"ტოტალური უსინათლო არ ვიყავი, 3%-ს ვხედავდი..." - უსინათლო კონკურსანტი, რომელსაც "საქართველოს ვარსკვლავში" ოცნება აუხდა
მუსიკალური მეგაშოუს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე შშმ პირი
გედევან კევლიშვილი პროექტის თანაწამყვანი გახდა. ეს გადაწყვეტილება გადაცემაში "პირველი არხის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა თიკო ბერძენიშვილმა მიიღო და კონკურსანტს თავად აცნობა: „გედევან, შენ ხარ ძალიან ენერგიული, ქარიზმატული და პოზიტიური ადამიანი, რაც ალბათ იცი. ვფიქრობ, ეს არ უნდა დარჩეს მაყურებლისა და ეთერს მიღმა, ამიტომ, სხვანაირ გაგრძელებას გთავაზობთ. "პირველმა არხმა" და "საქართველოს ვარსკვლავმა" გადაწყვიტა, რომ გახდე პროექტის ერთ-ერთი თანაწამყვანი", – განაცხადა თიკო ბერძენიშვილმა.
გედევან კევლიშვილი „საქართველოს ვარსკვლავში“ წამყვანის ამპლუაში უკვე ლაივკონცერტის დროს გამოჩნდება. მანამდე Intermedia.ge კონკურსანტს ახლოს გაგაცნობთ.
გედევანი 33 წლის არის, ცხოვრობს თბილისში მამასთან და ბებიასთან ერთად. 14-15 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, სპორტით აქტიურად დაკავებულიყო, "შტანგისტობა" უნდოდა და გადამეტებულმა ვარჯიშმა ტრამვამდე მიიყვანა, მხედველობა დაკარგა.
"მინდოდა, სპორტს გავყოლოდი, ეს ჩემი თვალებისთვის არ შეიძლებოდა, პრესის კეთების დროს მარჯვენა თვალში ბადურა ჩამომეშალა. ვერაფერი მიშველეს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები უსინათლო ადამიანებსაც კი ბევრი რაღაცის საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია "ფეისბუქით, " "სკაიპით" კონტაქტი, თითქმის ისევე, როგორც მხედველ ადამიანებს. არანაირი ბარიერი არ არის, ერთადერთი, პრობლემა შეიძლება, დამოუკიდებლად გადაადგილებისას მქონდეს. ბებიაჩემი ქუჩაში დღემდე დამყვება, 85 წლის ქალი ერთგულად მეხმარება. რომ არა ის, არც არაფერი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობიდან გამზარდა და დღემდე სულ ჩემთანაა, არ მახსოვს, სადმე მინდოდეს წასვლა და არ წამომყვეს. თხოვნას მისრულებს. თუკი რამეს შეიძლება სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება დავარქვათ, ეს არის. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში რაც კი კარგი მომხდარა, ბებიაჩემს უკავშირდება.
როდესაც ადამიანი, რაღაცას კარგავ, რაღაცას იძენ, შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ახლა უფრო დავიწყე სამყაროს აღქმა, ვიდრე მანამდე, როცა ვხედავდი. ეს პროექტი კი ვგრძნობ, ახალ სიცოცხლეს მომცემს, მომცემს იმის შეგრძნებას, რომ ჩემნაირი ადამიანებიც წარმატებულნი და რეალიზებულნი უნდა იყვნენ, - გვეუბნება გედევანი და აგრძელებს, - თავიდან როდესაც მხედველობაზე ტრავმის გამო პრობლემები გამიჩნდა, ბოლომდე ჯერ კიდევ არ მქონდა მხედველობა დაკარგული, ტოტალური უსინათლო არ ვიყავი, 3%-ს ვხედავდი, - წიგნის კითხვა, ღამე სიარული არა, მაგრამ სილუეტების დანახვა შემეძლო... ამ პრობლემით გამოწვეული სტრესის გამო, დალევა, მოწევა დავიწყე, რაც ასევე არ შეიძლებოდა, ხელი არ შევუწყე ჩემს დაავადებას და მხედველობა საბოლოოდ დავკარგე.
- ახლა მისი დაბრუნების შანსი აღარ არის?
- ბადურის ჩამოშლა მაქვს 2-ივე თვალზე, ალბათ არის რაღაც გზები, რაც მე ზუსტად არ ვიცი და ალბათ, დიდ ფინანსებსაც მოითხოვს.
- ბებოს გარდა კიდევ ვინ გყავს?
- მშობლები გაცილებულები არიან, მიუხედავად ამისა, ყურადღება არასდროს მომკლებია. ბებიასთან და მამასთან ერთად ვცხოვრობ, დედა საბერძნეთშია, ემიგრაციაში ყოფნა არ არის ადვილი, მაგრამ როგორც შეუძლია, მეხმარება. ზოგჯერ ჩამოდის და ვნახულობ. ვცდილობ, ზედმეტად არავინ შევაწუხო, ყველაფერი ჩემით გავაკეთო ისე, რომ მშობლების ხარჯზე ცხოვრებამ არ მომიწიოს. მამაჩემს კოქსართროზი აქვს და ისე ხშირად ვერ მეხმარება ფიზიკურად, თუმცა გვერდში მიდგას. ძირითადად ბებია და მამიდაა ჩემ გვერდით, ძმაც საბერძნეთში ცხოვრობს.
- პროფესია თუ გაქვს?
- კლასიკური გიტარის მიმართულებით. ჩემი მიზანი იყო და არის, ხალხს მივანიჭო სიამოვნება. შესარჩევ ტურზეც კომედიური ჟანრით გავედი, ჩემი სახუმარო სიმღერა "ბებოს აჯიკა" წარმოვადგინე. ეს იმისთვის, რომ ადამიანებისთვის კარგი განწყობა შემექმნა და დაძაბულობის ფონზე ცოტა განმემუხტა ისინი. ამასთან, თვითრეალიზებაც მინდოდა, შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
- კონკურსში სიმღერაში არ გაგიმართლა, თუმცა წამყვანი კი გახდი...
- ვერ ვიტყვი, რომ სიმღერაში არ გამიმართლა, რადგან მაგ სიმღერით მივაღწიე ზუსტად წარმატებას. თუმცა ჟიურის აბსოლუტურად ვეთანხმები, მე ვერ გავქაჩავდი არა იმიტომ, რომ შესაძლებლობა არ მაქვს, შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს მაღალ დონეზე ავიდეს, თუნდაც ადაპტირების თვალსაზრისით. საქართველოში ზოგადად უნიჭიერესი ხალხი ცხოვრობს და ყოველი მეორე მაგრად მღერის. ჩემი მიზანი იყო, თუნდაც სიუჟეტი გასულიყო ჩემზე, რომ კიდევ ერთხელ მომეხსნა ჩემი მარტოობის შეგრძნება. უსინათლო ადამიანი მარტოა, თუ ფიზიკურად გვერდში ადამიანი არ ჰყავს და რაღაც სიახელეებიც მინდოდა ცხოვრებაში. თუმცა კონცერტებზე გამოსვლა არ მაკლდა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ოცნება შოუმენობა, წამყვანობა იყო, რადიოში, ან ტელევიზიაში. კი, ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, რომელიც ამიხდა. ამიტომ ჩემი სიყვარული და პატივისცემა ამ პროექტის ავტორებს. შევეცდები ყველაფერი გავაკეთო ლაივებზე, რაც შესაძლებელი იქნება.
გიორგი ხაბურზანია, "ნოვა ფროდაქშენზის" აღმასრულებელი პროდიუსერი:
- ჩვენი გუნდი პირველია, ვინც სატელევიზიო სივრცეში, გასართობი გადაცემების მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების აქტიური ჩართულობა დანერგა. მათ ისევე უნდა ჰქონოდათ წვდომა, როგორც სხვებს. ეს პრეცედენტი ჩვენ ჯერ კიდევ 2000 წელს შევქმენით, როცა "ვის უნდა 20 ათასში" სრული პროექტის ადაპტირება მოვახდინეთ საიმისოდ, რომ მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს შეძლებოდა მონაწილეობა. მერე იყო რეალითი თუ სხვა შოუები. მთავარი მიზანი იყო გასართობი შოუების ინკლუზიურობა და შშმ პირების ადაპტირება. ამის პიკი იყო სატელევიზიო პროექტი "ნიჭიერი", სადაც ყველაფერს ვაკეთებდით, რომ შშმ პირებს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად ყველა პირობა ჰქონოდათ. პროექტში თითქმის ყოველ სეზონზე, როგორც სრულუფლებიანი მონაწილეები, წარმოდგენილი გვყავდა ადამიანები სხვადასხვა ფიზიკური შეზღუდვით. პირველად ჩვენს მეგაშოუში სრულუფლებიან თანაწამყვანად ავიყვანეთ და პროფესიული კონტრაქტი გავუფორმეთ გიგო შიუკაშვილს, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი. სატელევიზიო სივრცის ადაპტირებამ გიგოსთვის კიდევ ერთი ახალი გზა გახსნა და დამკვიდრდა, როგორც "ნიუ ნორმალ". ჩვენ შშმ პირებს მივანიჭეთ საშუალება, რომ პროფესიონალურად ემუშავათ პრაიმთაიმში. ამან გაამართლა. ახლა კი, რახან საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესებს ემსახურება, ჩვენი ხედვა კი დაემთხვა მაუწყებლის მენეჯმენტის ხედვას, აქაც ვაპირებთ შშმ ადამიანების მაქსიმალურად ინტეგრირებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ნორმა, რომელსაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ.