სხვა ჯანსაღი ნაციონალიზმი - მსოფლიო მშვიდობის გარანტი 2019, 24 იანვარი, 18:38 ქართველმა გენიოსმა - ვაჟა-ფშაველამ თავის დროზე გამოაქვეყნა თავისი, ჩემი აზრით ყველაზე საყურადღებო პუბლიკაცია, სადაც პირდაპირ დადო მსოფლიო მშვიდობის ფორმულა. ეს ფასდაუდებელი პუბლიკაცია დღემდე საქართველოშიც კი არ იცის ბევრმა, არათუ მსოფლიოში, არადა აუცილებლადაა გასავრცელებელი. ესაა ის გზა, რისკენაც მიდის დღევანდელი ევროპა. ესაა ის გზა, რა გზითაც თუ იცხოვრებს კაცობრიობა, ომები ან საერთოდ აღარ იქნება, ან ძალიან შემცირდება მათი რაოდენობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კი - მასშტაბები. ამ პუბლიკაციას ჰქვია "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", რომლის სრულ ტექსტსაც აქვე შემოგთავაზებთ (აქვე შეგიძლიათ იხილოთ რებეკა გოლდის მიერ ნათარგმნი ვაჟა-ფშაველას ეს უმნიშვნელოვანესი ტექსტი ინგლისურად) კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმიზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი - კოსმოპოლიტია ისევე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელი ერის განვითარებისთვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრეთვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა. თუ კერძო ადამიანისთვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისთვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში. ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისთვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისთვისაც. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღწვოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად. ყველა გენიოსი ნაციონალურმა ნიადაგმა აღზარდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავიანთი სამშბოლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. "ჰამლეტით" "მეფე ლირით" ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება "ვეფხისტყაოსნით" და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმნანი წაიკითხოს, ან თუნდაც კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს... გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება. მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავ-კარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიკური უკუღმართობა და უეჭველია მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე. პატრიოტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქოს დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერცერთი ჭკვათამყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგალითად არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვ. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად. ყველა ეს, ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმთავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან გრძნობდა, ვინც იმას ესაუბრებოდა, გარშემო ეხვია - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას იღებდა. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო, სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი მშვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა (მსოფლხედვა) და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია. ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს ან ერთი რომელიმე კუთხე, რატომ? იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათას ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს. თუ ვინმე იტყვის ამას - ყველა ერი ერთნაირად მიყვარსო - სტყუის, თვალთმაქცობს, ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც შეიძლება ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ. პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურების ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს. ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს - გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისსავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავის თავის პატრონი, თვითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს, ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა." ვაჟა-ფშაველა. 1905 წ. რატომ არის ნაციონალიზმი მსოფლიო მშვიდობის გარანტი?ნაციონალიზმი ემხრობა იმას, რომ ყოველ ერს ჰქონდეს თვითგამორკვევის და დამოუკიდებლობის სრული უფლება (თუ მოთხოვნის პროცესში არ აქვს ჩადენილი სხვა ერის ეთნიკური წმენდა ან გენოციდი ანუ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები, მაგალითად როგორც აფხაზებს და სამაჩაბლოს ოსებს ქართველების მიმართ). წარმოიდგინეთ მშვიდობიანად დაშლილი რუსეთი, სადაც დამოუკიდებელია ჩერქეზეთი, ინგუშეთი, იჩქერია, თათრეთი, ბაშკირეთი და ა.შ. თუ ისინი რამეს დააშავებენ, მაგალითად უხეშად დაარღვევენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ან დაჩაგრავენ მეზობლებს, მათი დასჯა საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება წარმოუდგენლად უფრო მარტივი, ვიდრე ახლანდელი, ერთიანი რუსეთის. ნაციონალიზმი სრულიად ეწინააღმდეგება იმპერიალიზმს და მისი სრული ანტაგონისტია. იმპერიალიზმი ანადგურებს მცირე ეთნოსებს, თავიანთ საგანმგებლო ტერიტორიებზე, მაგალითად რუსეთმა მხოლოდ მე-20 საუკუნის განმავლობაში გაანადგურა ფიზიკურად, გადასახლებებით ან ასიმილაცია გაუკეთა 105 მცირე ეთნოსს, რომელიც მის ტერიტორიაზე სახლობდნენ. იმპერიალიზმი საუკუნეთა განმავლობაში კლავს ასეულობით უძველეს და მცირე ეთნოსს. ის ანადგურებს მრავალფეროვნებას დედამიწაზე და ამყარებს ერთფეროვნებას. ნაციონალიზმი კი - პირიქით. მეტად გასათვალისწინებელია კიდევ ერთი და უმთავრესი გარემოება - დიდი იმპერიების წარმოქმნით, იქმნება მათი დომინაციის საფრთხე და უბიძგებს სხვა მცირე ერებსაც, რომ გაერთიანდნენ სხვა, მოწინააღმდეგე იმპერიებად ან ამგვარ გაერთიანებებად, რაც თავისთავად უქმნის კაცობრიობას ძალიან დიდი მასშტაბების მქონე ომების საფრთხეს, ვინაიდან რაც უფრო დიდი ძალები ეჯახება ერთმანეთს, მეტად დიდია მსხვერპლი და ომის მასშტაბი. ნაციონალიზმი კი, ვინაიდან მცირე ერებად შლის მსოფლიოს: 1. აძლევს პატარა ერებს გადარჩენის და განვითარების დამოუკიდებელ შანსებს. 2. თუ მოხდა ამ პატარა ერებს შორის მიწისთვის ან სხვა რაიმესთვის კონფლიკტი, აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას მეტ ბერკეტს, რომ დააშოშმინოს და დასაჯოს აგრესორი. 3. ინარჩუნებს მსოფლიოში მრავალფეროვნებას და მშვიდობიანი განვითარების, როგორც საშინაო სტაბილურობის, ასევე საგარეო სტაბილურობის დიდ შანსებს. ჩვენ, ნაციონალისტებს არ გვსურს რუსეთს, ჩინეთს ან სხვა ამგვარ ქვეყანა-მონსტრებს (ზესახელმწიფოებს ან სახელმწიფოთა გაერთიანებებს, რომლებიც წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტს ავიწროებს) შორის დაპირისპირება და მათ მიერ გადანაწილებული მსოფლიო. ჩვენ პატარა სახელმწიფოებად დაყოფილი მსოფლიო გვხიბლავს და ბევრად უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია ზემოთ დასახელებული და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. ჩვენ მშვიდობის, სტაბილურობის, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა უფრო მარტივად რეგულირებისთვის მიგვაჩნია საუკეთესო გამოსავლად პატარა სახელმწიფოებად დაყოფილი მსოფლიო. სახელმწიფოებად, რომელნიც შეინარჩუნებენ თვითგამორკვეული ერების თვითმყოფად კულტურას, ენას და ერის მაიდენტიფიცირებელ სხვა დეტალებს ბევრად უფრო წარმატებით, ვიდრე ეს ხდება დიდი, აღრეული ერებისგან შემდგარი იმპერიების წიაღში. მაგალითად აშშ-ში და რუსეთში ბევრად უფრო დიდია კრიმინალის დონე, ზოგჯერ ასჯერ ან მეტჯერ დიდიც კი, ვიდრე პატარა დანიაში, ესტონეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში ან თუნდაც ერთეროვან სამხრეთ კორეაში და იაპონიაში მიუხედავად მათი მოსახლეობის დიდი რიცხოვნობისა. ჩვენ ამ მომცრო ზომის, დიდი ისტორიის, კულტურის და მშვიდობის მქონე ქვეყნების მსგავსი სახელმწიფოებით შემდგარი მრავალფეროვანი და მრავალეროვანი მსოფლიო გვინდა და არა რუსეთის მსგავსი მონსტრებით შემდგარი, რომლებიც მთელ კაცობრიობას გლობალური კატასტროფის წინაშე მუდმივ რეჟიმში ამყოფებენ და ამასობაში ყლაპავენ მცირე ერებს და ეთნოსებს, რაც კაცობრიობის მატერიალური თუ არამატერიალური სიმდიდრისათვის გამოუსწორებელი და არააღდგენადი ზარალია. ასევე დაგაინტერესებთ:1. საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ) 2. პირველი ევრაზიელი ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ 3. საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო 4. საქართველო - კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის სამშობლო 5. საქართველოში გავრცელებული დინოზავრები 6. საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო 7. ერექტუსები, ნეანდერტალელები და საპიენსები საქართველოში 8. არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში 9. კავკასიური იოგა 10. ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები 11. როსტოვში პროტოქართველთა სამარხი აღმოაჩინეს 12. დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები 13. კოლხური ხარები - ხალკოტავრები 14. ქართული მითოლოგია - დობილნი 15. ქართული მითოლოგია - ყურშა 16. ქართული წარმართული კოსმოგონია 17. 100 ათასი მოწამე - მითი თუ რეალობა? 18. ფშავ-ხევსურული მითი სამყაროს შექმნის შესახებ 19. ქართული მითოლოგია - ადგილის დედა 20. უძველესი მეგალითები საქართველოში - საოცარი ციკლოპური ნაგებობები ავტორი: თორნიკე ფხალაძე1063 2-ს მოსწონს 1-ს არა
|