კახეთი დედოფლისწყაროს კიდევ 20 ქურციკი გადაეცა 2019, 25 იანვარი, 0:18 რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ დედოფლისწყაროს ქურციკების რამდენიმე ინდივიდი კიდევ ერთხელ გადასცა. ამას გარდა, გასულ კვირას კიდევ 10 ქურციკი საქართველოს საზღვართან ახლოს, აზერბაიჯანის დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ხელსაყრელი გარემო პირობების გამო ისინი ვაშლოვანის ტერიტორიაზე გადმოდიან და საზღვარს აქეთ ბინადრობენ. ქურციკები საქართველოში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდნენ. გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით, 2014 წელს, პირველი ნაკადის გადმოყვანა განხორციელდა. ჯეირნები დედოფლისწყაროში გაუშვეს, კიდევ ერთი ეტაპი შემოვიდა 2016 წელსაც. მას შემდეგ ქურციკებმა ჩვენს ტერიტორიაზე გამრავლება შეძლეს. თუმცა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ქურციკი მტაცებლისა და ბრაკონიერის მსხვერპლი გახდა. „ბოლო ფაქტს რაც შეეხება, 10 ქურციკი რეალურად აზერბაიჯანის ნაწილში არის გაშვებული, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ტრანსსასაზღვრო პროექტია, ორგანიზაცია ორივე მხარის სიახლეს ახმოვანებს ხოლმე. ჩვენს ტერიტორიაზე ბოლო ჯგუფის გამოშვება ოქტომბერში მოხდა 2 ნაწილად, ჯამში 20 ქურციკი გადმოგვეცა. 2016 წლის შემდეგ აზერბაიჯანიდან კიდევ შემოყვანის ეს პირველი შემთხვევა იყო, რაც აქ არსებული პოპულაციის წარმატებული ზრდის მაჩვენებლით იყო განპირობებული. აზერბაიჯანელებს თავიანთ საზღვართან შემოჰყავთ ხოლმე და ჩვენი მიმართულებით უშვებენ. სასაზღვრო ტერიტორიაზე გაშვებულები მაინც ჩვენთან მოდიან ძირითადად. ხოლო ეს 10 ქურციკი თავიანთ დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს მდინარის გადაღმა საიდანაც ჩვენს პოპულაციას ვერ შეუერთდება. აზერბაიჯანშიც ქურციკის აღდგენის ანალოგიურ პროექტს ახორციელებენ, “ - ამბობს WWF-ის წარმომადგენელი დედოფლისწყაროში, ქურციკების მონიტორნგის სპეციალისტი ვაჟა ყოჩიაშვილი. „გერმანული გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ორ ქვეყანაში აფინანსებენ ამ პოპულაციის აღდგენის პროექტს. რაკი საერთაშორისო პროგრამაა, თავის მხრივ აზერბაიჯანს აქვს ცალკეული ვალდებულებებიც. სწორედ ამ ვალდებულებების ნაწილია ისიც, რომ ქურციკები ჩვენს მხარეს გამოუშვან. პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა პოპულაციის მომრავლება. თვითმფრინავით მგზავრობა ვერ აიტანეს, გარემო პირობებთან შეგუება გაუჭირდათ, თუმცა, საბედნიეროდ შემდეგი მცდელობები დღემდე წარმატებით მიმდინარეობს და ყოველწლიურად გვაქვს მატებაც. მათი გამრავლება განპირობებულია იმით, რომ ამ ტერიტორიაზე ისინი თავს დაცულად გრძნობენ და ვაშლოვანის სტეპები მათთვის შესაფერისი საბინადრო გარემოა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, ვაშლოვანის მეგობართა ასოციაციისა და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ფონდების აქტიურმა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიამ შედეგი გამოიღო და რეინჯერების გარდა, ქურციკების დაცვაში აქტიურად არიან ჩაბმული მესაზღვრეები და მწყემსები. ამიტომ ბოლო წლებში გარკვეულ უსიამოვნო ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია, “ - აღნიშნავს ვაშლოვანის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნინო სეთურიძე. დედოფლისწყაროში ქურციკის აღდგენის მცდელობა გაცილებით ადრე დაახლოებით 2008 წელსაც იყო, თუმცა მაშინ ისინი უსაფრთხოების მიზნით ვოლიერებში მოათავსეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ მეთოდმა არ გაამართლა და მათ გამრავლება ვერ მოახერხეს. 2014 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც მიდგომა შეიცვალა და ჯეირნები ველურ ბუნებაში გაუშვეს, მათი აღდგენის პროექტი გაცილებით წარმატებულად მიმდინარეობს. 147 შეფასება არ არის
|