საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უვიზომიმოსვლასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება დაიწყო.მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ოფიციალურითბილისი ვარაუდობს, რომ ევროპასთან უვიზო კავშირირამდენიმე წელიწადში რეალობა იქნება. როგორ შეხვდაქართული საზოგადოება ამ მოლაპარაკებების დაწყებას?
ლევან ბერძენიშვილი, კოალიცია “ქართული ოცნების”წევრი: - ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ვერ იქნება, რადგან საქართველო რეგიონში ისQქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ვიზებზე ყველაზე მეტ უარს იღებს, ანუ ევროპის ქვეყნები ყველაზე მეტ უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს. ჯერჯერობით, ლაპარაკი მხოლოდ მიმოსვლის გამარტივებაზეა და არსად უთქვამთ, ქართველებს უვიზოდ მივიღებთო, თუმცა თუ უვიზო მიმოსვლა იქნება, მხოლოდ გამიხარდება. სხვათა შორის, ანალოგიური განცხადებები რუსეთთან კონტექსტში გაკეთდა, თითქოს ჩვენს მოქალაქეებს უფრო ადრე შეეძლებათ ევროპაში უვიზოდ გადაადგილება, ვიდრე - რუსეთის, მაგრამ დღეს ევროპის ქვეყნებთან რუსეთს გაცილებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი აქვს, ვიდრე _ საქართველოს. ის პროპაგანდა კი, რასაც ჩვენი მთავრობა ავრცელებს, სიმართლე არაა. სიმართლე ისაა რომ რუსეთის მოქალაქეები ახლაც ძალიან ადვილად შედიან ევროპაში... ძალიან მინდა, უვიზო მიმოსვლა სიმართლე იყოს, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ასეთი რამ არ მოხდება. ეს წინასაარჩენო ლაპარაკია...
რატი ამაღლობელი, პოეტი: _ არ ვიცი, რამდენად რეალურია... თუ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა იქნება, ბუნებრივია, ძალიან გამიხარდება, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. აქამდეც ამბობდნენ, გაიოლდაო, მაგრამ ეს სიიოლე საკუთარ თავზე ბევრმა ვერ გამოსცადა.
იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი: _ ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროპაში პროცედურების გარეშე მოხვედრას ნიშნავს _ ინგლისში წასასვლელი ვიზის აღება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც არ მივესალმები, რადგან დღევანდელი სიტუაციის ფონზე, როცა საკმაოდ დიდია ქართული მოსახლეობის გადინება, ვიზის გაუქმება დააჩქარებს საქართველოს დანგრევას. ისე, კარგად ჟღერს ევროპასთან უვიზო რეჟიმი, მაგრამ დიდი დაფიქრება მართებთ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას. უვიზო მიმოსვლა სტიმულს მისცემს უმუშევრებს. ევროპას რაში სჭირდება ეს სიტუაცია, ისედაც გამოტენილია ევროპის ციხეები ქართველებით. კი ბატონო, გავუშვათ ეს ხალხი აქედან, ბილეთიც უფასოდ ვუყიდოთ და აქ სხვები დავპატიჯოთ. ვინც ამას მიესალმება, მისი ნებაა, მაგრამ ეს არაა სახელმწიფოებრივი აზროვნება.
ნოდარ ხადური, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი: _ სამწუხაროდ, ვერ დავადასტურებ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება. ძალიან ბევრია იმისთვის გასაკეთებელი, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვქონდეს, მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობაა შესაცვლელი, რათა საქართველო არ გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ევროპაში არალეგალების მოსახვედრად. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს მალე მოხდეს, რადგან ამას წინ სერიოზული მუშაობა და პრობლემების გადაწყვეტა უნდა უძღოდეს. რომ ამბობენ, ძალიან მალე გავაუქმებთო, ეს, უბრალოდ, მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ ცრუ დაპირებაა. სანამ საქართველო მიაღწევს ევროპასთან მსგავს შედეგს, ამას წლები დასჭირდება და საზღვარს ასე მარტივად არავინ გაგვიხსნის.
გოგი ქავთარაძე, რეჟისორი, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი: _ კარგი იქნება, თუ ვიზა აღარ დაგვჭირდება, ამას რა სჯობს?! ვინმე არის ისეთი, რომ ეს არ მოეწონოს?! თუ ეს რეალურია, ნამდვილად მისასალმებელია.
ლუბა ელიაშვილი, ჟურნალისტი: _ თუ ასე იქნება, რა თქმა უნდა, მივესალმები, მაგრამ ერთი ძველი ანეგდოტი მახსენდება: ერთ გლეხს ჯიუტი გოგო ჰყავს და ცოლად არავის მიჰყვება. შეწუხებული გლეხი შვილს მღვდელს მიუყვანს და შველას სთხოვს. მღვდელი ეკითხება, აი, ვანოს რატომ არ მიჰყვებიო? გოგო პასუხობს, არაა ლამაზიიო. მიხოსო? _ პატარააო. კაკოსო? _ უმუშევარიაო. რამე რომ იყოს, თავად მუხრან ბატონს თუ გაჰყვებოდი ცოლადო? _ ეგ ვინ არისო?_ დაინტერესდა გლეხის გოგო. ეგ თავადია, ახალგაზრდა, ლამაზია, მამულები აქვს და სახლიც, გაყვებიო? კიო _ გაუბრწყინდა გოგოს თვალები. მღვდელი გლეხს მიუბრუნდა, აი, ხო ხედავ, ნახევარი საქმე გაკეთებულია, ახლა თავადი მუხრან ბატონი თუ დაგვთანხმდება, ეგააო (იცინის). ასეა ჩვენი საქმეც: კარგი კი არის, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება, ევროპა დასთანხმდეს, რომ უვიზოდ შეგვიშვას ქართველები, თორემ გახარებით როგორ არ გამიხარდება!
თეა წულუკიანი, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი: _ მივესალმები ადამიანების თავისუფლად გადადგილებას. ის, რომ პრეზიდენტს უთქვამს, იქნება უვიზო მიმოსვლაო, არაა საკმარისი. ეს უნდა გადაწყვიტოს ევროკავშირმა. ცრუ დაპირებები და პიარი ადრეც ბევრი გვინახავს.
რეზო ესაძე, რეჟისორი, “სახალხო კრების” წევრი: _ ამ საკითხზე არ მიფიქრია, მაგრამ თუ ეს ხალხის მდგომარეობის შემსუბუქებას მოიტანს, მივესალმები. საკმაოდ რთულია ახლა ევროპის ქვეყნებში შესვლა. ევროპასთან ინტეგრაციას აქვს კარგი და ცუდი მხარეები. პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანების დიდი გადინება მოხდება, რადგან არასტაბილური ქვეყანა ვართ, თუმცა ყოველთვის დადაებითად ვიყავი და ვარ ევროპის მიმართ განწყობილი. ქართველი კაცი და საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. როცა სიტუაცია დასტაბილურდება, ევროპასთან უვიზო მიმოსვლაც მნიშველოვანი და კარგი იქნება.
მარიკა ლორთქიფანიძე, ისტორიკოსი: _ ვერ ვერკვევი ამ საკითხში, ტყუილად ხომ არ დავიწყებ საუბარს? ალბათ, კარგი იქნება, თუ ადამიანებს გაუადვილდებათ გადაადგილება, თუმცა არ მგონია, ეს ერთბაშად მოხდეს.
სოსო ჯაჭვლიანი, მსახიობი: _ კარგია, თუ უვიზოდ ვივლით, მაგას რა ჯობია?! სხვათა შორის, რუსებსაც უკეთებენ მაგას, ევროპელები დაინტერესებული არიან როგორც ჩვენი, ასევე, რუსების ენერგომატარებლებით და ამიტომ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში ქართველებიც და რუსებიც. ყოველ შემთხვევაში, ევროპელები იძახიან, გაგიკეთებთ მაგასო. მე რომ მკითხო, უვიზო მომოსვლა უნდა იყოს ყველგან და ეს ძალიან კარგი იქნება. ის, რომ ვინმემ მიიწეროს, ეს მე გავაკეთეო არაა, სწორი, ეს სხვა სახელმწიფოების ინტერესია. მთავრობა კი ცდილობს, ამით პიარი გაიკეთოს.
მაკა დეკანოსიძე, "ქართული სიტყვა", გამოქვეყნდა ასევე საიტ http://www.for.ge