კახეთი სიღნაღში ავტოავარიისას დაშავებული ქვეითი, 29 წლის ანი ნარინდოშვილი გარდაიცვალა 2019, 16 თებერვალი, 22:19 სიღნაღის რაიონში სამი კვირის წინ დაშავებული ქვეითად მოსიარულე 29 წლის ანი ნარინდოშვილი თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მედიკოსების განცხადებით, მას გული გაუჩერდა, მანამდე კვდომა დაიწყო ტვინის უჯრედებმაც. როგორც სოფელში ყვებიან, გოგონა ქორწილისთვის ემზადებოდა. უბედური შემთხვევა 28 იანვარს, სოფელ ჯუგაანში სამსახურიდან შინ მიმავალ ნარინდოშვილს გადაჭარბებული სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა შეეჯახა. ქვეითად მოსიარულეს იმდენად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რომ მედიკოსები მის გადარჩენას იმთავითვე ვერ პროგნოზირედნენ. გავრცელებული ცნობით, მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, ასევე ნასვამი იყო მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრიც. დანაშაულში ბრალდებული პოლიციას მაშინვე ჩაბარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ნინო ცხადაძის განცხადებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც წნორის არქიმედეს კლინიკაში აცხადებდნენ, გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. „პაციენტი კლინიკაში 18:50 საათზე შემოვიდა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობით, კომა, სუნთქვის უკმარისობა, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი აღენიშნებოდა თავის ქალას დეფორმაცია, სკალპირებული ჭრილობა შუბლის მიდამოში, აღენიშნებოდა ერთეული სუნთქვითი აქტივობები, “ - აცხადებდა ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გიორგი ღიღილოშვილი. 831 შეფასება არ არის
|