x
image
თორ ნიკე
ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?
ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?


მინდა მოგითხროთ ძალიან საინტერესო ხალხზე, რომლებიც ძველი სამყაროს გამორჩეული ნომადი მეომრები იყვნენ. ხალხი, რომელმაც ისტორიაში პირველმა მოახერხა და აბრეშუმის გზის პარალიზება მოახდინა, თუმცა შუა საუკუნეებში ამ ხალხის დაქუცმაცებამ, მათი დაკნინება გამოიწვია.

ალანები ანუ ოსები (ქართულ საისტორიო წყაროებში "ოვსები") იყვნენ მომთაბარე ირანული ტომები სკვითო-სარმატული წარმოშობით. წერილობით წყაროებში უკვე მოიხსენიებიან ახ.წ. 1-ელ საუკუნეში და ეს ჩინური წყაროებია.

ალანთა ნაწილმა მე-4 საუკუნის ბოლო პერიოდიდან მიიღეს მონაწილეობა ე.წ. ხალხთა დიდ გადასახლებაში, როდესაც იმ დროს, როგორც დარჩენილები, გადავიდნენ მიმდებარე ტერიტორიებზე, კავკასიის მთისწინეთში, რაც ალანთა ტომური კავშირის და ადგილობრივი კავკასიური ტომების გაერთიანებს საფუძველი გახდა. ცნობილი, როგორც "ალანია" - ცენტრალურ წინაკავკასიაში ადრეულ-ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც იარსება თათარ-მონღოლთა შემოსევებამდე.



ოსები მონაწილეობდნენ ხალხთა დიდ გადასახლებაში


მე-4 საუკუნისთვის გოთებში ინტეგრირებულ ალანთა გარდა, ცნობილია ალანების კიდევ 5 დამოუკიდებელი მსხვილი ჯგუფი:

1. ბასილები (ბარსილები, მასკუტები)

2. მასაგეტები

3. თერგის ალანები

4. ტანაიტები

5. ყირიმის ალანები (ტავროსკვითები)


ჩრდილოეთ კავკასიაში მე-5 საუკუნეში ცხოვრობდა 4 ალანური გაერთიანება. კავკასიელი ალანების 4 მსხვილ ჯგუფად დაყოფა დაფიქსირებული აქვს იბნ რუსტეს 5-6 საუკუნით გვიან. ალანებს კავკასიაში ადგილობრივი ყობანური კულტურა დახვდათ. ალანებმა დაიპყრეს ისინი (დაპყრობილებს თავის სახელს არქმევდნენ და ენას ასწავლიდნენ).


დამპყრობლები დაპყრობილებით ბევრად მცირერიცხოვანნი იყვნენ - ამის შედეგია, რომ ოსებში კავკასიური გენეტიკა და კულტურა მნიშვნელოვნად სჭარბობს, ვიდრე არიული. ისინი G ჰაპლოჯგუფის მატარებელნი არიან მთელი ოსური პოპულაციის დაახლოებით 80%, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს ჰაპლოჯგუფი სწორედ ამ ტერიტორიებზე, მცირე აზიასა, ლევანტში და კავკასიაში ჩამოყალიბდა 48, 500 წლის წინ. მისი მატარებელია ქართველთა დიდი ნაწილი და მით უმეტეს სვანები. ხოლო ოსურ ენაში ჩრდილოეთ ირანული და კავკასიური ელემენტები თანაბრადაა წარმოდგენილი.



378 წელს ჰუნებმა დაამარცხეს ალანები და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპაში გაიყოლეს, სადაც მათ დამოუკიდებელი მოქმედება დაიწყეს. ისინი შევიდნენ ვესტ-გუთების გერმანულ კავშირში და სხვებთან ერთად 410 წელს აიღეს რომი, საიდანაც გადავიდნენ სამხრეთ გალიაში. აქ ისინი გამოეყვნენ ვესტგუთებს, დადეს ხელშეკრულება რომაელებთან და ფლობდნენ მნიშვნელოვან ტერიტორიებს 415 წლიდან 439 წლამდე. მათ მეფეს სამბიდი ერქვა. 457 წელს მათი ახალი მეფე - ბეორგორი რომაელებთან ერთად დამარცხდა ვანდალებთან ბრძოლაში ესპანეთში. ბეორგორი ლაშქრავდა ჩრდილოეთ იტალიას, სანამ არ დაიღუპა ქალაქ ბერგამოსთან 464 წელს. ალანთა მეორე ნაწილი შეუერთდა ვანდალებს 406 წელს, გადავიდნენ გალიაში და იქ გაიყვნენ, ნაწილი ისევ გადავიდა რომაელთა სამსახურში და გოარამის მეთაურობით დაფუძნდა მდინარეებს ლუარასა და სენას შორის.


ალანი მეომარი


აქ უკვე იყო მრავალრიცხოვანი სარმატული კოლონიები და ალანების მოსვლის შემდეგ დაარსდა ჩრდილო ალანური სამეფო 442 წელს, რომლის დედაქალაქიც იყო ორლეანი. 450 წელს გოარამი დაიღუპა და მეფე გახდა სანგიბანი, რომლის მეთაურობითაც ალანები მონაწილეობდნენ რომაელების ჰუნებთან გადამწყვეტ ბრძოლაში კატალაუნის ბრძოლაში 451 წლის 15 ივნისს. ალანთა ამ ნაწილის მეორე ნახევარი ვანდალებს შეუერთდნენ და ჰაიზერიხის მეთაურობით, ერთად გადავიდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში. აქ ვანდალ-ალანების სახელმწიფომ იარსება 533 წლამდე და შემდეგ ბიზანტიამ გაანადგურა. ადგილზე დარჩენილი ალანების მთვარი საცხოვრებელი ადგილი კავკასია დარჩა მას შემდეგ, რაც ალანური სტეპები დაიპყრეს თურქებმა, შემდეგ კი ხაზარებმა მე-6 საუკუნის შემდეგ.


ოსი მეომარი


VI-IX საუკუნეებში ალანები გამუდმებით იბრძოდნენ ხაზარების და არაბების წინააღმდეგ. ალანიის მეფეებს ჰქონდათ ნათესაური კავშირები ბიზანტიელ, ქართველ, სომეხ და ხაზარ სამეფო ოჯახებთან. ალანიის დედაქალაქი იყო მაგასი. ქრისტიანობა ალანებმა მე-10 საუკუნის დასაწყისში მიიღეს. ჩრდილოეთით ჰქონდათ გუმბათოვანი ტაძრები, ხოლო სამხრეთ მთიანეთში, ქართველთა გავლენით ბიზანტიურ-კანონიკური.


მე-9 საუკუნეში სლავური დამწერლობის შემქმნელი კონსტანტინ ფილოსოფოსი ალანებს იმ ხალხთა შორის მოიხსენიებს, რომელთაც საკუთარი დამწერლობა აქვთ და ღმერთს საკუთარ ენაზე განადიდებენ, თუმცა მათ რომ რაიმე დამწერლობა ჰქონოდათ, რაიმე არტეფაქტი მაინც იქნება ამაზე შემორჩენილი.

მე-13 საუკუნის ფრანგი მისიონერი და მოგზაური ვილემ რუბრუკი ალანებთან ბერძნულად შესრულებულ წერილებს პოულობს. დღესდღეობით დამწერლობის ერთადერთი შემორჩენილი ძეგლია მე-10 საუკუნის ქვის ფილა ოსური წარწერით დიდი ზელენჩუკის ხეობიდან.


ოსი მეომრები


მე-12 საუკუნიდან იწყება ოსების დაქსაქსვა და დასუსტება. ჩრდილოეთით და დასავლეთითი ისინი შეავიწროეს თურქულმა ტომებმა - ყივჩაღებმა. 1225 წელს მონღოლეთის 30-ათასიანმა არმიამ ჩინგიზ ხანის მეთაურობით გაანადგურა ალანურ-ყივჩაღური არმია. ამ დროიდან ალანთა სტეპის ნაწილმა დაკარგა დამოუკიდებლობა. იგი მხოლოდ მთიან ნაწილში შემორჩა.


1394-1400 წლებში თემურ ლენგმა ოსების დიდი ნაწილი ამოწყვიტა, რადგან ისინი ქართულ სახელმწიფოს უჭირდნენ მხარს. ერი გადაშენების პირას დადგა, თუმცა მათ მაინც მოახერხეს გადარჩენა. საქართველოსთან ალანების დაახლოება კავკასიაში მათი გამოჩენიდანვე აქტიურად დაიწყო. პირველ საუკუნეში ისინი დაუკავშირდნენ იბერიის მეფე - ფარსმან ქველს. 136 წელს იბერიელი მხედრების თანხლებით ალანთა მხედრობამ გადმოლახა დარიალი და აბრეშუმის გზის ქარავნებსა და ქალაქებს შეესია. მსოფლიო ისტორიაში ეს მოვლენა "აღმოსავლეთის დიდი შემოსევის" სახელითაა ცნობილი. ამ დროს რომის იმპერიისა და პართიის ეკონომიკამ კოლოსალური დანაკლისი განიცადა. ალანები იმდენად საშიში მეომრები იყვნენ, რომ იმპერატორმა ადრიანემ მცირე აზიაში ლეგიონებს მოუყარა თავი და დიდი კომპოზიცია გაამართინა რომაულ სარდლობას, თუმცა ალანებმა ნადავლით კავკასიას შეაფარეს თავი, ხოლო რომმა იბერიაზე შეტევა ვერ გაბედა.


ოსი მეომრები


ალანებმა იგივე ოსებმა ომი გაუმართეს იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალს, როდესაც მისი და, მირანდუხტ "იადხმობილი" გაიტაცეს დამანგრეველი ლაშქრობის შემდეგ. ისინი გორგასალმა დაამარცხა ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი იბერიული ლაშქრობისას. ამის შემდეგ ალანები მჭიდროდ დაუახლოვდნენ ქარველებს. რამდენიმე ოსი, ერთიანი საქართველოს სამეფოს დედოფალიც გახლდათ. მაგალითად თამარ მეფის დედა, ბურდუხანი ოსი იყო. ალანთა მეფის ჰუდანის ასული. საქართველოს გაერთიანებიდან თემურ ლენგის აპოკალიპტურ შემოსევებამდე ოსები ქართველთა ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეები იყვნენ გარეშე ომებსა თუ პოლიტიკურ მოვლენებში. ოსეთში ვრცელდებოდა ქართული ენა, კულტურა და ფეხი მოიკიდა ქრისტიანობამ, განსაკუთრებით თამარ მეფის ქართული მისიონერული ექსპედიციების შედეგად.


დედოფალი ბურდუხანი. თამარ მეფის დედა


ოსები ასევე მონაწილეობდნენ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა მხარეს (400 ალანი). აღსანიშნავია დავით სოსლანი, რომელიც თამარ მეფის მეორე ქმარი იყო, დიდი სამხედრო მოღვაწე, ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მამა იყო ოსური წარმომავლობის, თუმცა არსებობს ვერსია მისი ბაგრატიონობისა. თუმცა ის ბაგრატიონიც რომ ყოფილიყო, მაინც ნამდვილად ალანიაში გახლდათ აღზრდილი.


დავით სოსლანი


საქართველოს ადრეული დაშლის პერიოდში (მონღოლთა ბატონობა) ოსებმა სამწუხაროდ ისარგებლეს საქართველოს სამეფოს ძლიერების დაცემით და დაარბიეს ქართლი, აიღეს ქალაქი გორი და იქ სცადეს დამკვიდრება, მაგრამ საქართველოს მეფემ გიორგი ბრწყინვალემ მათი თარეში სრულად ალაგმა და ქალაქი გორი გაათავისუფლა.


თემურ ლენგის გამაპარტახებელი 8 შემოსევის შემდეგ საქართველოს სამეფოს დაცემის პერიოდში ალანები სამწუხაროდ სრულად მოწყდნენ ქართულ სივრცეს. ოსების სამხედრო ელიტა საბოლოდ განადგურდა და ისინი ჩრდილოეთ კავკასიის დომინანტებიდან, პატარა ერად გადაიქცნენ, რომელნიც ყოველმხრივ შევიწროებული შეიქნა გამუსლიმებული ჩრდილოეთ კავკასიელების მიერ.


ოსი მეომარი


ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს დაქუცმაცებულობის პერიოდში ოსები ხშირად აწყობდნენ მარბიელ ლაშქრობებს ტყვეებისა და ნადავლის მოპოვების მიზნით. საბოლოდ მათი ნაწილი სამაჩაბლოში დაფუძნდა და ქართველებს უშუალოდ შეერივნენ. ქართულ-ოსური ოჯახები არასოდეს იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინაარმდეგ მიმართულ ქმედებებში.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოხდა მიზანმიმართული, კომპაქტური დასახლებების შექმნა ისტორიული სამაჩაბლოს ადგილას ახლად წარმოქმნილი პოლიტიკური ერთეულის - სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ოსების ჩამოსახლების გზით. 1950-იან წლებში მათ უკან დაბრუნებულ ინგუშებს არ დაუბრუნეს კუთვნილი რაიონები და შექმნეს ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მას შემდეგ ინგუშებსა და ოსებს გართულებული ურთიერთობა აქვთ.


1991-1992 წლებში მიმდინარეობდა ქართულ-ოსური კონფლიკტი, რამაც ოსებისგან დასახლებული რაიონები მოწყვიტა ერთიანი საქართველოს ტერიტორიას. 2008 წელს ასევე განმეორდა ქართულ-ოსური კონფლიკტი, რომლის შედეგებიც უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა ერთიანი საქართველოსთვის. დღეს საქართველოში 30, 000 ეთნიკურად ოსი ცხოვრობს. მათგან ნახევარზე მეტი, ნახევრად ქართველია (დედით ან მამით), რომლებიც აქტიურად იღწვიან ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შენების საქმისთვის.


ოსური სიმდი


თუმცა 2008 წლის ომის გამო, ისტორიული სამაჩაბლოს, ახლა კი "სამხრეთ ოსეთად" წოდებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოს ახალგაზრდების დიდ ნაწილში გაჩნდა სიძულვილი ქართველების მიმართ, რომელსაც აღვივებს რუსული პროპაგანდა და ქართველებისგან მტრის ხატს უხატავს, რომლებსაც თითქოს მათი ფიზიკური განადგურება და გენოციდი უნდათ. სისხლისმიერ ძმებს, მოსისხლე მტრებად აყალიბებენ და ამით უთხრიან ძირს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ისინი ხომ ამაში სპეციალისტები არიან. როგორც ცნობილი მწერალი ისა კოაძოი წერს:


"საქმე ისაა, რომ კავკასიაში ძირითადად ერთი წარმომავლობის ტომები მოსახლეობენ. ოდესღაც ეს ერთი ერი იყო. ჩამოგითვლი მათ: ვაინახები, ქართველები, ადიღეელები, ხუნძები და მათი მონათესავე ტომები, თურქებში ასიმილირებული აღვალები, ბასკები პირინეებზე, ეს ერთი სისხლის ხალხია. მათ მონათესავე ენა აქვთ. აი, თუნდაც ოსები - მათაც კავკასიური სისხლი აქვთ, მაგრამ ენით განსხვავებულნი არიან. ყველა ეს ხალხი ძმებია. გარეშე ძალთა მეცადინეობით, ეს ერთი მძლავრი ერი ტომებად იქნა დანაწევრებული. თავისი ერთიანობით იგი ძლევამოსილი იყო! მიუდგომელი, უმტკიცესი და თავზარდამცემი! საუკუნეთა მანძილზე მძლავრ იმპერიათა ტირანები იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ. როდესაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ მახვილით ვერაფერს მიაღწევდნენ უმძლავრეს ხალხთან და აბორგებულნი კიდევ უფრო დაუმორჩილებელნი ხდებოდნენ, მაშინ სხვა სახის იარაღი იქნა გამოყენებული...


საზარელი იარაღი - უნამუსობა! პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ მოწამლულ მახვლს აწერია "გათიშე და იბატონე", და აი ყოველმა ტომმა თავი ერად გამოაცხადა. მათ სხვადასხვა სარწმუნოება შთააგონეს, გადმოცემები უძველესი ერთობის შესახებ თანდათან დავიწყებას მიეცა... განკორძოებამ დააშორიშორა ენები, მათი ერთმანეთზე წაკიდება კი ადვილ საქმედ იქცა. ტირანები ქრისტიან კავკასიელებს ჩასჩიჩინებდნენ: დევნე მუსლიმები! ხოლო მუსლიმ კავკასიელებს - "დევნე ქრისტიანები!" ძმები ძმათა სისხლს ღვრიან ფიქრობენ რა, რომ ღვთისვსათნო საქმეს სჩადიან. მაგრამ სადაა ჭეშმარიტება?! სიმართლე გამასხრებულია!" (სრულად წაიკითხეთ აქ: "ეშმაკის მონოლოგი")






ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

3. თამარ მეფის ბრძოლების სია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
2363
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2363
  
2019, 27 იანვარი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1