კახეთი დედოფლისწყაროს ცენტრალური სტადიონის აღდგენა იწყება, რეაბილიტაცია წელსვე დასრულდება 2019, 9 იანვარი, 12:28 დედოფლისწყაროს ცენტრალური სტადიონის ძირეული რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. როგორც დედოფლისწყაროს სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა, აკაკი ნატროშვილმა განაცხადა, სტადიონი ევროკავშირის გრანტით 60 000 ევროთი დაფინანსდა და შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მისი თქმით, პროექტს თანადაფინანსებას გაუწევს დედოფლისწყაროს მერიაც. მოეწყობა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, მაყურებლის ტრიბუნები. შენობა კი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საშხაპეებით აღიჭურვება. „ნოემბრის თვეში უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. მცირე ტექნიკური დეტალები დარჩა და უახლოეს დღეებში უკვე გამოცხადდება ტენდერი, რომელმაც სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა გამოავლინოს. შემდეგ კი კომპანია დაიწყებს რეაბილიტაციის პროცესს. ვადები განსაზღვრულია და ცნობილია, რომ სტადონი წელსვე უნდა დასრულდეს და ჩაბარდეს. თუმცა, კომპანია მოედანს სამი წლის განმავლობაში გაუწევს მეთვალყურეობას და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა-აღდგენას მოახდენს. ძირითადი საფეხბურთო მოედნის გარდა, აქვე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, იქნება ტრენაჟორების კუთხეც. სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, მოინახულეს ადგილი და მოგვცეს რეკომენდაცია, რომ აუცილებელია შშმ პირებზე მორგებული გარემო შეიქმნას და მათთვის ცალკე საშხაპე მოვაწყოთ. თავდაპირველად ეს პროექტში გათვალისწინებული არ იყო, ამდენად, ახლა გავითვალისწინეთ ეს მოთხოვნა და პროექტის ჩასწორება უკვე დასრულდა, ამჯერად მერიასთან გავდივართ სამუშაო პროცესს, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი. მოგეხსენებათ 26 000 ლარის თანადაფინანსებას დედოფლისწყარო ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოახდენს. საუკეთესო შენობა იქნება, ექიმის და მსაჯების ოთახებიც მოეწყობა, “ - აცხადებს აკაკი ნატროშვილი. ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეკს ეპერი“ აფინანსებს. თუმცა, ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფის ვალდებულება მუნიციპალიტეტს ეკისრება. სწორედ ამიტომ, დედოფლისწყაროს სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრში აცხადებენ, რომ დედოფლისწყაროში შეგროვდა 2000 ხელმოწერა, რომლითაც მოქალაქეები ადასტურებენ მზაობას, რომ მოხალისეობრივად, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იმუშაონ და თავისი წვლილი შეიტანონ სტადიონის აღდგენის საქმეში. სპორტის ცენტრში განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროში ფეხბურთის განვითარებას მოედნის არარსებობა აფერხებდა. მას შემდეგ კი, რაც მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ცენტრალური მოედანი ექნება, მერია იზრუნებს, ადგილობრივი ფეხბურთის გუნდის გაძლიერებაზე იზრუნოს. დედოფლისწყაროში ცენტრალური სტადიონი 1959 წელს აშენდა, ათეულობით წელია მისი ინფრასტრუქტურა გაჩანაგებულია. ის სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს ისე მასპინძლობს, რომ არ გააჩნია მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამები, გასახდელები და ოთახები. 122 შეფასება არ არის
|