x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
სანამ ვარ, ზუსტად ვიცი, ისიც ჩემთან ერთად იქნება... - მაია კახიძე

image28 თებერვალს, განუმეორებელი რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღეა. ჩემს წიგნში, „თბილისელი ქალის ჩანაწერები“ სხვა ისტორია დაიბეჭდა. ეს ამბავი კი გუშინ დავწერე მის პატივსაცემად და ახალ წიგნში აუცილებლად შევა. მართლაც გასაოცარი იყო მასთან ურთიერთობა. ნათელში იყოს მისი სული...



„მე მძულს პოლიტიკა“
~~~~~~~~~~~~~~~~~~
(ამონარიდი დოკუმენტური პროზიდან)



ერთ - ერთ თათბირზე, ლაშა ნადარეიშვილმა რამაზ ჩხიკვაძესთან პოლიტიკურ პროგნოზზე გასაუბრება მთხოვა, რადგან კარგად იცოდა ჩემი და ბატონი რამაზის მეგობრობის ამბავი, - შენთან უფრო გახსნილად ილაპარაკებს, ჰოდა, გარეკანისთვის („ასავალ - დასავალი“) მინდა ეგ მასალაო.
რასაკვირველია, იმ საღამოსვე დავურეკე ჩვენი შეხვედრის დასაზუტებლად. მან კი:
- ხვალ მივფრინავ ერთი კვირით. რა გინდოდა, ახლა ვერ მეტყვი? ან გადავდოთ შეხვედრაო.
უარი ვუთხარი. ვიფიქრე, მომავალ ორშაბათამდე ანუ ორი ნომრის მერე რაღა გამოვა, ახლა არის ეს ცხელი ამბები და ბარემ ვკითხავ - მეთქი და ვკითხე კიდეც:
- როგორ შეაფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში და რას ურჩევდით „ზევით“ მსხდომებს?
- მე შენთვის მითქვამს უარი აქამდე? იმიტომ, რომა, სხვა რამეებზე მოდიოდი. ეხლა, ეგეთები არ გვინდა. მე არტისტი ვარ, კაცოო, არტისტიი!
- მერე, ხომ გტკივათ სამშობლოში რაც ხდება?
- ხო იცი, რო მტკივა, რას მეკითხები? მე რა პროგნოზი გავაკეთო, დამიჯერებენ, არაა?! ჩემმა მზემ, ძაან მეჯავრება პოლიტიკა, მით უფრო - ცუდი.
- ჰოდა, აი, მაგ ცუდზე მითხარით, გარედანაც ხომ კარგად ჩანს ყველაფერი და ვიცი, სათქმელიც გექნებათ.
- ვიქადაგო თუ ვექადაგო მაგათა? ხო გითხარი, არ მიყვარს პოლიტიკა?!
- არც მე მიყვარს, მაგრამ რა ვქნა, ამაზეც ვწერ. უფრო მეტად, მაინც რაზე შეგტკივათ გული?
- ადამიანო, რა ენაზე გითხრა, რომ გაიგო, არ მიყვარს ეგ ოხერი პოლიტიკა.
- კარგით, რაა, რა დავწერო, რამაზ ჩხიკვაძეს არ უყვარს პოლიტიკა - მეთქი?
- მააშ, ეგრე დაწერე.
- ოთხი სიტყვა? მაგაში ვერც ჰონორარს ავიღებ და ვერც სათქმელს ვიტყვით მე და თქვენ. მომკლავს მთავარი რედაქტორი. მე და მასალის ვერ მიტანა ისტორიას არ ახსოვს.
- ემაგ შენ ისტორიაში ჩაწერე, რომა, რამაზას არ უყვარს პოლიტიკა - თქო. უფრო მეტი, კაცოო, ეჯავრება - თქოო.
- ახლა ტაქსით მოვქანდები თქვენთან და ზოგიც მერე ვნახოთ, ნატაშა და მე როგორ აგალაპარაკებთ...
- შენა, რო მეგონა ერთმანეთი გვიყვარდა, ეგრე არაა?
მოდი, რა, მე მოგცემ მაგ ოხერ ჰონორარსა. ჩამოვალ და არ გადამირჩები იცოდე. თეატრზე ვილაპარაკოთ, კაცო, თეატრზედა, კინოზედა, თბილისზედა, გულზედა...
- მაგაზე რამდენი გვილაპარაკია და ყელს მჭრით პირდაპირ.
- ახლა მკვლელიც გამომიყვანა. გენაცვალოს ჩემი თავი ყველაფერში, პოლიტიკა არ გამაგონო, ერთი მაგისი და მაგათიც კიდევა. წავედი, წავედი. იცოდე, არ გამაბრაზო მეტჯერ. ხედამ შენა...
- ბატონო, რამაზ, მაინც დავწერ იცოდე და არ გეწყინოს მერე.
- წერე, გოგო - გოგო მაია (ასე მეძახდა), პრესის ჭიამაია. მე რაა, მე ხმა ამამიღია, რო?!
P.S.
მართლაც, ორშაბათის ნომერში დაიბეჭდა ნახევარი გვერდი, სათაურით - „ მე მძულს პოლიტიკა“. ახლაც არ ვიცი, როგორ დავწერე საგაზეთო ნახევარი გვერდი, მაგრამ დიდი მოწონება კი დაიმსახურა იმ ინტერვიუმ. ოოო, როდესაც თბილისში დაბრუნდა, ვიღაცამ მიუტანა ის ნომერი. რასაკვირველია, ნახა და წაიკითხა.
ჰოდა, დამირეკა და გაცეცხლებული მეუბნება:
- მარტო იმაზე მიპასუხე, როგორ მაახერხეო?
მალევე შევირიგე, ძალიან კი არა, ძალიან, ძალიან საყვარელი და შეუდარებელი ბატონი რამაზი. სხვა მოგონებები ჩემს წიგნში „თბილისელი ქალის ჩანაწერები“ დავბეჭდე. ეს მოგონება კი... მენატრება და იმიტომ დავწერე. მენატრება მასთან სტუმრობა, საუბრები, მისი ხმა, საოცარი თვალები და გულითადი მასპინძლობა. სანამ ვარ, ზუსტად ვიცი, ისიც ჩემთან ერთად იქნება.



/მაიკო კახიძე/image

0
121
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0