პროფილაქტიკა რა არის მკერდის კიბო და როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან 2019, 26 იანვარი, 3:25 მკერდის კიბო არის ადამიანის ავთვისებიან სიმსივნეთა ყველაზე ხშირად გავრცელებული სახეობა. ადამიანის სხეულში აღმოცენებული ყველა ავთვისებიანი სიმსივნის 32 % სწორედ მკერდის კიბოზე მოდის. ამ დაავადებით სნეულდება ყოველი მერვე ქალი თავისი სიცოცხლის მანძილზე სულ მცირე, ერთხელ მაინც. 25 წლის ასაკში მყოფი ქალის რისკი, რომ უახლოესი 10 წლის მანძილზე მკერდის კიბოთი დაავადდება, არის 420-დან 1. 35 წლის ქალი თუ ბრძანდებით, უნდა იგულისხმოთ, რომ 110 შემთხვევიდან 1-ში უახლოესი 10 წლის მანძილზე მკერდის კიბო დაგემართებათ. 45 წლის ასაკში ასეთია 1 შანსი 47-დან. 55 წლის ასაკში მყოფი 31 ქალიდან 1 მიიღებს უახლოესი 10 წლის მანძილზე მკერდის კიბოს დიაგნოზს. 65-დან 75 წლის ასაკამდე მკერდის კიბოს დიაგნოზს 27 ქალიდან 1 იღებს. შემდეგ ოდნავ იკლებს აღნიშნული დაავადების წარმოშობის რისკი. მკერდის ავთვისებიანი სიმსივნით მამაკაცები 100-ჯერ უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე ქალები. მკერდის კიბო ყოველწლიურად საქართველოში უდგინდება 2000-ზე მეტ ქალს. თუმცა ამ დაავადებით დასნეულებული ქალების რეალური რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების თანახმად პლანეტაზე 2018 წელს მკერდის სიმსივნით დაავადების 1 050 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 20 წლის მანძილზე მკერდის სიმსივნით დაავადებული ქალების რაოდენობა მსოფლიოში 70 %-ით გაიზარდა. 1998 წელს მკერდით კიბო გახდა 412 000 ქალის გარდაცვალების მიზეზი. ეს მთელ მსოფლიოში გარდაცვლილი ქალების 1, 6 %-ზე მეტია. საინტერესო ისაა, რომ მკერდის კიბო უფრო ხშირად ემართებათ განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს. 30-დან 60 წლის ასაკამდე ქალებში მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე არის გარდაცვალების უმთავრესი მიზეზი. გერმანიაში ყოველწლიურად მკერდის კიბოთი იღუპება 17 460 ქალი, ხოლო ამერიკაში 40 200. გერმანიაში დიაგნოზის დასმიდან 5 წელიწადს ცოცხლობს პაციენტების 86-90 %. მკერდის ავთვისებიანი სიმსივნისგან გადარჩენის თვალსაზრისით ბევრად უფრო უარესი მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, 2007 წელს კიბოთი გარდაცვლილთა 72 % ღარიბ ქვეყნებზე მოდიოდა. ეს იმით არის განპირობებული, რომ განვითარებად ქვეყნებში კიბოს დიაგნოსტიკას და მკურნალობას სახელმწიფო ან ვერ აფინანსებს, ან თუ აფინანსებს, მხოლოდ ნაწილობრივ. საუბედუროდ, განვითარებად ქვეყნებში ასევე დაბალია ავთვისებიან სიმსივნეთა შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეც. მკერდის სიმსივნეთა 5 % მემკვიდრეობით არის განპირობებული. იმ ქალებს, რომლებსაც მუტირებული აქვთ BRCA 1 და BRCA 2 გენები, ბევრად მაღალი რისკი აქვთ, მკერდის ავთვისებიანი სიმსივნით რომ დაავადდნენ. BRCA 1 გენის მუტაციის შემთხვევაში არსებობს მკერდის კიბოთი დაავადების 65 %-იანი რისკი. BRCA 2-ის მუტაციას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში დაავადების რისკი 45 %-იანია. p53 გენის მუტაციას რაც შეეხება (ლი-ფრაუმენის სინდრომი. ამ გენს კიბოს დათრგუნვა შეუძლია), PTEN-ის მუტაციას (კოვდენის სინდრომი), STK11-ის (პროიც-ჯეგერსის სინდრომი) და CDH1-ის (ე-კადერინი), ეს მუტაციებიც მნიშვნელოვნად ზრდიან მკერდის კიბოს რისკს, თუმცა რამდენი პროცენტით, ეს ჯერ კიდევ არ არის გარკვეული და ბოლომდე შესწავლილი. ATM-ის (ატაქსია ტელეანგიექტატიკა), CHK2-ის (ჩეკპოინტ კინეზ 2) და BRIP-1-ის მუტაციები ასევე ზრდიან მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს, ოღონდ შედარებით ნაკლებად. ადამიანები, რომლებსაც ოჯახში და სანათესაოში მკერდის კიბოთი 2 ან მეტი დაავადებული ჰყავთ, განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ და სკრინინგზე რეგულარულად იარონ. იმ ქალებს, რომლებსაც მკერდის კიბოს მომატებული რისკი აქვთ, შეუძლიათ, პროფილაქტიკური მასტექტომია გაიკეთონ. ეს ოპერაცია აქვს გაკეთებული მსახიობ ანჯელინა ჯოლის, რომლის დედა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნით დაიღუპა. ცნობილმა მსახიობმა მკერდის ჯირკვლებიც მოიშორა და საკვერცხეებიც. მეცნიერების განმარტებით, საკვერცხეების მოშორებას 50-70 %-ით შეუძლია, მკერდის კიბოს რისკი შეამციროს იმ ადამიანში, ვისი დედა, მამა ან სხვა ახლო ნათესავი მკერდის კიბოთი დაიღუპა. ცნობილია, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მეშვეობით 1, 2-1, 4-ჯერ იზრდება მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკი. აბორტი არ ზრდის მკერდის კიბოს წარმოშობის რისკს. თამბაქოს მოხმარება 30 %-ით ზრდის მკერდის კიბოს რისკს. ცაცია ქალებს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების მომატებული რისკი (+42 %) აქვთ. რატომ ავადდებიან ცაციები მკერდის კიბოთი უფრო ხშირად, ვიდრე მემარჯვენეები, მედიცინის განვითარების ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, მარცხენა მკერდზე უფრო ხშირად უჩნდებათ კიბო, ვიდრე მარჯვენა მკერდზე. ამ ეტაპზე ამის მიზეზიც გაუგებარია ჩვენთვის. ჭარბი წონის მქონე ქალები 2, 5-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან მკერდის კიბოთი, ვიდრე გამხდრები. იონიზირებული გამოსხივებაც ზრდის ზემოხსენებული დაავადების წარმოქმნის რისკებს. ალკოჰოლის მოხმარებაც ასევე (ყოველდღიურად 20 გრამი ალკოჰოლი უდრის 30 %-ით მომატებულ რისკს). სხვა რისკ-ფაქტორებია იოდის დეფიციტი, D ვიტამინის დეფიციტი და ცხოვრების უმოძრაო წესი (25 %). მკერდის კიბოს 80-90 %-ში ქალები თვითონ აღმოაჩენენ ხოლმე ხელის შეხებით. სამწუხაროდ, ასეთ დროს სიმსივნე უკვე მოზრდილია, ხოლო მისი პროგნოზი არაკეთილსაიმედო. სტატისტიკის თანახმად, სკრინინგის პროგრამამ 25 %-ით შეამცირა ამ დაავადებით დაღუპვის რისკი, რადგან, როგორც ყველა სხვა სიმსივნის შემთხვევაში, მკერდის კიბოს შემთხვევაშიც ეს ოქროს წესი მოქმედებს: რაც უფრო ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენ დაავადებას, მით უფრო მაღალია ამ დაავადებისგან განკურნების შანსი. ამიტომ დროული სკრინინგი მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსებს. მკერდის კიბოს მხოლოდ 50 %-ის ამოცნობა ხერხდება ხელის შეხებით და ამგვარად გასინჯული მხოლოდ ყოველი მე-12 სიმაგრეა ავთვისებიანი. ამიტომ მკერდზე შეხებით კიბოს ამოცნობას გარკვეული აზრი ნამდვილად აქვს. უსინათლო ადამიანებს შეხების შეგრძნება არაჩვეულებრივად აქვთ განვითარებული. გერმანიაში მკერდის კიბოს სკრინინგის პროგრამაც კი შეიქმნა სახელწოდებით "Discovering hands, " რომელშიც უსინათლოები იღებდნენ მონაწილეობას. საბოლოოდ, მამოგრაფია სკრინინგის ერთადერთი სანდო საშუალებაა. საქართველოში 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის სკრინინგის ეს მეთოდი სრულიად უფასოა. ჩვენს ქვეყანას მკერდის კიბოს სკრინინგის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოწინავე პროგრამა აქვს მთელ მსოფლიოში (შედარებისთვის თვით ისეთმა მდიდარმა ქვეყანამაც კი, როგორიც გერმანიაა, მამოგრაფია სიძვირის გამო 40 წელს ზემოთ მყოფი ქალებისთვის უფასო დიდი ხნის მანძილზე ვერ გახადა და ამ უდიდეს და უმდიდრეს ევროპულ ქვეყანაშიც კი ქალებს ბოლო პერიოდამდე მხოლოდ 50 წლის ასაკის ზემოთ შეეძლოთ აღნიშნული სერვისით უფასოდ სარგებლობა). მამოგრაფის მეშვეობით, რეგულარულ სკრინინგზე აღმოჩენილი მკერდის კიბოსგან განკურნების მაჩვენებელი 98-100 %-ია. თუმცა, სამწუხაროდ ვერც მამოგრაფი ვერ იძლევა მკერდის კიბოს აღმოჩენის ასპროცენტიან გარანტიას. ქალები, რომლებსაც სქელი ჯირკვლოვანი ქსოვილი აქვთ (არადა, სწორედ ასეთია ახალგაზრდა ქალების მკერდის ქსოვილი), მხოლოდ 50 %-იანი ალბათობით არიან დაზღვეულები მკერდის კიბოს შორსწასული ფორმებით დაავადების რისკისგან. თუმცა, მამოგრაფიულ კვლევას ყოველთვის აქვს აზრი და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ერთგან უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს ქვეყანაში სკრინინგის ეს მეთოდი მხოლოდ 40 წლის ასაკს ზემოთ არის უფასო, ძალიან გონივრული იქნება, ქალები სკრინინგს საკუთარი ხარჯებით უკვე ბევრად უფრო ადრეული ასაკიდანაც თუ ჩაიტარებთ, რადგან მკერდის ავთვისებიანი სიმსივნეების მნიშვნელოვანი ნაწილი 25-30 წლის ასაკიდან ყალიბდება და არცთუ მცირე რაოდენობის ქალი უკვე ამ ასაკში ავადდება ხოლმე ამ ძალიან საშიში სენით. ნურასოდეს ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ მამოგრაფი "რამე ცუდს" აღმოგიჩენთ და ამით თქვენი ცხოვრება დასრულდება. გახსოვდეთ, რომ სკრინინგის აღნიშნული მეთოდი სიცოცხლისთვის არის შექმნილი და არა სიკვდილისთვის და გარდა ამისა, მამოგრაფის მიერ, სკრინინგის პირობებში აღმოჩენილი კარცინომებისგან გამოწვეული სიკვდილიანობა ფილტვების ანთების მიერ გამოწვეულ სიკვდილიანობასაც კი ჩამორჩება და ამრიგად, სულაც არ არის ძალიან საშიში. სამაგიეროდ, ასმაგად და ათასმაგად უფრო ძნელია მკერდის კიბოსგან თავის დაღწევა დაავადების გვიანეულ სტადიებზე. ასეთ დროს უმტკივნეულოდ გატარებული თითოეული საათისთვის მიდის ხოლმე ბრძოლა და არა გამოჯანმრთელების და გადარჩენისთვის. 494 1-ს მოსწონს
|