"ვინ ვარ? - ამ კითხვას მე თავადაც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და ყოველ ჯერზე განსხვავებული პასუხი მაქვს. თუ ამ კითხვას მშობელი დამისვამს, მისთვის შვილი ვარ, მეგობრისთვის - მეგობარი, ვიღაცისთვის შეიძლება თანამშრომელი, ლექტორი, მასწავლებელი ან არც არავინ ვიყო..."
საზოგადოებისთვის კი ეს ნუგზარ ღვალაძეა - ავტორი, რომლის რომანი "მერსისაიდული დღიური" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" აღმოჩენაა.
ნუგზარ ღვალაძის ეს სადებიუტო წიგნი შეუპოვრობაზე, მიზნისაკენ სწრაფვასა და ოცნებების ახდენაზე მოგვითხრობს.
"ვწერ მას შემდეგ, რაც წერა ვისწავლე. ღრმა ბავშვობიდან ვწერ. თავიდან ვწერდი მხოლოდ
ლექსებს, შემდეგ პატარ-პატარა მოთხრობებს. ბავშვობისდროინდელი ჩანაწერების უმეტესობა დამეკარგა, თუმცა რაც შემრჩა, მათი კითხვისას ძალიან ვხალისობ. "მერსისაიდული დღიური" ჩემი პირველი წიგნია, რომელიც დაიბეჭდა.
რატომ ვწერ? - ვწერ იმიტომ, რომ არ მომწონს სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, ნაწერში კი შეგვიძლია ისეთი შევქმნათ, როგორიც გვსურს. უმეტესად, ვწერ იმიტომ, რომ გადმოვცე ემოცია, რომელიც სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობისას მიგროვდება. ასევე, ვცდილობ, თავი თითოეული ადამიანის ადგილას წარმოვიდგინო და გადმოვცე, თუ რას გრძნობენ, რა უხარიათ, რა სწყინთ...
მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. პატარ-პატარა ცხოვრებისეული დეტალების შეგროვება, შემდეგ გაერთიანება და ნაწერში გადმოცემა. პერსონაჟებს ვქმნი რამდენიმე რეალური ადამიანის ხასიათების შერწყმით ისე, რომ მკითხველმა ხშირად ამოიცნოს საკუთარი თავი და თქვას - "ეს ისტორია ხომ ჩემზეა?! აი, ზუსტად ასე ვიქცევი მეც!" - ასე ახასიათებს საკუთარ თავსა და ნაწარმოებს ავტორი.
"მერსისაიდული დღიურის" მთავარი გმირი არის ბიჭი, რომლის ცხოვრების აზრიც ფეხბურთია, ხოლო მისი სათაყვანებელი გუნდი - "ლივერპული". მისთვის "ლივერპულში" თამაში კი არა, ქალაქ ლივერპულში მოხვედრაც კი აუხდენელი ოცნებაა მანამ, სანამ სასკოლო გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვებს.
წიგნი არის მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორია გზა უბნის საფეხბურთო მოედნიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებსა და ასობითათასი გულშემატკივრის აღტაცებულ ყიჟინამდე.
ავტორის ფანტაზიის უნარი და საინტერესო თხრობის სტილი არა მარტო "ლივერპულის", არამედ, ზოგადად, ფეხბურთის ქომაგებს საოცნებო სამყაროში ამოგზაურებს.
"კონკრეტულად ეს ნაწარმოები ფეხბურთის და უშუალოდ, "ლივერპულის" სიყვარულმა დამაწერინა. ეს არ არის უბრალოდ საფეხბურთო კლუბი. საფეხბურთო კულტურაში "ლივერპული" შეიძლება შევადარო ყველაზე მძიმე ნარკოტიკს, რაც კი არსებობს. თუ გასინჯე, ჩათვალე, რომ ვერასდროს დააღწევ თავს. მიყვარს მისი წარსული, აწმყო და ის პოტენციალი, რაც ახლა იგრძნობა ამ კლუბში. ძალიან მიყვარს "ლივერპულის" თილისმა - ფენიქსი, რომელიც ხასიათით ცხოვრების გარკვეულ ეტაპებს შემიძლია შევადარო. ეს არის მითოლოგიური ფრინველი, რომელიც სიკვდილის წინ თავს თვითონვე იწვავს და შემდეგ საკუთარი ფერფლისგან აღდგება. ეს მუდმივი განახლების, უსასრულობის სიმბოლოა. წერისას, ხშირად ვუსმენდი გუნდის ჰიმნს - You'll never walk alone-ს. ეს რომანი არის ყველასთვის, ვისაც კი რაიმე ოცნება და მიზანი გააჩნია.
ეს არის რომანი ბიჭზე, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვება თავის ოცნებას. ადამიანზე, რომელიც ცდილობს გადალახოს ყველა წინააღმდეგობა და მიაღწიოს მიზანს. ნაწარმოები განსაკუთრებით მოსწონთ ფეხბურთის მოყვარულებს, მიუხედავად იმისა, გულშემატკივრობენ თუ არა "ლივერპულს", - აღნიშნავს ნუგზარ ღვალაძე.
ავტორი, ამჟამად, ახალ ნაწარმოებზე მუშაობს. ნაწყვეტებს, პერიოდულად, სოციალურ ქსელში აქვეყნებს და როგორც თავად აღნიშნავს, საკმაოდ დიდ გამოხმაურებას იღებს.
"მეორე ნაწარმოები ბევრად განსხვავებულია. ამ ნაწარმოებში ვცდილობ, გადმოვცე პერსონაჟები შიშვლად, შეულამაზებლად. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ, ადამიანები არ ვართ არც კეთილები და არც ბოროტები, რადგან სიკეთისა და ბოროტების ცნება ძალიან ზოგადია და სხვადასხვაგვარად აღქმადი. დარწმუნებული ვარ, ამ ახალ ნაწარმოებზე ისაუბრებენ ყველგან - დიდ ქალაქებში, სოფლებში, ყავის დალევისას, სადაქალოში, საძმაკაცოში, სოციალურ ქსელებში, აღსარებებშიც კი", - ამბობს ავტორი.
რაც შეეხება რომანს - "მერსისაიდული დღიური", მისი შეძენა "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.