პროფილაქტიკა რა არის წითელა და როგორ დავიცვათ თავი მისგან 2019, 31 იანვარი, 17:56
წითელა (ლათ. Morbilli) არის იოლად გადამდები ვირუსული დაავადება. გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, დასნებოვნებული ადამიანის პირის ღრუდან და ცხვირიდან (მაგ. საერთო პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში, კოცნისას ან დაცემინების შემდეგ).
წითელას ვირუსი ჰაერში 2 საათის მანძილზე ცოცხლობს და მასთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმ ადამიანების 92 %, რომლებსაც წარსულში გაკეთებული არ ჰქონდათ აცრა. ამ დაავადების სიმპტომები პირველ სტადიაში გრიპის სიმპტომების მსგავსია: სხეულის მომატებული ტემპერატურა და თეთრი ფერის ლაქები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე (კოპლიკის ლაქები), ხოლო მეორე სტადია წითელას ტიპური ნიშნებით ხასიათდება: წითელი, ერთმანეთში გარდამავალი ლაქები, რომლებიც ყურებიდან იწყება და მაღალი სიცხე (40 გრადუსამდე ცელსიუსის სკალით). მკურნალობის პროცესში აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა და ბევრი სითხის სმა. ავადმყოფს უნდა მივაწოდოთ სიცხის დამწევი მედიკამენტები, ხველების საწინააღმდეგო საშუალებები და ანტიბიოტიკები (მეორადი ბაქტერიული ინფექციის არსებობის შემთხვევაში). წითელას გართულებების სახით შეიძლება მოჰყვეს შუა ყურის ანთება, ფილტვების ანთება, ბრონქიტი, დიარეა, კრუპის სინდრომი, ტვინის ანთება (ენცეფალიტი) და გვიანი გართულების სახით – ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი (წარმოიშობა წითელას მკურნალობიდან 6-10 წლის შემდეგ და ემართება მკურნალობაგავლილი 100 000-დან 4-12 ადამიანს. ეს დაავადება განსაკუთრებით სახიფათო 5 წლის ბავშვებისთვის არის. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ქმპ 20-60 ბავშვს ემართება. ეს არის ძალიან სახიფათო ავადმყოფობა; ტვინში შეჭრილი წითელას ვირუსები მრავლდება და ნერვების დაზიანებას იწვევს. თავდაპირველად თავს იჩენს ქცევის დარღვევა, ხოლო შემდეგ კუნთების კანკალი და კრუნჩხვა, ხოლო საბოლოო სტადიაზე – ტვინის ფუნქციონალობის მოშლა, რასაც პაციენტის სიკვდილი მოსდევს ხოლმე შედეგად). ამრიგად, წითელა ძალიან საშიში დაავადება. გართულებები 10-20 %-ს აღენიშნება და პაციენტების 0, 1-0, 3 % იღუპება (შედარებისთვის: ფილტვების ანთების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა 4 %-ს უდრის). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკაცრად უნდა დავიცვათ ექიმის მითითებები. თუ ზედმიწევნით ზუსტად არ შევასრულებთ ექიმის დანიშნულებას, ნებისმიერი ავადმყოფობა ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს. წითელათი ინფიცირებული პირები ავადმყოფობის პირველი სიმპტომების გაჩენამდე 3-5 დღით ადრე უკვე წარმოადგენენ ინფექციის კერას. დაავადების გადადების საფრთხე კი განსაკუთრებით მაღალი სწორედ ვირუსის საინკუბაციო პერიოდშია. წითელას საინკუბაციო პერიოდი 8-10 დღის მანძილზე გრძელდება. ხოლო მეორე სტადია თავს იჩენს ხოლმე ინფიცირებიდან 14 დღის შემდეგ. წითელას პრევენციის საუკეთესო საშუალება მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე არის დროული ვაქცინაცია. თუმცა, არც ეს მეთოდი არ არის პანაცეა. არსებობს შემთხვევები, როცა სწორედ აცრის შედეგად, ჯანმრთელ ადამიანს ემართება წითელა. თუმცა მსგავსი შემთხვევები იშვიათია. მხოლოდ ვაქცინაციის 50-დან 1 შემთხვევაში ჩნდება წითელა ძალიან იოლ ფორმებში. უშუალოდ აცრის შედეგად გაჩენილი რთული ფორმის წითელა ძალიან იშვიათია. გარდა ამისა, აცრა არც წითელასგან დაცვის 100 %-იან გარანტიას არ იძლევა. ერთი აცრა იცავს მხოლოდ ადამიანების 91 %-ს, ხოლო მეორე აცრა – 92-99 %-ს. განვითარებად ქვეყნებში წითელა ყველაზე ხშირად გავრცელებული ავადმყოფობების ათეულში შედის, ხოლო პაციენტების 10 % – იღუპება. ამის საპირისპიროდ გერმანიაში 2001-დან 2011 წლამდე შუალედში წითელათი გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა 2015 წელს, ბერლინში დაფიქსირდა 1 შემთხვევა, როცა წითელამ წლინახევრის ბავშვი იმსხვერპლა, რომელსაც აცრა გავლილი ჰქონდა. წითელათი დაავადების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ 20 წელს გადაცილებული მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები დგანან. ამ ასაკობრივ კატეგორიებში ადამიანებს ყველაზე ხშირად ემართებათ ეს ავადმყოფობა და გართულებებიც ბევრად უფრო მწვავედ უვითარდებათ. თუ რატომ ხდება ასე და არა სხვაგვარად, ამაზე თანამედროვე მედიცინას პასუხი არ გააჩნია. საქართველოში წითელას მიმართ არაიმუნური პირების რაოდენობა 40 წლამდე მოსახლეობის 10 %-ს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში წითელას ყველაზე დიდი აფეთქება 2004-2005 წლებში დაფიქსირდა: დაავადდა 14 500 ადამიანი, ხოლო 9 მათგანი – დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს 41 წლამდე ასაკის პირების ვაქცინაციას. 2013-2015 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა წითელას კიდევ ერთ დიდ აფეთქებას – დაავადდა 11 000 ადამიანი, 4 მათგანი კი – დაიღუპა. 108 შეფასება არ არის
|