x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ოთარ ჭილაძის ნამდვილი ფასი საქართველომ შეიძლება ჯერ კიდევ არ იცის...

image

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ამ საღამოს ოთარ ჭილაძის ლექსებს ვკითხულობ. მოკლედ ვიტყვი: ამ კაცის ნამდვილი ფასი საქართველომ, შეიძლება, ჯერ კიდევ არ იცის. ოთარს ოდნავ მაინც სუსტი ლექსი არ აქვს. არც მეტ-ნაკლებად საშუალო. ყველგან იგრძნობა ტალანტი, ოსტატობა და გემოვნება. ეს არ არის გადაჭარბებული ან სუბიექტური ხედვა - ეს ნამდვილად ასეა.

ასე - არავის რომ ჰგავს - ხედავდე... ასე - არავის რომ ჰგავს - სათქმელს ხატავდე (ჰო, სიტყვებით ხატავდე ყველაფერს)... სიტყვა „უბრალოს“ ძალდაუტანებლად ცაში ასეირნებდე - ეს ოთარ ჭილაძეა.

მისი ფრაზა გამოხატვის კულტურას ქმნის. მისი სიტყვა ყოველთვის იქ არის, სადაც უნდა იყოს და სხვა სიტყვით ვერასდროს შეიცვლება - სხვა სიტყვა იქ ყოფნას იუხერხულებს. მისი „პოეტური ქცევა“ მუდმივად ეტალონურია. ოთარ ჭილაძე ამ მახასიათებლებით ყველა დროის საუკეთესო ქართველ ( ეს კი მაღალი საერთაშორისო სტანდარტიც არის) პოეტთა რიგებში უნდა მოვიხსენიოთ.

არის თუ არა ეს გადაჭარბება?

გავყვეთ მავანთა „ავტორიტეტულ“ მოსაზრებებს - ოთარს ხან „ერთფეროვნებას“ რომ სწამებენ და ხანაც - „მასშტაბის სიმცირეს“?

არა მგონია, ახლა ეს პოეტს ანაღვლებდეს.

არც მის ნამდვილად მხედველებს გვანაღვლებს.

მათი მოსაზრებების წონა განწყობას ოთარ ჭილაძე ერთი რიგითი ლექსით „აწევს“.

მაგალითად, ამით:

„თურმე ტყუილად დავაპე შეშა,

თურმე ტყუილად დავანთე ცეცხლი -

აუხდენელი ოცნება შემრჩა,

როგორც ძველ ბუდეს - ბუმბული მერცხლის.

როგორც მოვიდა, ისევე წავა,

უცაბედია წვიმაც და ქარიც,

ისევე წავა...თითქოს მახსენებს

შენს წასვლას - ჩუმად ჭრიალებს კარი...

და იკლაკნება ბუხარში ბოლი,

თითქოს იხრჩობა და შველას ითხოვს...

ჯერ არ ყოფილხარ შენ ასე შორი.

ყოველთვის შორი იყავი თითქოს“.

ხედავთ მერცხლის ბუმბულს ძველ ბუდეში?

გესმით კარის ჭრიალი?

შველის მოლოდინში დაკლაკნილ ბოლს მოუღწევია თქვენამდე?

ფინალის იდუმალ ხიბლს გრძნობთ?

მაშინ ოთარ ჭილაძე თქვენიც ისევეა, როგორც უამრავი ადამიანისთვის, რომელთათვისაც პოეზია სულერთი არ არის“, - წერს მურღულია. image

0
39
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0