშობლიური მიწით.


2006 წელსვე ირლანდიური მიწის პირველმა პარტიამ ლონგ-აილენდზე მდებარე საწყობში დაიდო ბინა. ჩაირთო კომპანიის საიტიც, რომელიც ქსელში გაშვებიდან პირველივე 15 წუთის მანძილზე "დაიბომბა" მოთხოვნებით. ჯენკინსს ურეკავდნენ უცნობი ადამიანები მთელი ამერიკიდან და სთხოვდნენ ფრენშაიზინგის გაკეთებას.


ირლანდიურ მიწაზე მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ფირმას ვერმონტის შტატში ახალი ოფისის გახსნა, ხოლო ირლადიაში მიწის ახალი ნაკვეთების ყიდვა მოუხდა.


ბევრი სიკვდილის შემდეგ კუბოში გულზე დასაყრელად და სამარეში წასაღებად ყიდულობდა ჯენკინსის მიწას, თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, მიწა მცენარეების გასახარებლად რომ სურდათ.


ირლანდიელებს ერთი ასეთი ტრადიცია აქვთ: როცა ბავშვი იბადება, მის სახელზე ხეს რგავენ ხოლმე. ჰოდა, ძალიან ბევრმა ოჯახმა გამოთქვა სურვილი, ეს ხე მშობლიურ ირლანდიურ მიწაში გაეხარებინა.


ბოლოს ჯენკინსის და ბიორკის ფირმა გასცდა ამერიკის საზღვრებს, იქცა მულტინაციონალურ კორპორაციად და ირლანდიელების მომარაგება მშობლიური მიწით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო.


ჯენკინსი და ბიორკი საკუთარი ფირმიდან მიღებული მრავალმილიონიანი შემოსავლების 80 %-ს თავიდანვე ქველმოქმედებას ახმარდნენ. თუმცა, 2015 წელს ბიზნესმა არსებობა თითქმის შეწყვიტა. მიზეზი ის გახლდათ, რომ ირლანდიაში ხალხმა სასამართლოში უჩივლა "Auld Sod Export"-ს, "ირლანდიური ნიადაგის დამახინჯების და ქვეყნიდან მიწის დიდი რაოდენობით გატანის" გამო.


თუმცა, მალევე ყველა სამართლებრივი პრობლემა მოგვარდა და ფირმა "Auld Sod Export"-ი დღემდე ისევ განაგრძობს ჩვეულ საქმიანობას და ქველმოქმედებასაც ძველებურად მისდევს.

ირლანდიური მიწა

0
450
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0