x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სუს-მა კახეთში გარემოს დაცვის დეპარტამენტის პატრულირების განყოფილების უფროსი დააკავა
image


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

.

ზაქარია ქინქლაძე რესპუბლიკური პარტიის წევრი და ერთერთი ადგილობრივი ლიდერია. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის იკავებდა როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ისე გამგებლის თანამდებობებს. მოგვიანებით, გარემოს დაცვით სფეროში გადასვლამდე ის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.


.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ამავე საქმეზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს: შპს „გრემის“ დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა., შპს „ქისტაურის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ. და მოქალაქე ვაჟა ფ..

.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა-მ, გოჩა ფ-მ და ვაჟა ფ-მ განიზრახეს ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფ-მ გადასცა.

.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლ-მ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლ-მ ზემოხსენებულ პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი 8000 ლარი გადასცა. ამასთან, რამაზ ლ-მ ადგილზე შესასრულებელ პროცედურებში დახმარების სანაცვლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროს ზაქარია ქინქლაძეს ქრთამის სახით 2500 ლარი გადასცა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

.

უწყების ინფორმაციით, ქრთამის სახით გადაცემული თანხები – 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

.

გამოძიებას ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სუს-ის ცნობით, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით.

1
368
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
368
  
2019, 7 თებერვალი, 23:13
დახვრეტა
0 1 1