x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
შარდისგან მიღებული წყალი, ვაკუუმიანი ტუალეტი და კოსმოსში მოყვანილი მწვანილი - როგორ ცხოვრობენ კოსმონავტები
განა არსებობს ბიჭუნა (და ხშირ შემთხვევაში გოგონაც), რომელსაც კოსმონავტობაზე ერთხელ მაინც არ უოცნებია? კოსმოსი - ეს მაგიური სიტყვა ხომ ანდამატივით იზიდავს ყველას და იდუმალ სივრცეში ჯადოსნურ მოგზაურობას ჰპირდება, მაგრამ კოსმონავტობა მხოლოდ პლანეტების სილამაზით ტკბობა და უჰაერო სივრცეში ლივლივი როდია? - კოსმონავტები კოსმოსში თვეებს, ზოგჯერ კი წლებსაც ატარებენ. ცხადია, დედამიწის ორბიტის გადალახვის შემდეგ ცხოვრება არ მთავრდება: გარდა მეცნიერული კვლევებისა, კოსმონავტები ჭამენ, სუნთქავენ, ერთმანეთს ესაუბრებიან, დადიან ტუალეტში, რეცხავენ სარეცხს და აკეთებენ სხვა იმ საქმეებს, რასაც ჩვენ, დედამიწაზე მყოფნი ყოველდღიურად ვაკეთებთ. ეს, ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ქმედებები დედამიწაზე ადვილია, მაგრამ როგორია ცხოვრება კოსმოსში, უწონადობის პირობებში?




image



მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ საერთაშორისო ორბიტულ კოსმოსურ სადგურზე და ვნახოთ, რას ჭამენ და სვამენ კოსმონავტები, როგორ რეცხავენ სარეცხს, როგორ დადიან ტუალეტში და ზოგადად, როგორ უმკლავდებიან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებს.


image



ჭამე! სვი! იფრინე!


image


ჯერ კიდევ გგონიათ, რომ კოსმოსურ სადგურზე მყოფი ადამიანები ისევ ტუბებში ჩასხმული საკვებით იკვებებიან? - სულაც არა. საკვების გამოწუწვნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-ან წლებში დასრულდა. დღეისათვის კოსმოსურ ხომალდებზე მყოფთათვის საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუა შემუშავებული წვნიანი კერძების, პურის და გამხმარი მარწყვის ჩათვლით. ამ მარწყვის გადაქცევა ჩვეულებრივ, ცოცხალ ხილად ძალიან იოლია: ამისათვის საკმარისია მისი დალბობა ორიოდე საათით. თუმცა უნდა აღვნიშნით, რომ კოსმოსური რაციონი არც ისე მრავალფეროვანია. "- ჩვენ გვაქვს 16 დღიანი რაციონი, -ჰყვება ერთ-ერთი კოსმონავტი, - ანუ 16 დღის განმავლობაში საკვები არ მეორდება, მე-17-ე დღეს კი ყველაფერი თავიდან იწყება". ამ ვიდეოზე ნაჩვენებია ჩვეულებრივი რიგითი საუზმე კოსმოსში.





ტექნიკის განვითარებამ მეცნიერებს საშუალება მისცა, შეექმნათ სამზარეულოს გაჯეტები, რომლებიც კოსმონავტებს ეხმარება სხვადასხვა საკვების მომზადებაში.


image



კეფირის მომზადება უწონადობის პირობებში




სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე პირველად გამოჩნდა კეფირი. 2016 წლის სექტემბერში სადგურზე მორიგი "Союз" გაემგზავრა, რომელიც აღჭურვილი იყო პრობიოტიკის ტექნოლოგიით. თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ეკიპაჟის წევრები მისი საშუალებით დამზადებინათ რძემჟავა პროდუქტი, რომელიც კეფირის მაგივრობას გასწევდა. ტექნოლოგია მოიცავდა კონტეინერებში ჩატვირთული მშრალი რძის გახსნას წყალში და მის დამჟავებას ლაქტობაქტერიის შემცველი აბებით. ცდების შედეგად მიღებული იქნა რძისმაგვარი მასა, რომელსაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში ათავსებდნენ თერმოსტატში, შემდეგ კი - მაცივარში. როცა კეფირის პირველი პარტია მომზადდა, კოსმონავტებმა მისი დალევა ვერ გარისკეს - საჭირო იყო ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება პროდუქტის უვნებლობის დასამტკიცებლად.

დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ჩატარდა მიღებული პროდუქტის სრული ანალიზი. შედეგებმა აჩვენა, რომ ფერით, სუნით და გემოთი ის არაფრით ჩამოუვარდება ნამდვილ კეფირს, გააჩნია იმუნიტეტის განმამტკიცებელი თვისება და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ამის შემდეგ აღნიშნული რძეჟავა პროდუქტი აქტიურად გამოიყენება კოსმოსურ საგურებზე, როგორც პრობიოტიკი. ამბობენ, რომ ის აუცილებლად შევა მარსზე გასაფრენი ექსპედიციის მენიუში.


image



სათბურები ორბიტაზე


image



ასტონავტები ახალ ხილსა და ბოსტნეულს მოკლებულნი არიან. ეს მხოლოდ მარველის ფილმებშია შესაძლებელი, ვარსკვლავმფრენით უცებ შეირბინო უცხოპლანეტელთა ბაზარში და რაც გინდა, ის იყიდო. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მკვიდრთ კი უხდებათ საკმაოდ დიდი ხნით ლოდინი, სანამ მიიღებენ "ამანათს" სახლიდან (ამ შემთხვევაში დედამიწიდან). ზოგ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, მოსავალი თვით ხომალდის ბორტზე მოიყვანონ. პირველი მერცხალი ამ მხრივ იყო რუსული ორანჟერეა "ლადა". ექსპრიმენტულმა ტექნოლოგიებმა კოსმონავტებს საშუალება მისცა კოსმოსურ ხომალდში მოეყვანათ ბოლოკი, ხორბალი, ქერი და სალათა. სათბურშივე გახდა შესაძლებელი ბარდის მოყვანაც.

ამჟამად ორბიტაზე ფუნქციონირებს ნასას მიერ შემუშავებული პლანტაცია Veggie. ამ მოწყობილობაში მოჰყავთ ბოსტნეული წითელი, ლურჯი და მწვანე შუქდიოდური ნათურების მეშვეობით. ასტრონავტებმა უკვე გასინჯეს რომენის სალათის ფურცლები და ძალიანაც მოეწონათ მისი გემო.


image



კოსმოსური წყალგაყვანილობა


image



საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე წლის განმავლობაში დაახლოებით იხარჯება 9000 ლიტრი წყალი. ეს კი 9 ტონა ზედმეტი ტვირთია. ამჟამად შუამავალი ხომალდები ახერხებენ 2, 5 ტონა ტვირთის ატანას ორბიტაზე. ესენია: ტანსაცმელი, წყალი, სურსათი, ჰიგიენის საშუალებები, საკვლევი მოწყობილობები და სხვა ნივთები.

რადგან დედამიწიდან ორბიტამდე წყალსადენის მილების გაყვანა შეუძლებელია, ამიტომ კოსმოსურ სადგურზე ფუნქციონირებს წყლის რეგენერაციის სისტემა СРВ-К2М. ის ატმოსფეროდან კრიბავს ყველანაირ კონდენსატს, რომელიც გამოიყოფა ეკიპაჟის ცხოველმყოფელობის პროცესში. ესაა ოფლი, ორთქლი, ყველანაირი ნესტი, მათ შორის პირსახოცებიდან და პროდუქტებიდან გამოყოფილი, ისინი იკრიბება მბრუნავ ცილინდრში და ეს სითხე იფილტრება. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ მიიღება სუფთა წყალი, რომელიც გამოსადეგია დასალევად. ასე განსაჯეთ, კოსმოსურ სადგურზე სუფთა წყლის მისაღებად საკანალიზაციო სითხესაც კი იყენებენ. დისტილაციის შემდეგ მიღებული წყალი აბსოლუტურად სუფთაა. მოკლედ, ჭკვიანი გაჯეტების მეშვეობით ღებულობენ საჭირო წყლის 93%-ს, თუმცა მეცნიერები არ ნებდებიან, ისინი აპირებენ უახლოეს მომავალში საერთოდ უარი თქვან დედამიწიდან აზიდულ წყალზე და 100%-ით დააკმაყოფილონ მასზე მოთხოვნილება მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი რესურსით.


image



მისტერ პროპერის გარეშე


image



რა თქმა უნდა, ორბიტულ სადგურზე განსაკუთრებული სისუფთავის დაცვაა საჭირო. ეს მხოლოდ ჰიგიენის საკითხი კი არა, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებაა. სტერილური სისუფთავე რომ მნიშვნელოვანია, ამის მწარე გამოცდილება სადგურ ''Мир''-ზე მყოფმა კოსმონავტებმა თავის თავზე იწვნიეს. ბაქტერიების გამრავლება მიზეზი გახდა არა მარტო აუტანელი სუნისა ბორტზე, არამედ მათ გამოიწვიეს პანელების რღვევა და ეკიპაჟი კინაღამ კავშირის გარეშე დატოვეს, რადგან კვების ბლოკშიც შეაღწიეს.

დღეისათვის კოსმონავტებს ათასნაირი კოსმოაქტიური მტვერსასრუტი გააჩნიათ, რათა გაანადგურონ ბაქტერიები მანამ, სანამ ისინი ადამიანებს გაანადგურებენ.


image



"ელექტრონული ცხვირი"


image



ყველა კოსმოსურ სადგურზე მუშაობს მტვრის ფილტრები და მტვრის შემკრებები. ყოველ შაბათს ეკიპაჟი ახორციელებს გენერალურ დალაგებას. თუმცა ჩაკეტილ სივრცეში მაინც დიდია რისკი, რომ მიკრობები რომელიმე კუთხე-კუნჭულში დარჩნენ და დედამიწელებს ტერორი მოუწყონ, ამიტომ სპეციალურად ორბიტალური სადგურისათვის შექმნეს ''ელექტრონული ცხვირი''. ეს მოწყობილობა ყნოსვით პოულობს საეჭვო ელემენტებს იქ, სადაც ადამიანის ხელი ვერ მისწვდება და სადაც თითქოსდა ყველაფერი სისუფთავით ბრწყინავს. ელექტრონული ცხვირი იმდენად მგრძნობიარეა, რომ ის რეაგირებს ჰაერის მილიონ მოლეკულაში შერეულ ბაქტერიის ან მიკრობის ერთ მოლეკულაზე.


image



ვაკუუმური ტუალეტი




ალბათ ბევრ თქვენგანს დაჰბადებია დელიკატური კითხვა: როგორ დადიან ტუალეტში უწონადობის პირობებში? - რა თქმა უნდა, აქ დედამიწის მეთოდი არ გამოდგება გრავიტაციის არარსებობის გამო ( შარდი და განავალი უბრალოდ ჰაერში იტივტივებს), თუმცა ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია გადაჭრილია. კოსმოსური ტუალეტის მთავარ ელემენტს წარმოადგენს ჰაერის ნაკადი, რომელიც ისრუტავს ყველანაირ გამონაყოფს. თუმცა აქაცაა ერთი პრობლემა: კოსმონავტებმა კარგად უნდა იცოდნენ "დამიზნება''. ზემოთ მოცემულ ვიდეოში ასტრონავტი პეგი უოტსონი გვიხსნის, რომ ''მცირე საჭიროებისათვის" ტუალეტში შესვლა ძალიან იოლია: ამისათვის გრძელი და მოძრავი მილყელი არსებობს; აი უფრო დიდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი ასტრონავტებს მეტი ყურადღება სჭირდებათ: უნიტაზის ნახვრეტი საკმაოდ ვიწროა. "-ამის გაკეთება უფრო რთულია, რადგან აუცილებელია მიზანში მოხვედრა"- აზუსტებს პეგი. ასე რომ, საშიში არაფერია... მერე რა, თუ კოსმოსური ტუალეტი ერთი შეხედვით ექიმი-ფსიქოპათის საწამებელ კამერას წააგავს.


image



საქმიანი რობოტები და რობოტი-მოსაუბრეები


image


ფილმებიდან და ვიდეოთამაშებიდან ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ კოსმოსში სულაც არაა მოწყენილობა: ხან მეწყვილე მოიგონებს რაიმე ანეგდოტს, ხან უცნაური მოლუსკები გამოჩნდებიან ილუმინატორში, ხან მეზობელი პლანეტიდან "შემოგირბენთ" მეგობარი მოსანახულებლად, ხანაც კაპიტან ამერიკას მსგავსად რომელიმე აჯანყებული პლანეტის "დაშოშმინება" მოგიწევთ ან სულაც ბოროტი ტანოსის წინააღმდეგ ბრძოლა (ალბათ მიმიხვდით ბოლოს ნანახი ფილმის შემდეგ გამოყოლილ შთაბეჭდილებებს)...რა თქმა უნდა, სინამდვილეში ასე სულაც არაა. სადგურების მკვიდრნი ბევრს შრომობენ და უხდებათ თვეების და წლების განმავლობაშიც კი ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. აქ ყველაზე ფლეგმატური და მარტოობის მოყვარული ადამიანიც კი შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს მოწყენილობისაგან. ეს რომ არ მოხდეს, მეცნიერებმა გამოიგონეს რობოტი-მოსაუბრეები, რომლებიც ტექნო-ფსიქოლოგების როლს თამაშობენ:

2013 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდა იაპონელი ასტრონავტი კოიტი ვაკატა. ექსპედიციაში ის JAXA -ს (იაპონური კოსმოსური კვლევების სააგენტო) ერთადერთი წარმომადგენელი იყო. სადგურზე კიდევ იმყოფებოდა ორი ამერიკელი და სამი რუსი. წარმოიდგინეთ: ჩაკეტილი ხომალდი, უცნობ ადამიანებთან გატარებული ოთხი თვე და არც ერთი მშობლიური სიტყვა. ამ მდგომარეობაში მშვიდი ნერვების მქონე იაპონელიც კი შეიძლება ჰარაკირამდე მივიდეს. თუმცა ჭკვიანმა აზიელებმა გაითვალისწინეს ეს ყველაფერი და JAXA -სა და ტოკიოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით შექმნეს ძალიან საყვარელი რობოტი Kirobo, რომელსაც ცოცხალი ადამიანივით შეეძლო დიალოგის გამართვა. Kirobo-მ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი და საფუძველი დაუდო თავის თანამოძმეებს, რომლებიც ასტრონავტების დასახმარებლად შეიქმნა.


image



ვარჯიში უწონადობის პირობებში


image



მოგეხსენებათ, კოსმონავტები ნავარჯიშევი ხალხია, მაგრამ როგორ უნდა მოხერხდეს ვარჯიში და დატვირთვა უწონადობის პირობებში, როცა ყველაზე მძიმე ჰანტელებიც კი პეპელასავით დაფრინავენ ჰაერში? - პასუხი ერთია: ჭკვიანურად მოფიქრებული და მოხერხებული ტრენაჟორები.

საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე ნამდვილი ფიტნეს-კლუბი არსებობს გრავიტაციული მინდვრის იმიტაციით, სარბენი ბილიკებით, ველოტრენაჟორებით და ნიჩბებით.

კოსმონავტებს რომ კუნთები ბოლომდე არ მოუდუნდეთ და სახლში ჯანმრთელი და უვნებელნი დაბრუნდნენ, ისინი დღეში ორ საათს ვარჯიშობენ. პირველ რიგში რამდენიმე კილომეტრს გარბიან ველოტრენაჟორებზე და სარბენ ბილიკებზე, ნორმალური დატვირთვის იმიტაციისათვის ადამიანები სავარჯიშო მოწყობილობებზე ღვედებით არიან მიბმული და მეორეც, თავად ინვენტარი აღჭურვილია ვიბროიზოლაციის სისტემით.

ძალიან ეფექტურია ამერიკული ტრენაჟორი ARED, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ქმნის დედამიწის გრავიტაციის იმიტაციას. ასტრონავტები და კოსმონავტები სწორედ მისი წყალობით აკეთებენ ვარჯიშებს.

ასე რომ, თუ გინდათ პირადი მწვრთნელის აყვანას თავი აარიდოთ და ეკონომია გააკეთოთ, გაფრინდით კოსმოსში. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნას აბა რა ჯობს: იქ სათბურებია, კეფირის აპარატია, გრავიტაციული ტრენაჟორები და პატარა საყვარელი რობოტებია, რომლებიც მუდამ მზად არიან თქვენს დასახმარებლად....


image


და ვინ თქვა, რომ კოსმოსში მოწყენილობაა?


p.s. საქართველო და კოსმოსი


imageფოტოზე: პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი


სტატია უკვე დასრულებული მქონდა, რომ ჩემდა უნებურად დამებადა კითხვა: არის თუ არა რაიმე კავშირი საქართველოსა და კოსმოსს შორის? იკვეთება თუ არა მათი გზები? - საქართველო მხოლოდ რამდენჯერმე შეხებია კოსმოსს: პირველი იყო “ჩაკრულო”, რომელიც კარლ სეიგანის პროექტში მოხვდა და თანამგზავრ ''ვოიაჟერთან'' ერთად უკვე მზის სისტემის საზღვრებიც დატოვა. ლეგენდის მიხედვით, ხრუშჩოვის დროს რამდენიმე ქართველი გადიოდა კოსმონავტად მომზადებას, მაგრამ ისინი კოსმოსში არასოდეს გაფრენილან. შემდეგი ყველაზე ახლო შეხება მოხდა 1999 წლის 23 ივლისს, როდესაც სადგურ “მირ”-ზე გაგზავნილ იქნა, ხოლო შემდეგ ორბიტაზე გაეშვა პირველი ქართული რეფლექტორი.

ამის შემდეგ ყოველი წლის 23 ივლისს საქართველოში აღინიშნება ''პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე''. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - რეფლექტორის კოსმოსში გატანა და წარმატებული გამოცდა აღიარებულია ლიტერატურაში, როგორც ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი მსოფლიო კოსმონავტიკაში, ხოლო მისი განხორციელების თარიღი შეტანილია კოსმონავტიკის ღირსშესანიშნავ ქრონიკათა ჩამონათვალში. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში ქართული კოსმოსური ხომალდიც გაფრინდება რომელიმე შორეულ პლანეტაზე და მოგვიტანს იქაურ ამბებს (ეს ისე, ხუმრობით).



0
488
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0